Archive

Posts Tagged ‘თბილისი’

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ II.)

თებერვალი 11, 2010 12 comments

პირველი ნაწილი (შესავალი)

თავი I.

რევოლუციის გენეზისი

ორი წლის წლინ, 7 იანვრის გამთენისას, უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. მთელს ქალაქში ეკლესიის ზარების გამაყრუებელი რეკვა ისმოდა. პირველად ეჭვი არაფერზე ამიღია, შობის ღამე იყო და ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით რაღაც რიტუალი ტარდებოდა. ძილი გამოტყდა, თან ზარების რეკვაც არ ჩედრებოდა და ლოგინიდან წამოვდექი. მისაღებ ოთხაში გავედი, ფანჯარის რაფაზე სანთელი ენთო, რომელიც თითქმის ბოლომდე იყო ჩამწვარი. მამაჩემი ყოველ შობა ღამეს ანთებდა ხოლმე სანთელს, ეს ტრადიცია დიდი ხნის წინ დამკვირდა საქართველოში. მამაჩემი დიდი მორწმუნე ვინმე იყო, იმდენი ქნა სახლში ხატებს მირონიც წამოადენინა. უბანში რომ ათეიზმზე მეკამათებოდნენ, პირველ არგუმენტად ეს მოჰყავდათ: ”ბიჭო, სახლში მირონმდინარე ხატები გიდევს და რა ურწმუნობა და ლიბერალიზმი აგიტყდაო.” საერთოდ რელიგიაზე კამათი არასოდეს მიტაცებდა, აი ხალხის რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაზე და მათ ფარისევლობაზე კი ცხარე საუბრები მქონდა ხოლმე ყოველთვის. რელიგიურ კამათებში უნებურად ვერთვებოდი ხოლმე, ვიღაც უბნელი მართლმადიდებლები დამისვამდნენ ხოლმე და რაღაც საკითხებზე მეკამათებდონენ. მირონის დენაზე ჩემი თეორიაც წამოვაყენე მაშინ. ვუთხარი ”ალბათ ეს რაღაც მეტაფიზიკური, ან თუნდაც ფიზიკური მოვლენაა-მეთი. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები დღემდე არაა გამოკვლეული, კაცმა არ იცის რა ხდება-მეთქი. იქნებ პოზიტიური ენერგიის გამოყოფის შემდეგ ეს კონკრეტული ობიექტი ამ ენერგიით იმუხტდება და საპასუხო რეაქციას გვაძლევს-თქო? ბოლოს და ბოლოს ძველ ბერძნებს მეხი ზევსი ეგონათ და მზე ჰელიოსის ეტლი-მეთი.” ეს რელიგიური საუბრები მას მერე გავწყვიტე რაც ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ბირჟავიკმა გაკვირვებით მკითხა ”ურწმუნო თომა ვინ არისო” – რა თემაზე ველაპარაკებოდი არ მახსოვს, თომაც რა კონტექსტში მოვიშველიე არც – ის, მაგრამ საპასუხო რეპლიკა ალბათ არასოდეს დამავიწყდება.

ფარდა ფრთხილად გადავწიე, ცეცხლი არ მოედოს – თორე მერე მთელი უბანი იმას ილაპარაკებს აგერ ჩვენი ძმობილი ათეისტი ღვთიური სანთელით გაჩენილ ხანძარში ჩაიფერფლაო. ქუჩაში რაღაც უცნაური ატმოსფერო იყო, სიწყნარე იყო, არავნ ჩანდა მაგრამ გულმა მაინც რეჩხი მიწყო. სწორედ მაშინ ახლიდან შემოკრეს ზარებს და რაკარუკის ახალი ციკლიც დაიწყო. შორიდან, რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან კვამლიც გამოჩნდა. 1832 წლის შეთქმულების გეგმა გამახსენდა და იასე ფალავანდიშვილს რომ არ გავეყიდეთ ალბათ ასეთი რაღაც მოხდებოდა მაშინაც-მეთქი. ფანჯარა მიხვურე, იქიდან მაინც არაფერი ჩანდა და ტელევიზორში მაინც ვნახავ წირვიდან პირდაპირ ეთერს, იქნება რამე ახალი რიტუალია რომელიც მე არ ვიცი-მეთქი. ჩემდა გასაკვირად ყველა არხი გათიშული იყო, საერთოდ იმ ხანად სავალდებულო იყო საშობა და სხვა სადღესასწაულო წირვების პირდაპირ ეთერში გადმოცემა და გამიკვირდა. მართლმაიდებლურ არხზე გადავრთე, წირვის ნაცვლად სტუდიაში მჯდარი მამაკაცის (ეს მამაკაცი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია – პოსტრევოლუციურ საქართველოში ის უმაღლეს ინკვიზიტორ უნგიაძედ მოგვევლინა). ”აღსრულდა ნება ღვთისა! საქართველო განთავისუფლებულია! ჩვენი მრევლი მყარად არის გამაგრებული ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების შენობებში. პრეზიდენტი, პოლიცია, ჯარი და სხვა თანამდებობის პირები დამორჩილდნენ წმინდა ქრისტიანული რევოლუციას.” რამდენიმე დღის მერე პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მონასტრებში გაამწესეს ცოდვების გამოსასყიდად, ისინი ბედს დამორჩილდნენ ქვეყნის მოქალაქეებს გადარჩენა და ღვთის ნების აღსრულება მიულოცეს. იმავე დღეებში მასიური დაპატიმრებებიც დაიწყო.

– გარეთ  ნუ გახვალ სანამ არ დაწყნარდება ყველაფერი, მერე იქნებ მამა გერასიმესთან გავაწყო რამე და შეგინდონ ყველაფერი. – მამაჩემს ძალიან ეშინოდა რომ მეც დამიჭერდნენ იმის გამო რომ ათეისტი ვიყავი და თან ქრისტიანულ წრეებში მეტად არაპოპულარულ პიროვნებებთან ვმეგობრობდი. მამას ხშირად ვეკამათებოდი ხოლმე. მისი აფიშირებული რწმენა ნერვებს მიშლიდა. ძალიან უყვარდა ხოლმე ხატების წინ დგომა და ხმამაღლა ლოცვა, ბოლოს კი მხრის ამოგდებამდე მიახლოებული მოძრაობით იწერდა პირჯვარს – თავიდან ამაზე ვიცინოდი, მაგრამ თანდათან მომბეზრდა და მაღიზიანებდა. ცხადია ამის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მხოლოდ ერთხელ ვესროლე სახარებიდან ერთი პერიფრაზი ”ისე ილოცეთ რომ სხვებმა ვერ დაგინახონ, არ გაგიგია?” ერთხელ დედაჩემს, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ჩემს იდეოლოგიასთან, ისიც ვუთხარი ”დედა ძალიან გთხოვ მამაჩემს უთხარი, რომ ძალინ მწყინს როცა ვხედავ რომ მასაც ისეთივე მენტალიტეტი და ფასეულობები აქვს, როგორიც იმ ადამიანებს ვისაც მე იდიოტებს ვუწოდებ-მეთქი.” დედაჩემმა გაიღიმა და არაფერი მიპასუხა. საერთოდ მე ყოველთვის მწამდა იმის, რომ დედაჩემი გულის სიღრმეში მაინც ამაყობდა ჩემით და მიუხედავად იმისა რომ რელიგიაზე და კრლერიკალიზმზე მისთვის მიუღებელი აზრი მქონდა მაინც უხაროდა ჩემი განსხვავებულობა, დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადად ის რომ ჩემი აზრი გამაჩდნა რაღაცის შესახებ, თუნდაც ეს მცდარი ყოფილიყო – მისი აზრით.
– რა ხდება საერთოდ? რას აპირებთ – მრავლობითობის ნიშანი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვთქვი, იმის იმის გამოსახატად, რომ მამაჩემსაც რევოლუციონერად და ქრისტიანული რეჟიმის მხარდამჭერად მოვიაზრდებდი. დედაჩემმა როგორც ყოველთვის სიტუაცია კარგად გაიაზრა და ვიდრე ჩემსა და მამაჩემს შორის ვერბალური ბრძოლა გაიმართებოდა ერთგვარი მანდილი ჩააგდო:
-მერე იქნებ უცხოეთში გაგიყვანოთ, ან სოფელში წახვალ – იქ ხო იცი მაინც სხვა ხალხია და სხვანაირად აზროვნებენ.
ჩემს სოფელში კლერიკალიზმი და ზოგადად ორგანიზებული რელიგია სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, საეროთ ფეხებზეც ეკიდათ – ცხადია ძირითად მასას ვგულისხმობ. პანაშვიდებზე მოსულ მღვდლებს ჭირისუფლებიც კი ეკაიფებოდნენ, ”ე მანდ, სახრჩოლავში ანაშა ხო არ გიყრიაო” მოაძახებდნენ ხოლმე. მღვდელი და ეკლესია იქ უბრალოდ წარსული გადმონაშთი, ერთი უსარგებლო ტრადიცია იყო, დახლოებით ისეთივე როგორიც მეკვლის ინსიტიტუტია. ბავშვობაში, ასე 14 წლის რომ ვიყავი ძლიერ მორწმუნე ვიყავი, ყოველშემთხვევაში ასეთად ვთვლიდი თავს. ჩვენი უბნის ტაძარში დავდიოდი, სადაც იქაური დიაკონი ხუცურად წერა-კითხვას მასწავლიდა. მრევლის ბავშვებში ყველაზე დამჯერი და ჭკვიანი ვიყავი და მედავითნეობასაც მიწინასწარმეტყველებდნენ. ზაფხულში სოფელში ჩავდიოდი და იქაურებს რელიგიაზე ვეკამათებოდი, მიყვარდა ხოლმე ეს საუბრები. წინააღმდეგობის კომპლექსი მაქვს და ალბათ ამის ბრალია რომ ჩემი დისკუსიაში ჩათრევა დღემდე ძალიან ადვილია. ხშირად ვჩხუბობდი ხოლმე  (სიტყვიერად), მღვდლებზე როცა ხუმრობდნენ, მკითხავებთან დადიოდნენ, ტრადიციებს არ იცავდნენ და ა.შ. წლების მერე კი მივხვდი, რომ ხალხი რომელსაც ჩვენი ელიტური საზოგადოება ჩამორჩენილს ეძახის, მენტალურად გაცილებით წინ იყო ვიდრე ნებისმიერი ე.წ. ქალაქელი. წარმომიდგენია იმ ხალხისთვის საფუძვლიანი ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება რომ მიეცა ვინმეს რას იზამდნენ…

უცხეოთში გაძრომის იდეა თავიდანვე არ მომეწონა, არ მიყვარდა გაქცევა. მითუმეტეს ეს ქვეყანა არავიზე ნაკლებად მიყვარდა და თუ სხვისთვის პატრიოტიზმი გულზე მჯიღის ცემა და ნაირ-ნაირი სადღეგრძელოების რახუნი იყო, მე ეს ჯანსაღი და ლიბერალური საზოგადოების მშენებლობაში ერთი აგურის დადებად წარმომედგინა. გადავწყვიტე იმ ეტაპზე ბედს დავმორჩილებოდი და სოფელში გადავმალულიყავი ცოტა ხნით, მითუმეტეს რეაქციული მორაობა იმ ხანად საერთოდ არ არსებობდა. ყველა ჩემი თანამოაზრე და მეგობარი დაპატიმრებული იყო და წმინდა ინკვიზიციის ნებას ელოდა.

რევულიციიდან ორი კვირის თავზე სატელევიზიო მაუწყებლობა განახლდა. მანამდე მხოლოდ მართლმადიდებლურ არხზე გადიოდა ქადაგებები და ლოცვები. ყველა არხზე დაიწყო მამხილებელი გადაცემები. დაპატიმრებული ადამიანების დოსიეებს წმინდა ინკვიზიციის ხელმძღვანელი უნგიაძე გვაცნობდა, შემდეგ მათი დანაშაულის და ამ დანაშაულის სიმძიმის შესახებ გვიამბობდა. დაპატირემბულთა შორის არ იყო არც ერთი ყოფილი ხელისუფალი, არც ერთი პოლიტიკოსი და არ ერთი ე.წ. ინტელიგენტი. დამნაშავეთა ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და მათი მეგობრები. წმინდა ინკვიზიტორმა უნგიაძემ პირველი გადაცემაში გვამცნო, რომ რამდენიმე ტელეწამყვანი, ორი არასამთავრობოელი (განსაკუთრებით ოდოიზური ფიგურები) და ერთი პოეტი სულ მალე განსაწმნდელი ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ და ცოდვა გამოსყიდულები ჩაბარდებოდნენ უფალს.
– ამათ ვინღა განწმენდ ძალიან მაინტერესებს. – სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა. მამაჩემი მორჩილად შემოუძღვა მართლმადიდებლური პოლიციის წარმომადგენლებს და იქვე კუთხეში თავდახრილი დადგა. როცა კიბეებზე ჩავყავდი, უნგიაძის სიტყვები წამომეწია: ”წმინდა ინკვიზიცია მესიის მახვილია! იოანე ნათლისმცემლის მისია გვაკისრია! ჩვენ შევამზადებთ და განვწმენდთ საქართველოს მეორედ მოსვლამდე.”

მე დამაპატიმრეს.

Advertisements

საქართველოს ქრისიტანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. I)

თებერვალი 10, 2010 6 comments

პროლოგი

– ახალგაზრდა! გაიღვიძეთ! სულ მალე ეკლესიას მივუახლოვდებით!
თვალი გავახილე და შუა ხნის მამაკაცს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.
– აი გამოჩნდა – მანიშნა უცნობმა და წამოდგა. მასთან ერთად ავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი წამოვდექით, ვისაც ქუდი გვეხურა – მოვიხადეთ და თავის დაკვრითა და პირჯვრის წერით პატივი მივაგეთ ტაძარს. ავტობუსში რომ ამოვედი სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომელსაც ნიშნები ეგდა წარწერით ”არ გამაღვიძოთ! კურთხევა მაქვს ძილში პირჯვრის წერაზე,” დაკავებული იყო; ამიტომ ჩვეულებრივ ადგილზე დავჯექი, ჩათვალეს რომ კურთხევა არ მქონდა და გამაღვიძეს. საკმევლის კვამლის ფერი დღე იყო… უკვე მეორე წელი გავიდა მას მერე რაც ნორმალური ზედსართავი სახელების გამოყენება აგვიკრძალეს. ისე შევეჩვიეთ ფიქრისასაც გვავიწყდებოდა, რომ წითელი წითელი იყო და არა საკურთხევლის ღვინის ფერი… ”წითელი ყვავილები” დისიდენტურად გავიფიქრე და ეჭვით მიმოვათვალიერე ავტობუსი, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე მოვდიოდი სამსახურიდან, პარასკევი იყო – მარხვის დღე. გამოგვიშვეს, და საერთოდ სულ ასე გვიშვებდნენ მარხვის დღეებში – ოჯახის წევრებთან ერთად იტრაპეზეთო.

ჩემი სახლიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი. მარხვას მხოლოდ სხვების დასანახად ვიცავდი, ოჯახის წევრები კი არ მყიდდნენ, დასმენაც ხო ცოდვაა ბოლოს და ბოლოს. აუჩქარებლად გავუყევი გზას, არ მინდოდა ვინმეს ეჭვი აეღო – ეჭვის გამოთქმა უფრო მსუბუქი ცოდვაა ვიდრე დასმენა, ამიტომ ხალხი ხშირად ჩადიოდა. ეჭვიანთა რიგები იდგა მართლმადიდებლური პოლიციის შენობასთან. ”არა რა! მაინც სისხლიში გვაქვს” კვლავ დისიდენტურმა აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ ამჯერად სამშვიდობოზე ვიყავი გასული და შემეძლო ხმამაღლაც მეთქვა ეს ყველაფერი.

ჩვენს ადგილს უკნიდან, ყრუ ქუჩის მხირდან მივუდექი და უკანა კარიდან შევედი. სამზარეულოში კორკოტს ამზადებდნენ და სეფისკვერებს აცხობდნენ. ეს საეკლესიო რესტორანი დაახლოებით ერთი წლის წინ გავხსენით მე და ჩემმა მეგობარმა, მას შემდეგ რაც მოვინანიეთ და დედა ეკლესიამ ჩვენი ლიბერალური წარსული გვაპატია. მერე ჩემი უბნელი მამაოს დახმარებით კურთხევაც ავიღეთ და ეს სატრაპეზო გავხსენით. ჩვენი საქმე თავიდანვე წარმატებით დაიწყო. ახალი სამსახურიდან ორიოდ გროში მქონდა მოგროვებული და ფართის საფასური იმით გადავიხადეთ. ჩვენს გაზეთს, რომლსაც რუის-ურბნისის ეპისკოპოსის კურთხევა ჰქონდა, ბევრი მკითხველი ჰყავდა – ამიტომ ხელფასები შედარებით მაღალი გვქონდა. კულუარებში ღვთისგან რჩეულ ჟურნალისტებსაც გვეძახდნენ.

სამზარეულოდან სარდაფში ჩავედი, მთავარ მზარეულს ვუთხარი აღწერა უნდა ჩავატარო, იქნება რამე გვაკლია-თქო. კიბეებზე ჩასვლისას მზარეულმა მომაძახა ”დღეს ღვინო არ მოუტანიათ, ეტყობა ვერ მოახერხეს.” საკურთხევლის წითელი ღვინო იმ უბანში მდებარე ტაძრის სტიქაროსნებს მოჰქონდათ. რიტუალების ჩატარების შემდეგ ბევრი რჩებოდა, ამათ კურთხევა ჰქონდათ ღვინის გაჭირვებულ ოჯახთათვის დარიგებაზე, მაგრამ ქვემოქმედების ნაცვლად ჩვენთან მოჰქონდათ და ჰყიდნენ. ცოდვის ნაწილობრივ გამოსასყიდად ფულის ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, მცირე ნაწილით სამ სანთელს ყიდულობდნენ და ხატების წინ ანთებდნენ, დანარჩენს კი თვითონ იხმარდნენ.

სარდაფის აღმოსავლეთ კედელთან მდგარი ხატების მაგიდა გამოვწიე, კედელზე აფარებული ფანერა ფრთხილად და უხმაუროდ გამოვწიე და კარი შევაღე. რამდენიმე მეტრიან კორიდორს აუჩქარებლად გავუყევი და რკინის კარს მივადექი. დაკაკუნებიდან ნახევარი წუთის შემდეგ კარის სარკმელი გაიღო და იქიდან ჩემი მეგობრის ხმა გაისმა:
”პაროლი.”
”ეს სად ვცხოვრობთ ბოზისშვილი ვიყო.”

– რა ქენი?
– რა უნდა მექნა? ჩავწერე რესპონდენტი და ნახევარი გავშიფრე.
– რაო?
– და რას მეტყოდა ახალს? იგივე ბაზარი, ლოცვა, თვით გვემა, და სხვა ათასი ყლეობა. სუჟეტი კრიალოსნების დამზადების ხერხები – მეტი არაფერი.
ჩვენს იატაკქვეშა დარბაზში უფრო თამამად ვსაუბრობდით. ეს დარბაზი შემთხვევით აღმოვაჩინეთ სატრაპეზოს სარდაფის რემონტისას. გადავწყვიტეთ საიდუმლოდ შეგვენახა და ერთვგვარი ”ანდერგრაუნდ” კლუბი გაგვეხსნა, სადაც ჩვენნაირი სულით და გულით ისევ ლიბერალები შევიკრიბებოდით და ვეცდებოდით ფუნდამენტალისტური ქრისტიანული რევოლუციის წინააღმდეგ რეაქციული მოძრაობა დაგვეწყო. საქმე არ იძვროდა. ჩვენს რიგებში კონფორმიზმი მძლავრად იყო გამჯდარი. ზოგს წყნარად ცხოვრება და უცხოეთში გაძრომის შანსისთვის ლოდინი ერჩივნა, ზოგს მართლმადიდებლური ინკვიზიციის ეშინოდა, ზოგსაც უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა. მთელი ერთი წელი მე და ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩვენი იდეალები არ გვასვენებდნენ, ვცდილობდით პროპაგანდისტული, კონფორმიზმის განმდევნი და ლიბერალური სული აღმაზევებელი ლექციები ჩაგვეტარებინა. ერთი ძველი კომპიუტერიც ავაწყეთ. ამის გამო თვეების განმავლობაში ვიქექეთ ნაგავ საყრელზე და ნაწილ-ნაწილ, მავთულ-მავთულ ავაწყეთ რაღაც მანქანა, რომელსაც ფილმების გასაშვებად ვიყენებდით. ჩავაბდნელებდით ოთახს, 50 კაცამდე მოვგროვდებოდით და ვუყურებდით ევროპული და ამერიკული კინოფილმების შედევრებს. ვინჩესტერი, რომელიც ამ მაქნას ჩავუდგით ალბათ ვიღაც ძალიან მაგარ კინომოყვარულს ეკუთვნოდა, ზეინტელექტუალური ფილმების მთელი ნაკრები იყო შიგ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვტრაბახობდით, რომ ეს ვინჩესტერი თვით იმ – წარსულში სახელგანთქმულ ტელეწამყვანს ეკუთვნოდა, რომლის სახელის ხსენებაც დღეს საერთოდ აკრძალული იყო ჩვენს ქალაქში. იმან რევოლუციას პირველივე დღეებში გაასწრო და საზღვარგარეთ გავიდა. ერთ-ერთი ინკვიზიტორი გვარად უნგიაძე იმასაც ამბობდა, ”მაგან სვეტიცხოველს 365-ჯერ რომ შემოუაროს მუხლის ჩოქებზე, მაინც არ შემოვირიგებთო” – ეს სიტყვები ერთი, მათი თქმით ”როსკიპი დიაცის” ცეცხლზე შეხრუკვისას წარმოთქვეს. ეს სადამსჯელო რიტუალი ჩვენ შორიდან გვაყურებინეს, ყოფილი პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან – ციხედ ჰქონდათ გადაკეთებული. ჩვენი ჯერი რომ დადგა, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს შანსი მოგვცეს, ”თუ მოინანიებთ, ხალხს დაუჩოქებთ და პატიებას სთხოვთ, მერე სამი დღე და ღამე მეტანიების კეთებაში გაატარებთ შეგინდობთო.” ჩვენც დავთანხმდით. ლიბერალური შურისძიებით აღვსილებმა ყველაფერს გავუძელით, ჩვენს იდეოლოგიურ წინაპრებს შევპირდით, რომ ჩვენს შვილებს როგორც მინიმუმ რევოლუციამდელ მსგავს საქართველოში მაინც ვაცხოვრებდით. მართალია, შეგვეძლო თავი გაგვეწირა, მაგრამ ვინღა დარჩებოდა? ჩვენი იდეალებისთვის თავი დავიმცირეთ, იმ იმედით, რომ ჩვენს შვილებს ნორმალური ცხოვრების შანსს გავუზრდიდით. სამი დღის მერე ჩვენი ხალხის ლიდერი, აწ უკვე რეგენტად წოდებული, ტახტრევანიდან ჩამოვიდა. სანამ მოგვიახლოვდებოდა მედავითნეებს ტაშტების მოტანა უბრძანა. მოვიდა და როგორც ქრისტემ – თავის მოწაფეებს, ისე დაგვბანა ფეხები. ეს პატიების ნიშანი იყო – რეგენტმა ჩვენს წინაშე თავი დაიმდაბლა; შესაბამისად, ჩვენს ინტეგრაციას ქრისტიანულ საზოგადოებაში რეზოლუცია დაადო. ფიცარნაგიდან ჩამოსვლისას მშობლები შეგვეგებნენ და ჩვენი დაბრუნება, როგორც უძღები შვილებისა, იზეიმეს.

დარბაზში მარტო მე და ჩემი მეგობარი ვიყავით. აქაურობა როგორც წესი შებინდებისას ივსებოდა. ოთხშაბათობით და პარასკევობით ვიკრიბებოდით, რადგან ამ დღეებში მართლმადიდებლური პატრულის თანამშრომლების უმეტესობასაც უშვებენ სახლში და ქუჩაში მალულად მოძრაობა უფრო ადვილდებოდა. ჩვენი დიდი შრომის შედეგად დარბაზში პატარა მაგნიტოფონიც გვედგა, რომლითაც აკრძალულ მუსიკას ვუსმენდით ხოლმე. ამჯერად Led Zeppelin-ის We Gonna Groove მქონდა ჩართული და გიჟურად ვაქნევდი თავს – მიყვარდა მოგონებების მეშვეობით რევოლუციამდელ საქართველოში მოგზაურობა. ეს ყველაზე ლიბერალური პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, მანამდეც ტირანია იყო – მომავალს კი ვერ მოვესწარით. მუსიკის საქმეც ცუდად არის. რაღაც ”მართლმადიდებლური ჟღერის კომისია” კურირებს ამ სფეროს. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ Radiohead-ის Creep დაუშვეს ოფიციალურად, როგორც თვითდამდაბლებისა და ამპარტავნების წინააღმდეგ მიმართული სიმღერა. მოცარტითაც გაგვანებივრეს, ”ეგ მწვალებლური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდაო, მისი მუსიკა თვით ღვთის გალობააო” – ეტყობა რომელიღაც დეგენერტმა ცენზორმა ფორმანის ”ამადეუსს” უყურა, რადგან იმავე საღამოს ეგ ფილმიც გაათეთრეს და აკურთხეს.

ჩვენი დარბაზი მიწის ქვეშ მდებარეობდა, ძველი თბილისური გვირაბის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს კუნჭულები არ გამოკვლიეს, შიგ სატანა იმალებაო ერთ-ერთმა კურთხეულმა თეთრმა მაგმა განაცხადა. სწორედ ამიტომ ჩვენი მუსიკის, კინოსეანსებისა და ღრიალის ხმა გარეთ არ გადიოდა. სატრაპეზოს 24 საათის განმავლობაში ვამუშავებდით, მარხვის დღეების დროს მუშაობაზე კურთხევა გვქონდა აღებული. დახლთან სულ იდგა ერთი ჩვენიანი. თუ ვინმე შემოვიდოდა და ”ფერეიდნულ თაფლს” იკითხავდა ე.ი. ჩვენიანი იყო, მას სარდაფამდე მოაცილებდნენ და მერე უკვე თვითონაც აგენებდნენ. ჩემი თავი ალკაპონეს მაგონებდა, ჩვენი სატრაპეზო კი 20-იან წლების ამერიკელი ბუტლეგერების ბუდეს – ოღონდ ვისკის ნაცვლად აქ თავისუფლებას ვშთანთქავდით.

დახლთან ჩვენი ლიბერალური საძმოს ერთ-ერთი წევრი იდგა. თუ ვინმე საეჭვო პიროვნება, მართლმადიდებელი პოლიციელი ან სასულიერო პირი შემოვიდოდა, ის საიდუმლო ღილაკს აჭერდა ხელს, რომლის მეშვეობითაც დარბაზში წითელი ნათურები ინთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშეტიდან ჩვენი ჯოჯოხეთური აქტივიზმის ხმები არ ამოდიოდა, მაინც ვჩერდებოდით ხოლმე – მაინც ძალიან დიდი რისკი იყო. ერთია როცა გახრწნილ და ევროპაზე ორიენტირებულ საქართველოში ლიბერალობ და მეორე როცა ფუნდამენტალისტებთან შერიგებული დისიდენტობ. ამის გამო სიკვდილით დაგვსჯიდნენ. სიკვდილით დასჯის შესახებ საქართველოს ქრისტიანულ მთავრობას თავისი ახსნა ჰქონდა, მათი თქმით ცოდვილები ცეცხლში იწმინდებოდნენ თავისი ცოდვებისგან და საიქიოში ნაკლებად დამძიმებულები ხვდებოდნენ უფალს – შესაბამისად, ცის სასუფეველში მოხვედრის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. წინასაინკვიზიციო რიტუალებისას ხშირად ყვებოდნენ იმ ქვეყნად გადასული ცოდვილების ისტორიებს, თუმრე ისინი წმინდა ინკვიზიციის წევრებს ხილვებში ეცხადებოდნენ და მადლობებს უხდიდნენ. ”ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც ასე განვწმინდეთ დღემდე მადლობას მიხდის. მართალია, ის ცის სასუფეველში არ არის, მაგრამ არც გეენაში გაუმწესებია შემოქმედს. ის დღეს თავის დარჩენილ ცოდვებს ისყიდის და სალხინებელში მუშაობს. დაკარგულ და დათრგუნულ სულებს გზას უკვალავს,” სიამაყით ყვებოდა მისი ყოვლადუმწმენდელესობა ინკვიზიტორი უნგიაძე.

იმ დღეს დიდი დღე იყო! ბოლოს და ბოლოს უნდა გადაგვეწყვიტა როგორ გვემოქმედა. საჭირო იყო პირველი ნაბიჯი. იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვარსებობდთ – სადღაც ჯურღმულში, მიწის ქვეშ, მაგრამ ვარსებობთ და ჩვენი უნდა ეშინოდეთ, ან იმედი ჰქონდეთ. კრებაზე რამდენიმე იდეა ჩამოიყარა, ძირითადად ბავშვური თამაშები. ყველაზე ექსტრემისტული (ყოველშემთხვევაში იმ ეპოქაში) და გაბედული ჩემმა მეგობარმა წამოაყენა, რომელიც მე მაშინვე მოვიწონე. იდეის მიხედვით, რამდენიმე მოხალისეს (თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოხალისეები ისევ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ვიქნებოდით, სხვებს როგორც უკვე გითხარით კონფორმიზმი და შიში ღრღნიდათ) რეგენტის რეზიდენციის გალავანზე, დიდი შავი ასოებით, უნდა წაეწერა სიტყვა ”ყლე.” ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი სერიოზულ ძვრებს მოახდენდა. რა თქმა უნდა საჯარო არ გახდებოდა და ხალხში ჭორის დონეზე გავრცელდებოდა, მაგრამ ფუნდამენტალისტურ ხელისუფლებას გვარიანად შეაშინებდა. ცხადია ამის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაიზრდებოდა და მართლმადიდებელი პოლიციელები ღვთიური ძაღლებივით ირბენდნე ენა გადმოგდებულები. შესაძლოა აგენტური ქსელებიც გაებათ და ბოლოს ყველანი დავეპატიმრებინეთ. რისკები ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ დრო აღარ ითმენდა.

რას იტყვიან მეზობლები?!

ერთი ჩვეულებრივი, თბილისური საღამო იდგა, ზუსტად ისეთი როგორსაც უნიჭო მწერლები აღწერენ ხოლმე თავიანთ მოთხრობებსა თუ რომანებში, ერთ ჩვეულებრივ თბილისურ სახლში, დაახლოებით ისეთში როგორსაც უნიჭო მწერლები გვიხატავენ ხოლმე, შევიდა ერთი თბილისელი, მთვრალი ყმაწვილი რომელიც ზუსტად ისევე იყო გამოყლევებული როგორც ნახევარი თბილისი, დანარჩენი ნახევარი კიდევ უფრო მეტად, ან ნაკლებად.

ამ დროს მე კარადის თავზე ვიჯექი, ნუ იფიქრებთ რომ მე ვარ ან ე.წ. „ბარაბაშკა“, ან ე.წ. „დამავოი“ , უბრალოდ მე ამ მოთხრობის ავტორი ვარ და მინდა რომ აი იმ კარადის თავზე ვიჯდე.

ყმაწვილი სახლში არ იყო შესული თავზე რომ დედამისი დააცხრა, აი ისეთი ლოთ ყმაწვილებს რომ ყავთ, ცოტა მსუქანი და როგორც დაკაგულ თაობაზე მთხრობელ მწერლებს უწერიათ, დროებისაგან ნაადრევად დაბერებული, თუ რაღაც სხვა, მე მაგათ იშვიათად ვკითხულობ.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ქალმა ატეხა საშინელი კივილი. „რას იტყვიან მეზობლები, თავს მჭრი, მთელი უბნის დასაცინი ხარ“ და სხვა მსგავსი, თბილისელი ლოთი ყმაწვილის დედისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფრაზეოლოგია.

ის იყო ყმაწვილი პასუხის გაცემას აპირებდა, მე კარადის თავიდან ჩამოვხტი და ყმაწვილს სტანდარტული თბილისური ფრაზით მივმართე: „ერთი წუთი რა ჯიგარ!“ , დედამისს მივუტრიალდი და ზუსტად ისე ვაგინე, როგორც ეს ყმაწვილი აგინებდა ხოლმე, ოღონდ ხმადაბლა, მეზობლებს რომ არ გაეგოთ.

ზებრის სიკვდილი (მარაზმი)

წვიმა ნარევად თოვდა.

ქალაქის აურა, მოქალაქეთა ორიგინალურ აზროვნებას ვეღარ აუდიოდა.
ეს დღე ის ერთ-ერთი ბედნიერ დღეთაგანი იყო როდესაც, ყველას განურჩევლად, სქესისა, ასაკისა, რწმენისა, კანის ფერისა და ეროვნებისა თანაბრად შეეძლო ეაზროვნა. თუმცა ჩვენი კორესპონდენტისთვის ხელმიუწვდომელი დარჩა ინფომაცია, იმის შესახებ, ამ დღეს იდიოტები გენიოსების დონეზე ადიოდნენ და ასე თანაბრდებოდა ტვინის მარგი ქმედების კოეფიციენტის საერთო რაოდენობა თუ გენიოსები იდიოტებოდნენ.

მაგარამ ფაქტი ფაქტად რჩება, იმ დღეს თბილისის ზოოპარკში ვიღაცამ ზებრა მოკლა..

%d bloggers like this: