Archive

Posts Tagged ‘ღმერთი’

მამაო ჩვენო

ოქტომბერი 14, 2012 2 comments

– თომა!
პასუხი არ არის.
– თომა!
პასუხი არ არის.
– სად შეიყუჟა ეს ბავშვი, ამ წამს არ შემოვიდა სახლში? – დედა სწრაფი ნაბიჯით გაეშურა შვილის ოთახისკენ, კარი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შეღებული, რომ დაიწყო: -წამოდი, თორე გაგიცივდება ის საჭმელი… რა გჭირს? რა მოგივიდა?
ოთახში მდგარ თომას მივარდა, ჯერ დაკაწრული და დახეთქილი სახე შეუთვალიერა, მერე ხელები, ფეხები,დასისხლიანებული და დახეული პერანგი, შეატრიალა, შემოატრიალა.
– რა მოხდა? რა უბედურებაა ეს?
ასეთ მომენტებში დედები რატომ ყვირიან აუხსნელი მოვლენაა. შეიძლება გაბრაზებულები არიან, უმნიშვნელო იარების გამო ასე რომ ანერვიულეს ან საკუთარი შვილის ლავირების უნარით არიან უკმაყოფილონი, რომელმაც თავი ვერ აარიდა კონფლიქტს და თავი ასეთ მდგომაროებაში ჩაიგდო. შეიძლება ეს უმისამართო ბრაზიც კია, რომელიც მიმართულებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დამნაშავე გაირკვევა. შეიძლება ცხოვრებასა და სამყაროზე გაბრაზებაა, რომელშიც ძალადობა სუფევს და ეს ურთიერთობის ყველაზე მიღებული ფორმაა. გაბრაზების და ისტერიკის საპასუხოდ შვილები ჩუმად დგანან, დარცხვენილები უყურებენ დედას, სადმე ლოყაზე ან სხეულს იმ ნაწილზე, რომელზეც ჩახუტებისას თავს ადებენ ხოლმე. ამ მომენტში შვილები ახლიდან გადიან თავსგადამხდარ ეპიზოდს და ზუსტად იმავენაირად გრძნობენ ტკივილს, სიძულვილს, ბრაზს, ამპარტავნებას ან სიამოვნებას, როგორც ჩხუბის მომენტში. ისინი ამ დროს ყველაზე უმანკოები და სუსტები არიან, მათ თავისი საქციელისაც რცხვენიათ, მიუხედავად იმისა, დამნაშავენი იყვნენ თუ არა, და დედისაც, რომელიც მათ წინ დგას მუხლებზე და ზუსტად ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ჯვარზე გაკრული ქრისტეს შემხედვარე ღვთისმშობელს. ვინ იცის იქნება მარიამიც ბრაზობდა თავის შვილზე, რომელმაც თავი არ აარიდა ადამიანთა ბრბოებს და პირდაპირ ლომის ხახაში ამოყო თავი. იქნებ იდგა და ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ დარჩენილიყო ეგვიპტეში და ემიგრაციაში ეცხოვრათ მთელ ოჯახს, მე შენ გეტყვი იოსები სამსახურს ვერ იშოვიდა თუ დეპორტაციას გაუკეთებდნენ საბუთების უქონლობის გამო. და იქნებ იესოც ზუსტად ისევე დარცხვენილი უყურებდა დედამისს და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბოლოჯერ მაინც ჩახუტებოდა. ასეთ ღვთაებრივად უმანკო მომენტებს როგორც წესი მამები არღვევენ, რომლებიც ან მიწისძვრას ახდენენ და ტაძარში ფარდას ფხრეწენ, ან ოთახში შემობოდიალდებიან, თან სიგარეტის სუნს შემოიყოლებენ და იჭვნეულად იკითხავენ:
– რა ხდება?
– იჩხუბა, ალბათ – ცრემლნარევი ხმით უპასუხა მარიამმა, ამ შემთხვევაში თომას დედამ.
– მერე რა გატირებთ? ან ერთს, ან მეორეს? – მამებს სენტიმენტების არ სჯერათ, ხშირად, ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მამას, თომას მამას, იოსებს, დიდად არ უყვარდა სენტიმენტები. არადა ბიჭებს ძალიან უყვართ, როცა მამები ეხუტებიან, მხარზე ხელს უთათუნებენ და აქებენ. დედა სხვაა, დედა ეს არის ნავსაყუდელი, სადაც ბრძოლის შემდეგ მიდიხარ და ისვენებ, დედასთან ჩახუტება სახლში დაბრუნებას ჰგავს, ზუსტად რომ იცი ყველა კუთხე-კუნჭული და, ჰა-ჰა, მაქსიმუმ ახალი ნივთი აღმოაჩინო, რომელსაც ასე იშვიათად ყიდულობს დედა, ისევე -როგოროც ახალი ნაოჭი მის სახეზე.
მამა ეს ბრძოლის ყიჟინაა, სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც იარას გიშუშებს ბრძოლისას მოცელილს და ახლიდან გბერავს სულს.
– ვინ გცემა?
ო, ღმერთო, როგორ არ უყვართ შვილებს, როცა მათი გმირები, მათი მამები, მათ დამარცხებულად თვლიან. და სწორედ აქ, ამ დროს, ყველა შვილი დგება ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე. ისინი ან ტყდებიან და ბოლომდე დამარცხებულებად რჩებიან, თანაც ისე, რომ არც არასოდეს ცდილობენ გამარჯვებას და ბრძოლას, ან ბრაზის გზას ირჩევენ და მთელ ცხოვრებას იმის დამტკიცებაში ატარებენ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ბოლოს იმარჯვებენ, ამარცხებენ ყველას და მათ შორის საკუთარ თავებსაც და იმ მამებსაც, რომლებმაც ამ გზაჯვარედინზე დააყენეს.
– ანდა არ მიპასუხო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გცემა, შენი ტოლი იყო თუ უფროსი? თუ ვინმე დიდმა ბიჭმა გცემა მაშინ მითხარი.
– ჩემზე ძლიერია – თავდახრილმა უპასუხა, მისით იმედგაცრუებულ მამას, თან ელოდა როდის მორჩებოდა დედა მის ჭანჭყარს, რაც ტანსაცმლის გასწორების პროცესით იყო გამოწვეული. დედა კვლავ მუხლებზე იდგა და ვერც შვილს და ვერც ქმარს თვალებში ვერ უყურებდა, დარცხვენილი იყო. თითქოს, მისია, რომელიც მას დააკისრეს ჩაუვარდა. ვაჟკაცი, რომელიც სახლში დაუტოვეს აღსაზრდელად, ვერ აღზარდა ისე როგორც მამას უნდოდა. ბიჭებს უყვართ, როცა მათ მამებზე ამბებს უყვებიან, როდესაც ხედავენ, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სინამდვილეში დევგმირები არიან, მაგრამ მხოლოდ მაგალითები და ამბები არ კმარა, უშუალოდ მამებთან ურთიერთობა უნდათ. მერე რა რომ ხანდახან სუსტები არიან და უბრალოდ ნუგეში სჭირდებათ, გამარჯვებული არმიის გენერლებიც ხომ ანუგეშებენ და ეფერებიან თავიანთ რიგითებს?
– და რა გინდა? მე ვცემო? თუ იქნებ მის მშობლებს დავურეკო და დავაბეზღო? რას ნიშნავს ჩემზე ძლიერია, რითია შენზე ძლერი?
– მაღალია, უფრო დიდია, ჭიდაობაზე დადის და ხელებს მიგრეხს ხოლმე.
– ჰოდა, აიღე და ჩაარტყი თავში რამე. წიგნი ან ჩანთა, ან ბოლოს და ბოლოს კვერცხებში ამოსდე. მეორეჯერ ატირებული აღარ დაგინახო!
– ტანსაცმელშემოხეული?
აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში განვითარებული სარკასტულ-ირონიული იუმორი საბოლოო ჯამში ძალიან ძლიერი თავდაცვის იარაღად იქცევა ხოლმე და გარშემომყოფებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ იარაღის მფლობელი კი, როგორც ამერიკელები იტყვიან, მაიმუნს ჰგავს, რომელსაც ხელში სავსემჭიდიანი ავტომატი უჭირავს, აქეთ-იქით დარბის და არც მტერი იცის და არც მოყვარე.
– ტანსაცმელი არა უშავს, მთავარია, იმასაც შემოხეული ჰქონდეს. ახლა რო გიყურებ, დარწმუნებული ვარ, იმას ერთი ნაკაწრიც არ აქვს, ერთი ადგილიც კი არ ექნება გაწითლებული სხეულზე. ხელი მაინც თუ შეუბრუნე?
წაიკითხე მეტი…

Advertisements

მე, ღმერთი და დედაჩემი

“დედა, ახალ სამსახურში გადავედი.”

“მადლობა ღმერთს!” – ზედაც არ მიყურებს.

“დე, დამაწინაურეს.”

“მადლობა ღმერთს!” – იღიმის

“დე, ახალ პროექტს ვიწყებთ მე და ჩემი მეგობრები, ძალიან მაგარი იქნება, ყველა აქამდე გაკეთებულ მსგავს პროექტს ვაჯობებთ.”

“ღმერთმა ქნას!” – იმედიანად მიშტერებია რაღაც წერტილს.

“დე, კაი წელი მექნება და სადმე კაი ადგილას წავალ დასასვენებლად.”

“ღმერთმა გისმინოს!”

რამდენიმე დღის წინ, სამსახურიდან გამოვედი, ხელფასი ახალი ჩარიცხული იყო და ბანკომატიდან ჩვეულებისამებრ 50 ლარამდე ჯიბის ფული გამოვიტანე. საერთოდ ძლივს მივეჩვიე ბარათით გადახდას, პენსიონერივით ბანკომატიდან გამომქონდა და ისე დავდიოდი საყიდლებზე, სადლზე ან გასართობად. მერე ნელ–ნელა მივეჩვიე ბარათის ხმარებასაც, მაგრამ ეს ჩვევა მაინც შემომრჩა. გარეთ რომ გამოვედი შუახნის ქალი მომიახლოვდა, უფრო სწორად მომვარდა და პირდაპირ დაიწყო. ატირებული ხმით მომიყვა, როგორ გარდაეცვალა ქმარი 40 დღის წინ, როგორ აღარ აქვს აღარაფრის საშუალება და როგორ მოუვიდა გაზის ქვითარი და თუ ხვალამდე არ გადაიხდის აუცილებლად ჩაუჭრიან. ხელში ფურცელი მომაწონდა, მეგონა “მთავრობის კაცი” ვეგონე და განცხადებას, თხოვნას ან რამე მსგავსს მაწვდიდა, ქვითარი იყო.

“რით დაგეხმაროთ ქალბატონო?”

“არ ვიცი შვილო, მხოლოდ 6 ლარი მაქვს, არ ვიცი, მამა მარკოზთან მივიდვარ ახლა იქნება რამე მიშვლოს.”

ძნელია გაჭირვების ჟამს ადამიანს მარკეტინგული გათვლების ჩატარება მოსთხოვო, თუმცა, “მამაოს” ხსენება არც თუ ისე სპონტანურად მოხდა, ალბათ, კარგად გაყიდვადი პროდუქტი დაიდო, ოღონდ აბსოლუტურად სხვა ბაზარზე. ჯიბეში რკინის ლარიანები მქონდა, მაგრამ რატომღაც შემრცხვა ხელფასახალდარიცხულზე ასე ცოტას მიცემა და საფულედან 20 ლარიანი ამოვიღე.

“აი, ეს ქალბატონო, მეტის საშუალება ამჯერად არ მაქვს.”

იქვე ტაქსი მელოდებოდა, მისი მადლობებისთვის და ლოცვისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირდაპირ ჩავხტი და მიმართულება ვუთხარი. იმ მომენტში, როცა ამ ქალბატონს 20 ლარი გადავეცი, მე და ღმერთმა ერთი რაოდენობის მადლობები მივიღეთ. თუმცა, ეს დიდად არ მომეწონა, მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან გამათანაბრეს. ნეტა რა ვქენი? 20 ლარად ადგილი ვიყიდე სამოთხეში? ან კიდევ ერთი პლიუსი წმინდა პეტრეს დავთარში? არადა, რატომ, ისინი არაფერ შუაში არიან და საერთოდაც არ უნდა მიმეცა ის ფული. წასულიყო მამა მარკოზთან და ის დახმარებოდა, ან მრევლი.

მანქანაში რომ ვჯდებოდი იმ ქალის ხმა მომესმა, დაცვის ბიჭს ეკითხებოდა, ვინ არის ეს? რა თანამდებობა აქვს? ცოტა ფული ვთხოვე და 20 ლარი მომცაო. ანუ დღეს საღამოს როცა მის მეზობლებს, მეგობრებს, თანამრევლელებს, ნათესავებსა და თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის სურათს ჩემს ამბავს მოუყვება აუცილებლად შეეწირება ღმერთს კიდევ ბევრი მადლობა, ერთი ორს ჩემთვისაც გაიმეტებენ, ალბათ, შეიძლება უფრო მეტიც ან ისევ ღმერთთან გამათანაბრონ, არ ვიცი. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი.

სადღაც ორთაჭალაში ვიყავი უკვე, როცა ამ ქალს ერთი კარგი ნათესავი გამოვუძებნე, “20 ლარის მოცემა თუ შეეძლო, ბარემ უფრო მეტი მოეცა, დაენანა?”

და მეც კარგ ხასიათზე დავდექი, ჩემში ისევ დაინგრა გულისხმიერი ძალადობით აშენებული ღვთის ტაძარი.

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:, ,

ბედნიერება

სექტემბერი 8, 2011 9 comments

ამბობენ, ყველა ადამიანის აქვს რაღაც მისია. რა უნდა ქნა როდესაც არ გაქვს? უნდა იპოვო, შეიქმნა და შეუდგე შესრულებას. სათქმელად ადვილია, პრინციპში გასაკეთებლადაც. პირველი დავალება, რომელიც ადამიანს ეძლევა არის, მიხვდეს რომ დამოუკიდებელია და მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი მისიის და მიზნების განსაზღვრა და ასრულებისკენ სწრაფვა. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ის თავის თავს ვერ პოულობს, ხოლო ძიებამ კი ძალიან დაღალა?

ჩემი პაციენტი ახაგაზრდა მამაკაცია, უკვე მეხუთე თვეა ჩემთან დადის. თავისი ყოფილი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნის გამო მოვიდა. ჩემს კარიერაში ყველაზე საინტერესო საქმეა და უნდა გამოვტყდე ყველაზე წარუმატებელიც. ის თვლის რომ თავის ადგილს და მისიას ვერ მიაგნო. როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერი არასოდეს ყოფილა, ბევრჯერ ჩაუქნევია ხელი და ბევრჯერაც უცდია ბრძოლის განახლება. რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. რაღაც საოცარი მეთოდი მოიგონა. შემთხვევამდე 3 დღით ადრე იყო ჩემთან, ზუსტად 3 დღის გავდივარ ქალაქიდანო, კარგი-მეთქი. მესამე დღეს დამირეკა.
“შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე?”
“ჰო იცი რომ არ შეიძლება?”
“თავის მოკვლა ვცადე!”
სახლში რომ შევედი სამზარეულოს იატაკზე იჯდა, დაზიანებული არაფერი ქონდა, არც სისხლის კვალი იყო, არც იარაღი ეგდო სადმე და არც თოკი შემიმჩნევია, არც წამლის ფლაკონი და ტაბლეტები ეყარა.
“რა მოხდა?”
“დეჰიდრაცია”

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: