Archive

Posts Tagged ‘მამა’

მამაო ჩვენო

ოქტომბერი 14, 2012 2 comments

– თომა!
პასუხი არ არის.
– თომა!
პასუხი არ არის.
– სად შეიყუჟა ეს ბავშვი, ამ წამს არ შემოვიდა სახლში? – დედა სწრაფი ნაბიჯით გაეშურა შვილის ოთახისკენ, კარი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შეღებული, რომ დაიწყო: -წამოდი, თორე გაგიცივდება ის საჭმელი… რა გჭირს? რა მოგივიდა?
ოთახში მდგარ თომას მივარდა, ჯერ დაკაწრული და დახეთქილი სახე შეუთვალიერა, მერე ხელები, ფეხები,დასისხლიანებული და დახეული პერანგი, შეატრიალა, შემოატრიალა.
– რა მოხდა? რა უბედურებაა ეს?
ასეთ მომენტებში დედები რატომ ყვირიან აუხსნელი მოვლენაა. შეიძლება გაბრაზებულები არიან, უმნიშვნელო იარების გამო ასე რომ ანერვიულეს ან საკუთარი შვილის ლავირების უნარით არიან უკმაყოფილონი, რომელმაც თავი ვერ აარიდა კონფლიქტს და თავი ასეთ მდგომაროებაში ჩაიგდო. შეიძლება ეს უმისამართო ბრაზიც კია, რომელიც მიმართულებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დამნაშავე გაირკვევა. შეიძლება ცხოვრებასა და სამყაროზე გაბრაზებაა, რომელშიც ძალადობა სუფევს და ეს ურთიერთობის ყველაზე მიღებული ფორმაა. გაბრაზების და ისტერიკის საპასუხოდ შვილები ჩუმად დგანან, დარცხვენილები უყურებენ დედას, სადმე ლოყაზე ან სხეულს იმ ნაწილზე, რომელზეც ჩახუტებისას თავს ადებენ ხოლმე. ამ მომენტში შვილები ახლიდან გადიან თავსგადამხდარ ეპიზოდს და ზუსტად იმავენაირად გრძნობენ ტკივილს, სიძულვილს, ბრაზს, ამპარტავნებას ან სიამოვნებას, როგორც ჩხუბის მომენტში. ისინი ამ დროს ყველაზე უმანკოები და სუსტები არიან, მათ თავისი საქციელისაც რცხვენიათ, მიუხედავად იმისა, დამნაშავენი იყვნენ თუ არა, და დედისაც, რომელიც მათ წინ დგას მუხლებზე და ზუსტად ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ჯვარზე გაკრული ქრისტეს შემხედვარე ღვთისმშობელს. ვინ იცის იქნება მარიამიც ბრაზობდა თავის შვილზე, რომელმაც თავი არ აარიდა ადამიანთა ბრბოებს და პირდაპირ ლომის ხახაში ამოყო თავი. იქნებ იდგა და ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ დარჩენილიყო ეგვიპტეში და ემიგრაციაში ეცხოვრათ მთელ ოჯახს, მე შენ გეტყვი იოსები სამსახურს ვერ იშოვიდა თუ დეპორტაციას გაუკეთებდნენ საბუთების უქონლობის გამო. და იქნებ იესოც ზუსტად ისევე დარცხვენილი უყურებდა დედამისს და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბოლოჯერ მაინც ჩახუტებოდა. ასეთ ღვთაებრივად უმანკო მომენტებს როგორც წესი მამები არღვევენ, რომლებიც ან მიწისძვრას ახდენენ და ტაძარში ფარდას ფხრეწენ, ან ოთახში შემობოდიალდებიან, თან სიგარეტის სუნს შემოიყოლებენ და იჭვნეულად იკითხავენ:
– რა ხდება?
– იჩხუბა, ალბათ – ცრემლნარევი ხმით უპასუხა მარიამმა, ამ შემთხვევაში თომას დედამ.
– მერე რა გატირებთ? ან ერთს, ან მეორეს? – მამებს სენტიმენტების არ სჯერათ, ხშირად, ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მამას, თომას მამას, იოსებს, დიდად არ უყვარდა სენტიმენტები. არადა ბიჭებს ძალიან უყვართ, როცა მამები ეხუტებიან, მხარზე ხელს უთათუნებენ და აქებენ. დედა სხვაა, დედა ეს არის ნავსაყუდელი, სადაც ბრძოლის შემდეგ მიდიხარ და ისვენებ, დედასთან ჩახუტება სახლში დაბრუნებას ჰგავს, ზუსტად რომ იცი ყველა კუთხე-კუნჭული და, ჰა-ჰა, მაქსიმუმ ახალი ნივთი აღმოაჩინო, რომელსაც ასე იშვიათად ყიდულობს დედა, ისევე -როგოროც ახალი ნაოჭი მის სახეზე.
მამა ეს ბრძოლის ყიჟინაა, სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც იარას გიშუშებს ბრძოლისას მოცელილს და ახლიდან გბერავს სულს.
– ვინ გცემა?
ო, ღმერთო, როგორ არ უყვართ შვილებს, როცა მათი გმირები, მათი მამები, მათ დამარცხებულად თვლიან. და სწორედ აქ, ამ დროს, ყველა შვილი დგება ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე. ისინი ან ტყდებიან და ბოლომდე დამარცხებულებად რჩებიან, თანაც ისე, რომ არც არასოდეს ცდილობენ გამარჯვებას და ბრძოლას, ან ბრაზის გზას ირჩევენ და მთელ ცხოვრებას იმის დამტკიცებაში ატარებენ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ბოლოს იმარჯვებენ, ამარცხებენ ყველას და მათ შორის საკუთარ თავებსაც და იმ მამებსაც, რომლებმაც ამ გზაჯვარედინზე დააყენეს.
– ანდა არ მიპასუხო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გცემა, შენი ტოლი იყო თუ უფროსი? თუ ვინმე დიდმა ბიჭმა გცემა მაშინ მითხარი.
– ჩემზე ძლიერია – თავდახრილმა უპასუხა, მისით იმედგაცრუებულ მამას, თან ელოდა როდის მორჩებოდა დედა მის ჭანჭყარს, რაც ტანსაცმლის გასწორების პროცესით იყო გამოწვეული. დედა კვლავ მუხლებზე იდგა და ვერც შვილს და ვერც ქმარს თვალებში ვერ უყურებდა, დარცხვენილი იყო. თითქოს, მისია, რომელიც მას დააკისრეს ჩაუვარდა. ვაჟკაცი, რომელიც სახლში დაუტოვეს აღსაზრდელად, ვერ აღზარდა ისე როგორც მამას უნდოდა. ბიჭებს უყვართ, როცა მათ მამებზე ამბებს უყვებიან, როდესაც ხედავენ, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სინამდვილეში დევგმირები არიან, მაგრამ მხოლოდ მაგალითები და ამბები არ კმარა, უშუალოდ მამებთან ურთიერთობა უნდათ. მერე რა რომ ხანდახან სუსტები არიან და უბრალოდ ნუგეში სჭირდებათ, გამარჯვებული არმიის გენერლებიც ხომ ანუგეშებენ და ეფერებიან თავიანთ რიგითებს?
– და რა გინდა? მე ვცემო? თუ იქნებ მის მშობლებს დავურეკო და დავაბეზღო? რას ნიშნავს ჩემზე ძლიერია, რითია შენზე ძლერი?
– მაღალია, უფრო დიდია, ჭიდაობაზე დადის და ხელებს მიგრეხს ხოლმე.
– ჰოდა, აიღე და ჩაარტყი თავში რამე. წიგნი ან ჩანთა, ან ბოლოს და ბოლოს კვერცხებში ამოსდე. მეორეჯერ ატირებული აღარ დაგინახო!
– ტანსაცმელშემოხეული?
აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში განვითარებული სარკასტულ-ირონიული იუმორი საბოლოო ჯამში ძალიან ძლიერი თავდაცვის იარაღად იქცევა ხოლმე და გარშემომყოფებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ იარაღის მფლობელი კი, როგორც ამერიკელები იტყვიან, მაიმუნს ჰგავს, რომელსაც ხელში სავსემჭიდიანი ავტომატი უჭირავს, აქეთ-იქით დარბის და არც მტერი იცის და არც მოყვარე.
– ტანსაცმელი არა უშავს, მთავარია, იმასაც შემოხეული ჰქონდეს. ახლა რო გიყურებ, დარწმუნებული ვარ, იმას ერთი ნაკაწრიც არ აქვს, ერთი ადგილიც კი არ ექნება გაწითლებული სხეულზე. ხელი მაინც თუ შეუბრუნე?
წაიკითხე მეტი…

Advertisements

ორიოდ სიტყვა მამაზე

აგვისტო 18, 2011 6 comments

რაც თავი მახსოვს, მამაჩემს სულ მოვალეები ჰყავს. ყველა ვალი რომ ერთად აიღოს ალბათ მილიონერები ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს მასაც აუსრულდება ოცნება და დაიწყებს რამე კორპორატიულ ბიზნესს. აგერ უკვე 51 წლისაა და დღემდე ოცნებაში ატარებს დროს. ნუ ოცნებაში რა, პირდაპირ მილიონის შოვნა უნდა. ჩალიჩობს შაქარს ბრაზილიიდან, ცემენტს ესპანეთიდან, გააქვს სპირტი, შემოაქვს ფქვილი, მორგან ჩეიზის აქტივების დათრევაზე ფიქრობს და მერე 250 მილიონიანი მორგიჯების და საბანკო კრედიტების ამოღებაზე იწყებს ოცნებას. ერთი ჩვევა აქვს, დაჯდება სამხზარეულოში, მოუკიდებს სიგარეტს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და თვალებს ჭერისა და კედლის შეერთების კუთხეს მიაბჯენს – ძირითადად თვალების დახრილობის კუთხრ 70 გრადუსია ხოლმე. ხშირად ვეუბნებით, რომ არ არის ბიზნესი მისი საქმე. ზედმეტად ალალია ამ საქმისთვის.
– აი შენ გაწეწავ ვინმეს?
– არა. რატომ უნდა გავწეწო?
– აი, მე ვწეწავ. პროდუქტის გაკეთება 400 ლარი მიჯდება და შემკვეთს 30 000-ს ვახდევინებ. შენ გააკეთებ მაგას?
– ვერა.
ჰოდა, რა გინდა ბიზნესში? შენ ვერც ვალს ამოიღებ. არ სჯერა.
არადა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ეგრეა.
გაწეწავს კი არა იქით ატანდა ფულს.
მე რომ ასე 3-4 წლის ვიყავი, თავისი ძმაკაცი დასდგომია, თავანი მაქვს 80 000 მანეთი და რამე მიშველეო. მამაჩემიც კაცურად მოიქცა და “ბენზინკალონკაზე” თავისი წილი გაყიდა 80 000 მანეთად, ჩანთით მოუტანა ფული ძმაკაცს და ჩააბარა.
3-4 თვის მერე სადღაც სუფრაზე გაჩითულან, მამაჩემის გათავნული ძმაკაცის ძმაკაცი წამომდგარა ფეხზე და ასეთი სადღეგრძელო უთქვამს: “მე ყველაზე მაგარი ძმაკაცი მყავსო. კაცი რომელმაც 80 000 ჩამიბარა თავანიო.”
კი წაუხდა მამაჩემს ნირი და ფერი, მარა გვიანღა იყო.
მეორე ძმაკაცითვის 25 მანეთიანების “პაჩკები” უჩუქნია ქორწილში.
ის მოსულა და ასე უთქვამს, ერთ-ერთ პაჩკას 2 ცალი 25 მანეთიანი აკლიაო.
ამოიღო და დაუმატა.
რა ქნას? ალალია, სხვანაირად არ შეუძლია.
90-იანებში ერთ პარტიაში იყო. დედაქალაქის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
მის უფროსს, ანუ თავმჯდომარეს, დიდი მაყუთი ქონდა. მის შვილს მობილური ეჭირა და ზედ ბეთჰოვენის Fur Elise-ს აწყობდა ხოლმე ღილაკების წკაპუნით.
მეც მომინდა. ჰოდა, მამაჩემს მოვთხოვე გახდი კორუმპირებული და შენც მოტეხე ფულები “ივენთების” ბიუჯეტიდან-მეთქი. რა ქნა იცით? მეორე დღეს სამსახურიდან წამოვიდა, “ბავშვი მიფუჭდებაო.”
რა ქნას? ალალია და სხვანაირად არ შეუძლია.
პირველი მოგონება, რომელიც მოვალესთან ურთიერთობაზე მომდის, მუხიანში ვითარდება. უკან ვზივარ მანქანაში, მამაჩემი და მისი ძმაკაცი წინ სხედან. მოვალესთან იყვნენ, იმან იწუწუნა, იტირა, ახალი დაპირებებით გამოუშვა და “ფულზე ჩალიჩს შეუდგა.” ჯემალი ერქვა მემგონი იმ კაცს.
ერთ დღეს ბიძაჩემი მოიწვია, ის ცოტა ისეთი ტიპია, დაუნდობელი.
კარის ჭუჭრუტანადან ვუყურებ პროცესს.
მოვალე ზის ჩვენს ბუხართან, სკამზე. წინ მამაჩემი და ბიძაჩემი უსხედან. საუბრობენ.
ბიძაჩემი დგება, სკამს ძლიერად ურტყავს ფეხს და მოვალე ძირს ეცემა. სახეში წიხლსაც აყოლებს. რაღაც მილიონიან საქმეზეა მამაჩემი გადაგდებული. ლაშა ერქვა იმ კაცს. მას შემდეგ არ მინახავს, ალბათ არც მამაჩემს.
მოკლედ, მამაჩემი არ არის ბიზნესმენი, არ არის მევახშე და არც ამომღები. მას არ შეუძლია ბინა აახიოს ვინმეს, ცემოს, ან თუნდაც სასამართლოში უჩივლოს.
მე, ისევე როგორც მამაჩემს, არ მესმის როგორ უნდა მოატანინო ადამიანს ფული თუ მას ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. არ აქვს და მორჩა. რატომ ისესხა? რაღაცის იმედი ქონდა და ისიც ისევე დააღალეტეს, როგორც მამაჩემი დააღალატა მან. სახლი გაყიდოს? მერე ბავშვები სად წაიყვანოს? სად იცხოვროს?

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: