Archive

Posts Tagged ‘ქრისტიანობა’

საუბრები რელიგიაზე – ნაწილი II – ილია

“მამულო, საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?” 

ილია

“იობანნი ვ როტ!”

პაკ ჩალანიკი

– შეგიძლიათ შებრძანდეთ, ოღონდ პაციენტი ჯერ სუსტად არის, ამიტომ ძალიან ნუ დატვირთავთ.
ექიმი პალატაში ორი პოლიციელს შეუძღვა, რომლებიც მწოლიარეს მიუახლოვდნენ და ლოგინთან მოთავსებულ სკამებზე ჩამოსხდნენ.
– გამარჯობა.
– გამარჯობა – ამოილუღლუღა ავადმყოფმა, ჯერ კიდევ სუსტად იყო, მხოლოდ  ორი დღის წინ გადმოიყვანეს რეანიმაციიდან პალატაში.
– ვიცით რომ სუსტად ხართ, მაგრამ წინასწარი ჩვენება მაინც უნდა ჩამოგართვათ.
– ილია ხომ? – კითხა მეორე პოლიციელმა და ჩანთიდან ქაღალდი და კალამი ამოიღო.
– დიაღ!
– ბატონო ილია, სად მოხდა ეს ინციდენტი?
– სოფელ წიწამურში.
– უფრო კონკრეტულად.
– უფრო კონკრეტულად როგორ გითხრათ, ერთი ე.წ. საქეიფო ადგილია ეკლესიის მახლობლად. სადაც საკლავი მიჰყავთ ხოლმე და მერმე ტრაპეზობენ.
– გასაგებია. ვისთან მოგივიდათ ჩხუბი და ვინ დაგჭრათ?
– კონკრეტულად ვინ დამჭრა არ ვიცი, დაახლოებით ათი კაცი მირტყამდა. გამიგდეს რასაც ქვია. ჩემი ბიძაშვილი გვაშველებდა.
– უფრო დეტალურად თუ შეიძლება. საიდან დაიწყო ყველაფერი?
– იმ დღის ჩასული ვიყავი სოფელში, საერთოდ ყოველ ზაფხულს ჩავიდვარ ხოლმე რამდენიმე დღით, კვირით, ნათესავებთან. ბიძაჩემმა მითხრა, რომ ჩემი ბიძაშვილი ბიჭებთან ერთად ქეიფობდა ეკლესიის მახლობლად. ის ადგილი კარგად ვიცი, სოფელსაც კარგად ვიცნობ ადრეც ვყოფილვარ აქ. დიდად სასიამოვნო მოგონებები არ მაქვს წიწამურთან – ილიამ მძიმედ ამოისუნთქა – მაგრამ მაინც მიყვარს იქაურობა, არის ამ სოფელში რაღაც საკრალური.
– როცა გაიგეთ რომ თქვენი ნათესავი და მეგობრები ქეიფობდნენ მათთან წახვედით?
– დიაღ. როცა მივედი ძალიან თბილად შემხვდნენ, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ე.წ. ჯარიმა დამალევინეს, შემოსწრებულის სადღეგრძელო დალიეს და მოკლედ ძალიან პოზიტიური აურა ტრიალებდა.
– სიტუაციის დაძაბვა რამ გამოიწვია?
– სუფრასთან დაჯდომის შემდეგ საუბარში შევყევი იქ მყოფ პიროვნებებს, ათას თემაზე ვისაუბრეთ. ბოლოს ისე მოხდა, რომ რელიგიაზე ჩამოვარდა საუბარი. დაპირისპირება ჩემმა აზრებმა გამოიწვია, რასაც მოჰყვა ჩხუბი. პირველმა იმ პიროვნებამ დამარტყა რომელიც ჩემს წინ იჯდა, გიგლა ქვია სახელად.
– უფრო დეტალურად რო აღწეროთ საუბარი კარგი იქნება.
– დიდი არაფერი, ჩვენი მეზობელია ერთი სერგო, ის იყო პროვოკატორი და მეორე ბიჭი კიდე, ნოე, ეგ ნოე ადრე რაღაცებს მიბაზრებდა სოფელში, ანუ იმთავითვე ვიცოდი რო არ იყო ჩემს მიმართ პოზიტიურად განწყობილი. მოკლედ, ამათმა შემოაგდეს ეს თემა, რელიგია, თანაც პროვოკაციულად და მეც ავყევი. ეს გიგლა როგორც ჩანს მომზადებული ყავდათ და სიტყვებზე იყო ჩასაფრებული. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები სასულიერო პირების ფუფუნებაზე ვსაუბრობდით დასაწყისში. იქ გავაპროტესტე მღვდლების “ჯიპებზე” ჯდომა, მაშინ როდესაც მრევლი მშიერია. დამეთანხმებით ალბათ, რომ არა არის ლამაზი, როცა მღვდელი 80 000 დოლარიანი ჯიპიდან გადმოდის, ხელში უჭირავს 1000 ლარიანი ტელეფონი, გლახაკებსა და უმეწოებს ზედაც არ შეხედავს, შევა ეკლესიაში და ქადაგებას დაიწყებს: “როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ შევა ღვთის სასუფეველშიო.” ისიც არ მესმის, სიმართლე რომ გითხრათ, რა საჭიროა ამდენი ტაძარი, მატერიალისტურ ღირებულებებზეა აგებული მთელი რელიგიური ინსტიტუტი. მილიონებს ხარჯავენ საერთოდ არასაჭირო ტაძრების ასაშენებლად, გასაგებია რომ ადამიანებს სულიერი საზრდო ესაჭიროებათ, მაგრამ არამგონია ღმერთს ის უხაროდეს, რომ მისი შვილები შიმშილობდნენ, თავზე აწვიმდეთ და ციოდეთ, განათლებას ვერ იღებდნენ და ა.შ.  ხოლო მის სადიდებლად ამდენი ფული იხარჯებოდეს უბრალო შენობებში. და ამ შენობებში მერე მაძღარი და ფუფუნებაში მცხოვრები მღვდლები მოძღვრავდნენ საზოგადოებას. სეკულარიზმზეც გამოვთქვი რამდენიმე მოსაზრება…
– ღირსი ყოფილხარ – ჩაუბუტბუტა პოლიციელმა და ჩანიშვნა განაგრძო.
– რა ბრძანეთ?
– არაფერი. განაგრძეთ.
– პრინციპში სულ ეს არის. გიგლა წამოხტა, დამიყვირა: “ჩემი დედა მოვტყან მღვდლებზე და ეკლესიაზე რაებს ლაპარაკობ ბიჭოო! ბოზიშვილი ვიყო აქ ყველანი ქრისტიანები ვართ და ჩემი დედას შევეცი ეგ სიტყვები ღმერთის წინაშე თუ გაპატიოო,” ამის თქმა იყო და სილა გამარტყა. მომიტევეთ იმ უხამსი სიტყვების გამეორება, მაგრამ ალბათ თქვენ ზუსტად გაინტერესებთ ყველაფერი.
– დიახ. მერე რა მოხდა?
– მერმე მე ვერ გამიძლო ნერვებმა და ხელი შევუბრუნე.
– ამის მერე სხვებიც ჩაერთნენ ჩხუბში?
– დიაღ. უკნიდან მომეპარა ვიღაცა, კისერში მომხვია ხელი და ზურგით დამაგდო მიწაზე. რამდენიმე წიხლი მომხვდა. ამ დროს მესმოდა ჩემი ბიძაშვილის ყვირილი, რას შვებით თავი დაანებეთო. როგორღაც მოახერხა და ფეხზე წამომაყენა. და ზუსტად ამ დროს იყვირა, “რას შვები, ილიაა!”
– ანუ მაგ დროს ვიღაცა თქვენს დასაჭრელად გამოიწია?
– სავარაუდოდ. შეძახილზე ჩემმა ბიძაშვილმა ასეთი პასუხი მიიღო: “ილია რომაა იმიტომაც უნდა ავცრა ტრაკში, მე მაგას ღმერთის შეურაცხყოფას ვერ ვაპატიოებო.”  მერმე ჩხვლეტა ვიგრძენი და რო დავიყვირე, ამ დროს ყველა გაიქცა და მხოლოდ ჩემი ბიძაშვილი დარჩა ჩემთან, რომელმაც მიმათრია სახლამდე, ხოლო იქიდან სასწრაფოდ წამომიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ექიმებმა მითხრეს სასწაულებრივად ვარ გადარჩენილი, არტერიას მილიმეტრებით ასცდაო.

Advertisements
%d bloggers like this: