ბნედა

ჩემი ძმა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძინებათ და არასოდეს აწუხებთ ე.წ. ინსომნია. არასოდეს წრიალებდა ლოგინში და არც არასოდეს უბოდიალია ღამით სიგარეტის მოსაწევად, მოსაფსმელად ან ფანჯარაში უაზროდ საყურებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იძინებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საშინლად ფრთხილი ძილი ჰქონდა და ერთ გაფაჩუნებაზეც კი შეიძლებოდა წამომხტარიყო და უცებ გამოფიხლებული გარკვეულიყო სიტუაციაში.

სწორედ, მომენტალური გამოფხიზლების უნარმა დამაეჭვა, როდესაც ის თავის ლოგინზე წამომჯდარი მიყურებდა და პანიკურად ღრიალებდა. “გასაგებია, რომ შეიძლება შეეშინდა, მაგრამ ხო მიცნო რომ მე ვარ?” ვფიქრობდი და თან ვცდილობდი დამემშვიდებინა.
– მე ვარ! ოე! რა დღეში ხარ? – როდესაც ჩემმა სიტყვებმა არ გაჭრა, გადავწყვიტე მისთვის ხელები ჩამეჭიდა, შემეჯანჯღარებინა და თუ ესეც არ უშველიდა, შემდეგ სილა გამეწნა. მაგრამ როდესაც მისკენ წავიწიე და შეხება ვცადე, თავში რაღაც უშველებელი მდრუზა, დარეტიანებულს ფეხი მკერდში ჩამაზილა და ღრიალით გავარდა ოთახის გასასვლელისკენ.
– სულ გამოგაყლევა ამ მოწევამ და სმამ! – მივაძახე კარებში, თუმცა ალბათ ვერც გაიგებდა, რადგან ისე მაგრად მეტკინა თავი რომ ძლივს ვლუღლუღებდი.
– ადექი, გადადი ცალკე რა, ხო ხედავ ყველა არანორმალურია ამ სახლში! – წამოდგომას ვცდილობდი და თან საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. ისე, რა უბედურება მინდოდა თავზე რო წამოვადექი ამ შუაღამისას? – დამავიწყდა, ისე ჩამარტყა თავში ამ კრეტინმა.

მამაჩემი ფოხანის ამარა შემოვარდა ოთახში, შუქი აანთო და ადგილზე გაშეშდა. უკან დედაჩემი ედგა – ღამის პერანგში, ხოლო ჩემი ძმა, რომელსაც ცალ ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა და მეორეში – ჩაქუჩი, რაღაცას გაჰკიოდა.
– მიყურეთ ახლა! მომეშველეთ რომელიმე, ტვინის შერყევა მაქვს მგონი! – ცოტა უხეშად მომივიდა. საერთოდ, არ მიყვარდა, როცა ჩემებს უხეშად ველაპარაკებოდი, მაგრამ გაშტერებულები იდგნენ და მიყურებდნენ როგორ ვეგდე თავგატეხილი შუა ოთახში. – ყველამ ერთად გააფრინეთ? – პასუხს არ დავლოდებივარ, ისე დავიწყე წამოდგომა. ძალიან მეხვეოდა თავბრუ, თვალებშიც ნორმალურად ვერ ვიხედებოდი. დილით ადრე, წირპლიანი, სანამ სააბაზანოსთან მიხვალ და პირს დაიბან, ბუნდოვნად რომ ხედავ ყველაფერს, დაახლოებით მასე ვხედავდი. ის იყო ძლივძლივობით წელში გავიმართე, რომ ჩემი ძმა მომვარდა, ყელზე იატაკის ჯოხი მომადო და კედელს მიმაბჯინა. ეტყობა ძლიერადაც არ მიჭერდა, არ მტკიოდა და არც ვიხრჩობოდი.
– რა უბედურება ხდება? რა იყო? რა გჭირთ? – ვეკითხებოდი, თან ვცდილობდი ჯოხისთავის ხელი მომეკიდა და ყელიდან მომეშორებინა. მამაჩემი უცებ მოწყდა ადგილიდან და ჩემი ძმისკენ გაექანა.
– ძლივს, ვიღაცა აზრზე მოვიდა, დააწყნარე ეს არანორმალური! – მაგრამ ჩემდა გასაკვირად მამაჩემმა ჩემს ძმას მის მიერ გაწოდებული ჩაქუჩი გამოართვა ხელიდან და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
– თავში… თავში… თავში… – ექოსავით ჩამესმა ჩემი ძმის ხმა, დანარჩენი სიტყვები ვერ გავარჩიე. მამაჩემმა ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
– თავში… თავში… თავში… – ყვიროდა ჩემი ძმა და თან ცდილობდა კედელთან უფრო ძლიერად მივებჯინე, რომ არ გავქცეულიყავი. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი, და აი, სწორედ ახლა, როცა მამაჩემმა თავს ზემოთ ჩაქუჩი აღმართა და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ჩამხედა თვალებში, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.
“ღმერთო, ალბათ რამე ჩამიყარეს ჩაიში, იმიტომაც არ მახსოვს, როგორ მოვედი ამ ოთახამდე, იმიტომ ვხედავ ყველაფერს თითქმის ბუნდოვნად და იმიტომაც არ მესმის არაფერი. მაგრამ რატომ მკლავენ, უბრალოდ ეთქვათ და წავიდოდი ჩემით.”
– პირიქით… პირიქით… პირიქით… – რაღაც დირექტივა გასცა ჩემმა ძმამ. მამაჩემმა ჩაქუჩი შემოატრიალა და ახლა უკვე წვეტიანი მხარით დამიმიზნა.
– არ… არ… არ… – დაიკივლა დედაჩემმა. მამაჩემს წინ გადაუდგა და რაღაც ჩემთვის გაურკვეველი წინადადებები წარმოთქვა.
– არა არის ეს შენი შვილი! – ღმერთო, რა საოცარი ზიზღითა და სასოწრაკვეთით წარმოთქვა ჩემმა ძმამ ეს სიტყვები და ბედის მუხანათობით, ალბათ, სწორედ იმ წამიერად შეწყვიტა საწამლავმა მოქმედება და ყველა სიტყვა გავიგე.
– დედა – ჯოხს ხელები გავუშვი და მისკენ გავიშვირე, იმის იმედად, რომ ამ ადამიანს კიდევ ჰქონდა შერჩენილი რაღაც გრძნობა და საღი აზროვნება და იქნება გადავერჩინე.
მერე რა მოხდა უცებ ვეღარ გავერკვიე, დედაჩემმა ოდნავ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და ცრემლიანი თვალებით ჩამხედა თვალებში. ჩემმა ძმამ იატაკის ჯოხი ოდნავ მოადუნა, დედაჩემს ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა.

მე ისევ ძირს ვეგდე, დარეტიანებული. ოთახის მეორე ბოლოში კედელთან მიყუდებული დედაჩემი ტიროდა. მამაჩემს ხელში სისხლიანი პირსახოცი ეჭირა და არტერიაზე ძლიერად აჭერდა, ჩემი ძმა კი ისტერიულად დარბოდა აქეთ-იქით, უჯრებიდან მაისურებს, ნაჭრებს, ყველაფერს ერთად იღებდა და მამაჩემს აწვდიდა, ის კი ცდილობდა დედაჩემისთვის სისხლდენა შეეჩერებინა.

– დედა! – ხელს ვიშვერ მისკენ. ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და საშინლად მეტირება. ეტყობა ვერ აპატიეს, ბოლომდე რომ ვერ გამწირა და ჩემთვის მოქნეული ჩაქუჩი მამაჩემმა პირდაპირ მას ჩაარტყა. თან ეტყობა იმდენად ძლიერად, თანაც ყელში, რომ არტერია გაუსკდა. “რამ გადარიათ, ღმერთო! უბრალოდ ეთქვათ და წავიდოდი ჩემით.”
– დედა! – ვცდილობდი წამოვწეულიყავი და მისკენ წავსულიყავი. მივეშველებოდი. “ნეტა სასწრაფოში თუ დარეკეს. იმედია არ შეეშინდათ პოლიციის და დაპატიმრების და ბოლომდე არ გაწირავენ.” თუმცა, ამათ ვერ ვენდობოდი. იქვე გვერდით ჩემი ძმის ტელეფონი ეგდო, დარჩენილი ძალ-ღონე მოვიკრიბე და გადავიწიე, სულ ცოტაც, თითქმის მივწვდი!

და მერე ყველაფერი დამთავრდება! ეს ორი შიზოიდი წავა ციხეში, მე და დედაჩემი კი ნორმალურ ცხოვრებას გავაგრძელებთ, შეიძლება ფსიქოლოგთან დაგვჭირდეს სიარული ცოტა ხანს. მე ალბათ სერიოზულ გვერდით მოვლენებს დამიტოვებს ეს საწამლავი, შეიძლება დავბრმავდე, სმენა დავკარგო ან საერთოდ დამბლა დამეცეს, მაგრამ ახლა მთავარია გადავრჩეთ! სულ ცოტაც, სულ რამდენიმე სანტიმეტრი.

ჩემი ფაფხურის ხმს ჩემს ძმას ყურში მოხვდა, ზიზღით და სიძულვილით აღსავსე თვალებით შემომხედა. უცებ წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ.

– მოკვდი… მოკვდი… მოკვდი… – წიხლი პირდაპირ სახეში ამომარტყა.

ტელეფონამდე ახლა ორი მეტრია, ალბათ ვერასოდეს მივაღწევ იქამდე დროულად. ალბათ დაელოდებიან დედაჩემი როდის დაიცლება სისხლისგან, მერე მე მომიღებენ ბოლოს. ყველაფერს ისე დადგამენ თითქოს მე გავგიჟდი და დედაჩემი მოვკალი. მოტივად დაასახელებენ იმას, რომ თითქოს გამიმხილეს, ნაშვილები რომ ვარ. სუსტი ფსიქიკის მქონემ ეს სტრესი ვერ გადავიტანე და გადავწყტივე ჩემი მშვილებელი ოჯახი ამომეწყვიტა. ძმამ და მამამ კი დროულად მომისწრეს.

“მაგრამ ამას როგორ ახსნიან, რომ ეს ყველაფერი ჩემი ძმის ოთახში მოხდა? გვამებს გადაიტანენ. ყველაფერს აწმენდენ ნელა, აუჩქარებლად და მშვიდად. ცივსისხლიანი მკვლელებივით. ახლაც სწორედ ამიტომ მოსთქვამენ ბოლო ხმაზე, ემოციებისგან იცლებიან. არა, მაინც რამ გააგიჟათ? ეთქვათ და წავიდოდი თვითონ.”

– რატომ? – იქნება ახლა მაინც გამცენ პასუხი, დასაკარგი რა არის? მაინც მკლავენ.
ჩემი ძმა ცალ მუხლზე დაჩოქილი ეფერებოდა დედაჩემს და გულამოსკვნილი ტიროდა. ხმა არ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი, ბუნდოვნად, როგორ კანკალებდა ტირილისგან. მამაჩემს ხელში მისი ხელი ეჭირა და რაღაცას ბუტბუტებდა!
– რამდენიც არ უნდა ილოცო, მამაჩემო, ამას არც ერთი ღმერთი არ გაპატიებს! – უკვე ვგრძნობდი, რომ ვხროტინებდი და ალბათ ვერ გაიგებდა ამ სიტყვებს. ჩემი ძმა დროდადრო სიძულვილით სავსე მზერას ისროდა ჩემკენ.

“რა უნდოდათ, ღმერთო. უბრალოდ ეთქვათ და წავიდოდი!”

დედაჩემმა სუნთქვა შეწყვიტა, რასაც მამაჩემის განწირული კივილი მოჰყვა. მისი ხელი სახეზე მიიდო და ფერება დაუწყო. რამდენი სიყალბეა ამ ყველაფერში, ვინმე მაინც ყოფილიყო იქ, პუბლიკაზე თამაშს რამე აზრი ექნებოდა.
– მძულხართ! – ვცდილობდი ბოლო ხმაზე მეყვირა და მთელი სამეზობლოსა და მთელი ქალაქისთვის გამეგებინებინა, რომ ამ სახლში მკვლელები ცხოვრობდნენ. მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი, რომ ალბათ ჩურჩული აღმომხდა მხოლოდ.
ჩემი ძმა მძიმედ წამოდა. კედელზე მიყუდებული იატაკის ჯოხი აიღო.
“რა უნდა? ისევ ჩემს მიხრჩობას ეცდება? იქნებ შემეშვათ, ჰა? სულ ცოტაც დარჩა ამ საწამლავს და ისედაც მოვკვდები”.
– მამა… მამა… მამა… – რაღაც ჩაიბუტბუტა და იატაკის ჯოხი მუხლზე გადაიმტვრია. მხარზე ხელი დაადო, მამაჩემიც ადგა და იქვე კედელთან ჩაიკეცა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

“ახლა მოდის აზრზე! იქნებ მე მაინც გადამარჩინოს! არავის არაფერს ვეტყვი, უბრალოდ ავდგები და წავალ ჩემთვის. ხანდახან მივალ ხოლმე დედაჩემის საფლავზე. თვალში არასდროს შეგეჩხირებით.”
ჩემი ძმა დედაჩემის გვამის წინ იდგა და ხელში იატახის გადატეხილი ჯოხი ეჭირა.
– უცებ… უცებ… უცებ… – თავის თავს გამოელაპარაკა. ელვის სისწრაფით აღმართა ეს ნაუცბათევად შექმნილი იარაღი.
“რას შვება? სულ გაგიჟდა ეს?” ან ფიქრის თავი აღარ მქონდა, ან ამათ ჰქონდათ რაღაც ისე დაგეგმილი, რომ ვერაფრით ჩავწვდი.
ჩემი ძმა რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა ხელში გადატეხილი იატაკის ჯოხაღმართული.
– არ შემიძლია… არ… არ… არ… – ამოილუღლუღა და მოცელილივით დაეცა მუხლებზე დედაჩემის გვამის წინ, რომელსაც ფერი უცნაურად შეცვლოდა და მკვეთრი ყვითელი გამხდარიყო. ოთახში ყველაფერი გაშეშებულიყო, სიჩუმეს მხოლოდ მამაჩემის პერიოდული ამოსლუკუნება და ჩემი ძმის მძიმე სუნთქვა არღვევდა.
მამაჩემმა ღრმად ამოისუნთქა, თვალები სახელოებით შეიმშრალა. ჯერ ჩემკენ გამოიხედა, შემდეგ ჩემს ძმას გახედა, რომელიც იატაკზე იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და რაღაც წერტილს მიშტერებოდა.
მამაჩემმა ერთიც ამოისუნთქა, თითქოს ძალა მოიკრიბაო და წამოდგა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემს ძმას. მის წინ ჩაიმუხლა, თავზე ხელი გადაუსვა და ხმადაბლა რაღაც უთხრა.
“ღმერთმანი, კარგად უგებთ მამა-შვილი ერთმანეთს!” ამის გაფიქრება იყო და დედაჩემმა მოულოდნელად თვალები გაახილა, ოთახს თვალი მოავლო და მე შემომხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა.
“ღმერთო, რა სჭირს?” შემზარავად გამოიყურებოდა. მისი კისრიდან ჯერ კიდევ ჟონავდა სისხლი, კანზე მკვეთრი, მწვანეშიგადამავალი ყვითელი ფერი ედო, თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა.
“უნდა დავეხმარო! სანამ ესენი აქ ლოცულობენ, უნდა ავდგე!” ძალიან ფრთხილად და ნელა წამოვდექი. უნდა მეჩქარა, მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი, რომ აუცილებლად დამიცდებოდა ფეხი ან ხელი და ძირს დავებერტყებოდი, ხმაურზე კი ჩემი მკვლელი ოჯახის წევრები გამოფხიზლდებოდნენ და საბოლოოდ მოგვიღებდნენ ბოლოს მე და დედაჩემს.
“ყოჩაღ, დედა! კარგად მოიმკვდარუნე თავი! მაგრამ ამ არანორმალურს მართლა რომ ჩაესო ის ჯოხი თავში მერე?”
ფეხზე დადგომა ძლივს ძლივობით შევძელი. “ახლა მთავარია, როგორმე მივუახლოვდე, მერე იმ ჯოხს ავიღებ და პირდაპირ სახეში შემოვალეწავ ჩემს ძმას. მამაჩემი ცოტა შოკირებულია და იქნება ძალიანაც არ იაქტიუროს. სანამ გამოერკვევა მაგასაც მოვუხერხებ რამეს.”
დედაჩემი უცნაურად ატრიალდება თავს, ხმის ამოღებას ცდილობდა და შემკენ იშვერდა ხელს, შემდეგ – მამაჩემისა და ჩემი ძმისკენ.
-“ვიცი დედა! მაცადე!”
ფეხებზე თითქოს ლოდები მეკიდა, ძალიან მიჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა. სამი ნაბიჯის დაშორებით კი დიდი სისხლის გუბე იდგა, რომელიც ალბათ დედაჩემის არტერიიდან დაიღვარა რამდენიმე წუთის წინ.
მოულოდნელად მამაჩემმა თავი წამოწია და პირდაპირ ჩემკენ გამოიხედა.
“ადგა… ადგა… ადგა…” – ჩემი ძმისკენ არც კი გაუხედავს, ძირს დაგდებულ იატაკის ჯოხს ხელი სტაცა და წამოდგა. ჩემი ძმაც მომენტალურად ამოუდგა გვერდში.
ამ წამიდან როლები შეიცვალა. ჩემი ძმა წაშლილი და სასოწარკვეთილი სახით იდგა მამაჩემის უკან, მამაჩემი კი ზიზღით სავსე თვალებითა და სახით მიყურებდა და ის- ის იყო ჯოხის ჩასარტყმელად წამოსვლა დააპირა, გარედან საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კივილის ხმა მოჰყვა და ბოლოს რამდენიმე ავტომატის ერთდროული ჯერი.
რამდენიმე წამით ყველა ფანჯარას მივაშტერდით.
ოთახში მდგარი სიჩუმე მამაჩემის განწირულმა ღრიალმა დაარღვია, რომელიც გარედან შემოსული მასობრივი ისტერიკისა და ბრბოს ყვირილის ხმას შეერია.
“მო… მო…მომაშორე!” – მამაჩემმა ძლიერად გაიქნა ფეხი, რომელზეც დედაჩემი იყო ჩაჭიდებული და საზარლად კბენდა.
“რას შვება ეს ქალი!”
დედაჩემი ძლიერად იყო ჩაჭიდებული მამაჩემის ფეხს და…
“არა, კი არ კბენს, ჭამს!”
მამაჩემმა ბოლო გაბრძოლებაღა მოახერხა, ფეხი ძლიერად მოიქნია, თან ჩემს ძმას დაეყრდნო, რომელმაც წონასწორობა ვეღარ დაიცვა და პირდაპირ ჩემ წინ, დედაჩემის სისხლის გუბეში მოადინა ზღართანი. მამაჩემი უკვე იატაკზე ეგდო და დედაჩემს, რომელმაც მას უკვე თითქმის მუხლამდე შემოაჭამა წვივი, სახეში მეორე ფეხს ურტყამდა და ცდილობდა მისგან თავი დაეხსნა.
არ ვიცი, ამ შემზარავ სურათს ვერ გავუძელი თუ რა იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს თავს რეტი დამესხა, თვალები დამიბნელდა და ცოტა ხნით გავითიშე, ბოლო რაც დავინახე, ჩემს ფეხებთან მოღოღებული, სისხლში ამოთხვრილი და შეშინებული ჩემი ძმის თვალები იყო.

აზრზე რომ მოვედი, ხელში რაღაც გაურკვეველი მასა მეჭირა. რაღაც გრძელი, ბუშტივით, ბოჭკოვანი რაღაცები. ვერ გავარჩიე. ცოტა რბილიც იყო. დედაჩემი კედელთან ეგდო, გაუნძრევლად, მხოლოდ მძიმედ ხროტინებდა, მამაჩემი იქვე ახლოს ჩამომჯდარიყო და ღრმად სუნთაქვდა. მის ფეხთან კიდევ ერთი სისხლის გუბე იდგა. ჭრილობის შეხვევა არც კი ეცადა, როგორც ჩანს ძალა აღარ ეყო, მუხლიდან ტერფამდე თითქმის მთელი ძვალი მოშიშვლებული ჰქონდა, ხოლო მისი ხორცის ნაგლეჯები იქვე იყო მიმოფანტული, დედაჩემის მხვნეშავ და გაყვითლებულ სახემდე.

“სრული საგიჟეთია!” რბილი და ბოჭკოვანი მასა ძირს მოვისროლე. თავს ძალიან ენერგიულად ვგრძნობდი. ამჯერად წამოდგომა არ გამჭირვებია, უცებ წამოვხტი და ძალიან მყარად დავდექი.
“ალბათ, ამდენ ადრენალინს გადაყვა ის საწამლავი და გადავრჩი!”
ახლა ჩემი ძმა უნდა მეპოვნა და დამება, გამეკავებინა ან გამეთიშა. “თუ უკვე არ გაიქცა!”
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემ წინ, იქ, სადაც მანამდე რბილი და ბოჭკოვანი მასა იყო, ჩემი ძმის გაყვითლებული სახე დავინახე. მუცლიდან ნაწლავები ჰქონდა გადმოყრილი, რომლებსაც ალაგ-ალაგ ეტყობოდა ნაკბეჩები. ჩემი ძმა, ვითომც აქ არაფერიო, ზლაზვნით წამოიწია, ნელ-ნელა წამოდგა, თვალებში ჩამხედა და მამაჩემისკენ მიტრიალდა, რომელიც ახლა უკვე ძალიან მძიმედ და იშვიათად სუნთაქვდა.
“რაც გინდათ ის გიქნიათ! მე წავედი!”
ოთახიდან გასვლამდე მამაჩემის ხროტინი მომესმა და რაღაც ჭყლაპუნის ხმა, ალბათ ჩემმა ძმამ მისი ჭრილობის შეხვევა დაიწყო და თან მის სისხლში დააბოტებდა.

ნელ-ნელა შემოსასვლელისკენ წავედი. ქუჩიდან და სადარბაზოდან კიდევ რაღაც ხმები ისმოდა. არ ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა, რა წიოკი იყო და რა სროლები, მაგრამ აქ დარჩენას ყველაფერი ჯობდა.
კარს მივუახლოვდი და ის იყო, უნდა გამეღო, რომ გარედან ვიღაცამ გამოაღო.
სახლში გაფითრებულ სახიანი ბიძაჩემი შემოვარდა, რომელსაც ხელში სისხლიანი ნაჯახი ეჭირა. ნორმალურად თვალის შევლება ვერ მოვასწარი. არც მას დავუნახივარ. შემოვარდა და დამეჯახა.
ჯერ მე წავიქეცი, შემდეგ კი ზემოდან ის დამეცა.
ალბათ თავი იატაკს დავარტყი, უცებ რეტი დამესხა და თვალთ დამიბნელდა.

Advertisements
კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:,
  1. დეკემბერი 6, 2013, 5:02 AM

    ox es walking dead-is gamodzaxili…

    • დეკემბერი 6, 2013, 12:09 PM

      მე ვიტყოდი: ოხ ეს ზომბი აპოკალიფსის თემა, რომელიც უკვე ბოლო 50 წელიწადია აქტუალურია ჯორჯ რომეროს წყალობით. მარა კაი, იყოს ვოქინ დედი :დ

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: