Archive

Archive for ნოემბერი, 2016

ეგზორციზმი

ბუხრის წინ ვიჯექი, ნაკვერჩხალს მივჩერებოდი და ჩემს თვალებში მოცურავე წითელ ლაქებს ვაკვირდებოდი, როცა კარების ხმა გავიგე.

– თამარ! – მამაჩემი იყო. არ განვძრეულვარ, მხოლოდ თავი მივატრიალე მისკენ და სახეზე მოლივლივე წითელ ლაქებს დავაკვირდი. ვცდილობდი, ორი ყველაზე დიდი ლაქა მის ქუთუთოებამდე მიმეცურებინა და თვალებზე დამესვა.

– რა ქენით? – დედაჩემი შეწუხებული სახით იდგა საკუჭნაოს კარებთან და ხელში წათხიდან ახალამოღებული ყველით სავსე გობი ეჭირა. ვიდრე მამაჩემი პასუხს გასცემდა მაგიდასთან მივიდა და ჯამი დადგა.

– ეს ხვალ უნდა გავატანო ბაზარში ნათელას.

– ვერაფერი, მოკვდა ალბათ, რამე ნადირი შეჭამდა ან სადმე გადაიჩეხებოდა, – გასავათებული მამაჩემი სკამზე ჩამოჯდა და ტალახიანი ჩექმები ძლივსძლივობით გაიხადა.

– ყველა წამოხვედით?

– არა, ყველა ვერ წამოვიდოდით, შეწუხებულია სოსო, მარინაც ძლივს გავუშვით სახლში. ვეუბნები, წადით, დაისვენეთ, მოვძებნით, ვიპოვით. სანამ დაღლილობისგან გული არ წაუვიდა, მანამდე ვერ დავარწმუნე. მეთქი, ბავშვს სახლში ხო უნდა დახვდე ცოცხალი ან საჭმელი გაუკეთე, ან რაღაცა, რო მოვიყვანთ ისეთი მოშიებული იქნება, ცოდოა-მეთქი. დამიჯერა. სოსო ვერაფრით ვერ გავუშვი. სანამ ჩემი შვილის ამბავს არ გავიგებ,  ვერსად ვერ წავალო.

– ძაღლებმა ვერ აიღეს სუნი?

– არა, რას აიღებდნენ, ეგენი მწყერზე ჰყავს დაგეშილი. მაჭამე რამე. ცოტას დავიძინებ და მერე გავალ ისევ, ბიჭები მელოდებიან.

დედაჩემმა ხმაამოუღებლად დაიწყო სუფრის გაშლა, ხანდახან ამოიხრებდა. მე რო ჩამივლიდა, სევდიანად გადმომხედავდა და ვიშვიშებდა.

– ხვალ სკოლა გაქვს? – გამომძახა მამაჩემმა, ისე რო არც ამოუხედავს. ჩექმები კუთხეში მიყარა და პასუხის მოლოდინით მომაშტერდა.

– კვირაა.

– კარგია. დილას ჩემთან ერთად წამოხვალ. ბავშვებსაც ჩამოუარე, ყველას. დაიარეთ, იქნება რამე იპოვოთ. რაღაცა თქვენი ადგილები ხო გაქვთ? შტაბები და სოროები და რაღაცები, არ ვიცი. იქნება სადმეა შემძვრალი.

– ვნახეთ უკვე. გუშინწინ. არსად არაა.

– არა უშავს კიდე ნახეთ. გაიფანტეთ, გაიშალეთ. შეიძლება შეშინებულია და ჰგონია, მამამისი დასჯის და იმალება.

– კარგი.

– გოგიტაც წაიყვანეთ.

– არ მინდა გოგიტა, დონდლოა და მერე მაგის დევნაში უნდა ვიყო მთელი დღე. მე წავალ რა. ვიცი ადგილები და ბიჭებსაც წავიყვან, არ მჭირდება გოგიტა. რახან უფროსია მარტო მაგიტომ ხო არ წავიყვან?

– კარგი, კარგი, – ზლაზვნით წამოდგა და კარისკენ წავიდა.

– ეს იყო სულ შენი ჭამა? მშიერი უნდა მოკვდე?

– მეყოფა, – ჩემკენ მოტრიალდა – დროზე დაწექი. რიჟრაჟზე უნდა გავიდეთ.

– დაისვენე ცოტა, კაცო, სამი დღე და ღამეა ენაგადმოგდებული ძაღლივით დაეთრევი აქეთ-იქით. იქნება გულმაც დაგარტყას, ჰა? – მიაკვნესა დედაჩემმა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

– თბილისიდან არ ჩამოდიან ძაღლებით?

ცალი მხარით მობრუნდა და პასუხად იმედგაცრუებულმა თავი გააქნია.

– მგონი არა. რეინჯერებს გამოვუშვებთო და რა ვიცი აბა. ისინიც არ ჩანან.

– ღმერთო შენ გადმოგვხედე. როდის უნდა ეშველოს ამ სოფელს და ამ რაიონს, მისდღემში ასეთი უპატრონო იყო.

მამაჩემმა კარი გაიხურა.

დედაჩემი ჩუმად ვიშვიშებდა, ხანდხან მე გადმომხედავდა და რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტებდა, მერე ღვთისმშობლის ხატს ახედავდა და “დედაო, შენ გადმოგვაფარე შენი კალთა,”-  ჩაიჩურჩულებდა ხოლმე.

წითელი ლაქები თვალებიდან გამიქრა.

ისევ ნაკვერჩხალს მივაშტერდი, უკვე ოდნავ განელებულიყო და ისე აღარ ღაჟღაჟებდა.

მთელი ღამე არ მძინებია.  დილას მამაჩემს უკვე ჩაცმული და გამზადებული დავხვდი.

შავი რეზინის ბოტები მეცვა, წალდი მხარზე გადებული და წყალი ბოთლით.

მამაჩემმა უხმოდ ჩამიარა და თავზე გადამისვა ხელი. თან მომეფერა და თან თითქოს შემაქო, ყოჩაღ, უკვე დიდი ბიჭი ხარო.

– რატო არ მოდიან თბილისიდან? – სოფლის გზაზე მშვიდად და  ცანცარის გარეშე მივყვებოდი, მხარზე წალდშემოდებული და დაკაცებული.

– არ ვიცი, შვილო. მე რა ვიცი. არჩევნები თუ არაა, ისე აქ არავინ ჩამოდის. რა მაშველები და რა ძაღლები, ვერა ხედავ პატრულის მანქანაც სამ დღეში ერთხელ ჩაივლის ხოლმე, თელაველი ბიჭები? ოდითგანვე ეგრე იყო. აი, კომუნისტებისას თუ ვინმეს მოშორება და მოყუჩება უნდოდათ აქ უშვებდნენ რაიკომის მდივნად. იჯექი შენთვის ჩუმად ნაკრძალში, ჭამე კალმახი და სვი ღვინოო. ფული აქ არ იშოვებოდა და არაფერი. იყო ქეიფი და დროსტარება მუდამდღე. არც არაფერი შეცვლილა იმის მერე. სიმინდი რო სიმინდია, ისიც კი ყველაზე იაფია ჩვენში. იქნება და ვინმემ წაიღოსო. აქ ვინ ჩამოვა, შვილო. აქ ვის რა დაკარგვია,  ყველა გაქცევაზეა.

– აბა როგორ უნდა ვიპოვოთ?

– ვიპოვით.

– როგორ?

– დავივლით ყველა კუთხე-კუჭულს და ვნახავთ სადმე.

– აბა ნადირმა შეჭამაო?

– შეიძლება-მეთქი. თუ ნადირი დაესხა თავს, სისხლის კვალს მაინც ვნახავთ ან ძვლებს მაინც ვიპოვით. მონადირეებიც ეძებენ, მეცხვარეებიც გაფრთხილებული არიან და მენახირეებიც. თუ სადმე რამე გამოჩნდა, მაშინათვე შეგვატობინებენ. შენ არ იდარდო მაგაზე. შენ ბიჭებს მიხედე და დაიარეთ. თქვენზე კარგად ეს ტყე-ღრე არავინ იცის.

– იქნება ეშმაკებმა წაიყვანეს?

– ვინ? – მამაჩემი გაოგნებული მიყურებდა.

– ეშმაკებმა.

– რას ამბობ?

– ჰო, აიღეს და წაიყვანეს ჯოჯოხეთში, სახლში.

– ვის სახლში, შვილო, რას ამბობ?

– თავის სახლში. მაგას ხო ეშმაკი ჰყავდა შესახლებული.

გაოგნებული მამამაჩემი რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. ამათვლიერ-ჩამათვალიერა. თითქოს ფიქრობდა, ეს ბავშვი გაგიჟდა  თუ უაზროდ  ხუმრობსო.

– ვინ გითხრა, შვილო, ეგა?

– მამაომ.

– რა გითხრა?

– ეშმაკი ჰყავს მაგას  ჩასახლებული და იმიტომაა ეგეთიო.

– როდის გითხრა?

– ერთი ორი კვირის წინ. ეკლესიის კიბებზე ვისხედით. ფსალმუნები ისწავლე, ისაო ესაო, სტიქარი უნდა ჩაგაცვა და მერე მნათე უნდა გახდეო. იქნება დიაკვანიც გამოხვიდე მერეო.

– მერე?

– მერე სოსო ძიამ და ვაჟიკომ ჩამოიარეს. რა ჭირს მეთქი ამას? ძალიან მეცოდება-მეთქი.

– მერე?

– ნუ გეცოდებაო. მაგასო ეშმაკი ჰყავს ჩასახლებული, იმიტომაა ეგეთიო. ბაბუამისს ხალხი ჰყავს გამწარებული და ღმერთმა დასაჯაო. სოსოც არ მოდის ჩვენთან და არ ინანიებსო. დაწყევლილი ოჯახიაო.

– ვახ, შვილო, – მამაჩემს გაბრაზება შეეტყო. ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია. – ახლა მაგის დრო არაა. მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. მამაოსაც მე დაველპარაკები.

– არ ეჩხუბო, რა, მამა! მერე მაგის გამო რო ღმერთმა დაგსაჯოს და ჩემი შვილი რო ვაჟიკოსნაირი გამოდგეს?

– შენ არ იდარდო მაგაზე, – შუბლზე მაკოცა და თავზე ხელი გადამისვა. არ მესიამოვნა. ბავშვივით მომეფერა და მანუგეშა. – მიდი გადადი უკვე, ბიჭები გამოიყვანე. მე ქვემოთ ვიქნები სანახიროზე, იქ ამოდით ყველა. დროზე ქენით ოღონდაც, თქვენ დაუკვალიანებლად იქიდან ვერ წავალთ და ტყუილად არ დაგვაყუდოთ.

მამაჩემი გზას პირდაპირ გაუყვა. მე მარჯვნივ გადავუხვიე. გზაჯვარედინზე დიდი ქვა ეგდო. ადრე, ზღაპრები როცა მიყვარდა, ამ ქვაზე ცარცით რაღაცებს ვაწერდი. “აქეთ წახვალ ბედს ეწევი, იქით წახვალ მოკვდები”… მერე იქითაუბნელები ამოვიდნენ მამაჩემთან. დაგვანებოს ამ ბავშვმა თავი, სახლში ვეღარ მივსულვარ იმის შიშით, რო არ მოვკდეთ და რამე არ გვეწიოსო. ყოველ ავლა-ჩავლაზე პირჯვარს იწერდნენ და ისე შლიდნენ. მეც ჯიუტად ყოველ დილას სკოლის გზაზე ფერადი ცარცით მივაწერდი ხოლმე ახლიდან და არხეინად მივუყვებოდი გზას. ბავშვებს არ ვაშლევინებდი, დაშინებული მყავდნენ,  თუ წაშლით ხელი გაგიხმებათ-მეთქი. ორშაბათ დღეს ვარ დაბადებული და ჩემი წყევლა ნამდვილია-მეთქი. ესენიც ლენჩებივით დამყვებოდნენ და ცდილობდნენ არ გავებრაზებინე, ვაიდა რამე ჯადო წამოგვაძახოსო. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და ხალხის წვალებასაც მოვეშვი და წყველით მუქარასაც. ზრდილობიანი ბავშვი გახდა, სალამს ვერ დაასწრებ და მშვიდობის თქმასო. ასე ამბობდნენ –  ასე იარა, იარა და ღმერთმა თავის სახლში მიიყვანა, სულიწმინდა გამოდივდა და გონება გაუნათაო.

გურამის ეზოს მივადექი.

წაიკითხე მეტი…

Advertisements
კატეგორიები:Front
%d bloggers like this: