არქივი

Posts Tagged ‘დონორი’

სტენლი 17

ოქტომბერი 11, 2012 2 comments

გორდონ მელოუ, შუა ხნის სიმპატიური მამაკაცი, 2 შვილის მამა, გადასახადების გადამხდელი და სამაგალითო მოქალაქე, შუშის ვოლიერის წინ იდგა და დიდი ინტერესით ათვალიერებდა შიგ მდგარ დონორს, “სტენლი 17-ს.”
– გატყობთ, გეცოდებათ და უთანაგრძნობთ კიდეც – კლასიკური კომერციული ღიმილით მიმართა კორპორატიულ უნიფორმაზე გადაცმულ თეთრ ხალათში გამოწყობილმა ლამაზმა გოგონამ. – როგორ მოგმართოთ სერ?
– მელოუ, გორდონ მელოუ – ისე უპასუხა არც შეუხედავს.
– სიასიამოვნოა მისტერ მელოუ, მე კეტლინი ვარ, რით შემიძლია გემსახუროთ?
– მადლობა, უბრალოდ ვათვალიერებ.
– თუ ხელს არ შეგიძლით პროდუქტის შესახებ გიამბობთ, როგორც ვხედავ დიდი ინტერესით ათვალიერებთ.
გორდონმა კვლავაც არ გამოხედა კონსულტანტ გოგონას და პასუხის ნიშნად მხრები აიჩეჩა.
– ეს დონორი “სტენლის” სერიიდან არის მეჩვიდემეტე ნომერი. ამ სერიიდან, აქამდე, ანუ ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 16 გაიყიდა. “სტენლის” სერია ძალიან პოპულარულია და საკმაოდ ძვირიცაა, შეატყობდით ფასზე. მეჩვიდმეტე ყველაზე ძვირიანია რაც აქამდე გვქონია.
– გყოლიათ!
გორდონის რეპლიკაზე გოგონას გაეღიმა, როგორც ჩანს მას აქამდეც მოესმინა თანაგრძნობით აღსავსე ადამიანის მსგავსი შენიშვნები. თუმცა, მის ღიმილში სიტუაციის ნაცნობობაზე უფრო სიამოვნება იგრნობოდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მისტერ მელოუს მსგავსი, თანაგრძნობით და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით დანაშაულის გრძნობით აღსავსე ადამიანები ყველაზე საუკეთესო და ძვირიან პროდუქტებს ყიდულობდნენ. მათთან მუშაობისას, ქეთლინი, გაყიდვის სხვა სტრატეგიას არჩევდა. ის, ჯერ უყვებოდა პროდუქტის წარმომავლობის შესახებ, შიგა და შიგ ხარისხზეც ჩააგდებდა რამდენიმე სიტყვას, ბოლოს კი კლიენტს ფრთხილად და აუჩქარებლად არწმუნებდა, რომ მისი ყიდვით და გამოყენებით კარგ საქმეს აკეთებდა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე დონორისთვის.
– მეჩვიდმეტე…
– სტენლი – მკაცრად გამოხედა გორდონმა, მის თვალებში ზიზღი და ბრაზი ირეოდა – ის ადამიანია, თქვენსავით და ჩემსავით, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა!
– თქვენ წარმოიდგინეთ და გაუმართლა, სერ.
– რა ბრძანეთ? – კლიენტის გაოცებულ თვალებსა და მოულოდნელობით აღსავსე შეკითხვას კეტლინმა კვლავ საუცხოოდ კომერციული ღიმილი დაახვედრა.
– დიახ! სტენლის ძალიან გაუმართლა, სერ. ის, ისევე როგორც მისი ყველა კოლეგა დონორი, მესამე სამყაროს ქვეყნიდან არის წარმოშობით. თქვენ კი, მე გატყობთ, საუცხოოდ განათლებულ და ერუდირებულ ჯენლტმენს ჩემზე კარგად გეცოდინებათ, თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩვენს ეპოქაში. ჩვენმა კორპორაციამ სტენლი და მისი ოჯახი, რამდენიმე წლის წინ გადაარჩინა გაუსაძლის პირობებს. თქვენ ალბათ არ იცით, სერ, რომ დონორების ოჯახები, მას შემდეგ რაც პროდუქტი გაიყიდება თანხის 75%-ს იღებენ. ეს ბიზნესი ყველსათვის კარგია, სერ. რომ არა ჩვენი და რა თქმა უნდა თქვენი სურვილი, დონორები და მათი ოჯახები განადგურდებოდნენ და დაიხოცებოდნენ, ისევე როგორც მათი წინამორბედი მილიონობით ადამიანი. თქვენ კარგად იცით, რა საშინელი მდგომარეობაა მესამე სამყაროს ქვეყნებში, შიმშილი, ომები, გენოციდი, ორგანოებით ვაჭრობის შავი ბაზარი, რომლის შედეგადაც დონორი იღუპება და მისი ოჯახიც ვერაფერს იღებს. ჩვენ და თქვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ სერ, ჩვენ მათ ცხოვრება გავუადვილეთ.
– მე არაფერ შუაში ვარ და ტყუილად ცდილობთ, რომ მეც გამრიოთ ამ სიბინძურეში რასაც თქვენ და თქვენნაირები აკეთებენ. თქვენ კაცობრიობის დეგრადირებას უწყობთ ხელს!
კეტლინი მიხვდა, რომ ეს კონკრეტული კლიენტი ყველაზე რთული იქნებოდა მის პრაქტიკაში, თუმცა, ის საუკეთესო გამყიდველი იყო კომპანიაში და გორდონი, უბრალოდ, კიდევ ერთი გამოწვევა იყო მისთვის.
– წამობრძანდით სერ, სხვა დონორებსაც დაგათვალიერებინებთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენს საქმეში არანაირ სიბინძურეს არ აქვს ადგილი.
გორდონი მორჩილად გაყვა, თუმცა, გონებაში მკაცრად გადაწყვიტა, რომ ამ საშინალდ უნამუსო გოგონას მარკეტინგულ ფანდებზე არ წამოეგებოდა. თავის მხრივ, კეტლინმა გორდონის მორჩილება და სხვა დონორებით დაინტერესება გამარჯვებისკენ გადაგმულ ნაბიჯად შეაფასა.
– აი, ეს მოდელები, სერიიდან “ჯერემი” ყველზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია, სწორედ ამიტომ არის მათი სერიული ნომრები 511 208 და ზემოთ. ისინი სისხლის დონორები არიან. იმის მიუხედავად, რომ მათი ფასი ძალიან დაბალია და გაყიდვებიდან კომპანიას არანაირი შემოსავალი არ რჩება, ჩვენ მაინც გამოგვაქვს ბაზარზე “ჯერემის” სერია, ისინი ოჯახებთან ერთად ჩამოგვყავს ჩვენთან და გაყიდვიდან მიღებული თანხის 75%-ს, როგორც გითხარი, სწორედ მათ გადავცემთ. “ჯერემის” მოდელები მოხუცებულობის ასაკამდე იცხოვრებენ ბენეფიციართა ოჯახებში, მათ აქვთ კარგი პირობები, მათ პატივს სცემენ, ჩვეულებრივი ოჯახის წევრებივით ექცევიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარი ოჯახები მათ შვებულებასაც აძლევენ, თავიანთ ნამდვილ ოჯახებში უშვებენ რამდენიმე კვირით ან თვით, და თქვენ წარმოიდგინეთ, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებსაც კი უნაზღაურებენ. – კეტლინი გაჩუმდა, პოტენციური კლიენტის რექაციას დაელოდა. მისტერ მელოუ ჩუმად იდგა ვოლიერთან და “ჯერემის” სერიის დონორებს ათვალირებდა. კეტლინმა მისი სიჩუმე გაგრძელების სიგნალად მიიღო. – ჩვენი სოციალური აგენტები, თვეში ორჯერ აკითხავენ დონორებს ბენეფიციართა სახლებში, ჩვენი სოციალური განყოფილების დეპარტამენტი მთელს კონტინენტს ფარავს და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყავს დონორები. თუ ბენეფიციარი ოჯახი დონორს ცუდად ექცევა, ჩვენ მათთან კონტრაქტს ვწვყეტთ და თანხის ანაზღაურების გარეშე მოგვყავს უკან. რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ, დონორი კვალვ გამოდის ბაზარზე და ახალ, უკეთეს ოჯახში ხვდება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება, ჩვენი არსებობის 25 წლის მანძილზე მხოლოდ 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმდენად მცირე ციფრია, რომ ერთი პერიოდი კორპორაცია სოციალური განყოფილებისთვის მასშტაბების შემცირებასაც და საბოლოო ჯამში გაუქმებასაც აპირებდა. თუმცა, ეს მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონი ჩვენს კომპანიას დონორებისთვის ასეთი სერვისის მიწოდებას და მათ დაცვას არ ავალდებულებს, ჩვენ, ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე ვიცავთ მათ უფლებებს და ცხოვრების საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ. გარდა ამისა არის დონორთა და ბენეფიციართა კლუბები, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ თქვენს დონორთან ერთად, სხვა ოჯახებთან იმეგობროთ, თქვენი დონორები ერთმანეთს გააცნოთ, სოციალიზაციას შეუწყოთ ხელი, შეხვდეთ დონორ-ბენეფიციარის ფსიქოთერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური პრობლემებისა და დაბრკოლებების გადაჭრაში. აი, ასეთ სამაჯურსაც გაჩუქებთ, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ დონორს და მის ოჯახს ახალი სიცოცხლე და უზრუნველი არსებობა აჩუქეთ.
– არ ვიცი, თქვენ ახლა ისე ხატავთ ყველაფერს, რომ იდეალურობამდე ცოტა უკლია, ნუ, პრინციპში, აღარც არაფერი უკლია. მაგრამ, ჩვენ რომ მათ ვკლავთ?
– არ ვკლავთ… ისინი ამისთვის არიან გაჩენილები სერ. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მათი სიცოცხლე ახლა უფრო ძვირფასია, ვიდრე ეს აქმდე იყო. სამწუხაროა, რომ კაცობრიობა აქმდე მივიდა, მაგრამ “დონორთა” პროგრამის გაჩენამდე ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იღუპებოდნენ, როგორც უკვე მოგახსენეთ. ახლა მათ აქვთ შანსი თავიანთი სიცოცხლე გაწირონ და სამაგიეროდ მათი ოჯახები და მომავალი თაობა უკეთეს პირობებში აცხოვრონ. მაგალითად, ჯერემის სერიიდან გაყიდული დონორებიდან 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 3000-მდე მათგანი დაიღუპა და ისიც იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებები განუვთარდათ დროთა განმავლობაში. ცხადია ამ რიცხვში ბუნებრივი, ანუ ასაკობრივი სიკვდილი არ აღირიცხება და მე თუ მკითხავთ არც ეს 3000 უნდა ითვლებოდეს ფატალურ სტატისტიკაში, დაავადებებით გარდაცვალებაც ბუნებრივი მოვლენაა, დამეთანხმებით ალბათ. “სტენლის” სერიიდან კი მხოლოდ ერთი დონორი გარდაიცვალა, ისიც იმიტომ რომ როდესაც ბენეფიციარმა მისი გული გადაინერგა, დონორს არ გაუმართლა და სინთეთიკური გული წუნიანი აღმოჩნდა. ამ პროდუქტის უკუჩვენებები კი თქვენც იცით, მხოლოდ 24 საათის შემდეგ იჩენს თავს და ისიც იმდენად უცებ, რომ ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია.
– სტენლი გულის დონორია?
– სტენლი ყველაფრის დონორია სერ, ეს არის საუკეთესო ჯანმრთელობის მქონდე პროდუქტი, რომელსაც გენეტიკური გამოკვლევა უტარდება და შანსი, იმისა რომ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება შეეყაროს მხოლოდ 1%-ია. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, უფრო სწორად კეთილი რჩევა, სერ, გულის დონორისთვის, უილიამის სერიას გირჩევთ, ძალიან ძლიერი დონორია ამ კუთხით. სტენლი უფრო უნივერსალია, რომლის ერთჯერადად გამოყენებას მე პირადად რეკომენდაციას ვერ მივცემ, ღმერთია მოწმე, ეს ფუჭი ინვესტიცია იქნება. სტენლი კარგია თირკმელის, კუჭის, თვალის, ფილტვის გადასანერგად, სისხლის დონორად, ან ტვინის, ძვლის და კუნთოვანი ქსოვილისთვის, თუ გნებავთ კანიც. გული ეს უკვე რადიკალური ნაბიჯია, ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა ფორს-მაჟორული სიტუაციით იქნა გამოწვეული. ბენეფიციარს ტრანსპლანტაცია მოულოდნელად დასჭირდა და უილიამის ტრანსპორტაცია ფიზიკურად ვერ ესწრებოდა, სოწრედ ამიტომ მიიღეს ეს რადიკალური გადაწყვეტილება.
– ტვინის ქსოვილის გადანერგვა ახსენეთ და მაგ შემთხვევაში არ იღუპება?
– არა, ამ შემთხვევაში გონებრივი ჩამორჩენილობა ვითარდება ან უარეს შემთხვევაში კომა, თუმცა ორგანოების სიცოცხლის უნარიანობა ბოლომდეა შენარჩუნებული.
– რა სისასტიკეა – დანანებით მიუგო გორდონმა.
ბოლო გაბრძოლება, ღმერთო რა სიყალბეა, კეტლინმა საკუთარ თავს შენიშვნაც მისცა, ეს ყველაზე რთულ კლიენტად როგორ აღიქვიო. შინაგანი კონფლიქტის ქარცეცხლში გახვეულ მამაკაცს ფიქრებიდან გამორკვევა აღარ აცალა და მის მანკიერ მხარეს, მარკეტინგული იარაღის ბოლო დარტყმა მიაშველა:
– ნება მიბოძეთ გკითხოთ, შვილი?
გორდონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მეუღლე? – თანაგრძნობით ჩაეკითხა კეტლინი.
– მე – მიუგო გორდონმა და ცალყბად გაუღიმა.
– თქვენ?
– დიახ. ფილტვის კიბო მაქვს, რომელიც უკვე მთელს მუცლის ღრუს მოედო. ტრანსპლანტაციის ვადა ხვალამდეა, შემდეგ უკვე დაგვიანდება. უჯრედული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ხვალ მეტასტაზებს თავის ტვინში გადაისვრის.
კეტლინი ხმა ამოუღებლად უსმენდა. კლიენტის ემოციური გახსნილობა ბოლო სტადია იყო. ახლა მხოლოდ სიჩუმე, მოსმენა და თანაგრძნობა იყო საჭირო.
– არადა მხოლოდ 43 წლის ვარ, წარმოგიდგენიათ? – ისე გაუღიმა, თითქოს მის წინ 43 განვლილი წელი იდგა, რომელსაც ღირებული არაფერი ემოსა.
– მაშ 75%-ი ოჯახს გადაეცემა?
– დიახ.
– იცით რას ვფიქრობ? გულწრფელად მოგახსენებთ.
– ბრძანეთ.
– მე ხვალ ბოლო შანსს დავკარგავ გადარჩენის. სტენლის კი სავარაუდოდ ისეთი ადამიანი იყიდის, რომელსაც უკვე ყველაფერი ფეხებზე კიდია და მისთვის მთავარია თავისი წარმატებული და უდარდელი ცხოვრება კიდევ ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოს. ჩემთვის კი სტენლი კიდევ ერთი შანსია ყველა შეცდომის გამოსასწორებლად. განა ამ შანსს ყველა იღებს?
– სამწუხაროდ ვერა.
– ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება, სტენლის, მისი ოჯახის და ჩემი თავის წინაშე.
– ალბათ.
გორდონმა მძიმედ ამოისუნთქა, კომერციული სევდით აღსავსე გოგონას მიუტრიალდა და თავდაჯერებული ტონით იკითხა:
– საფასურში ადგილზე მიტანაც შედის?

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები: