Archive

Posts Tagged ‘ეკლესია’

საუბრები რელიგიაზე – ნაწილი III – შოთა

“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”

შოთა 

– რელიგია განათლების მტერია!
– ძალიან გთხოვ, რაღაც სისულელეებს ნუ მიედ-მოედები. რელიგია ყოველთვის განათლებას აწვებოდა. ბოლო საუკუნეებში მითუმეტეს, სკოლები და მისიები მასიურად იხსნებოდა და გაჭირვებულ და უბრალო ხალხს განათლებას აძლევდნენ.
– მაგ განათლებას არ ვგულისხმობ. კარგია, კი, ძალიან, რომ წერა-კითხვას ასწავლიდნენ და ასწავლიან ხალხს, მაგრამ ვის რად უნდა შენი წერა-კითხვა თუ არაფერი წაიკითხე. ბიბლიაც კი არ აქვს ხალხს ნორმალურად წაკითხული. მეორეც, მე, თვითონ რელიგიურ განათლებაზე ვსაუბრობ. მოდი თავი დავანებოთ ზოგადად რელიგიას, ვისაუბროთ თანამედროვე მართლმადიდებურ ეკლესიაზე, ისიც მარტო ქართულზე და პრინციპში ამავე კონტექსტში შეიძლება რუსულიც ჩავსვათ.
– კარგი, გისმენ.
– აი, აიღე საშუალო სტატისტიკური ქართველი მორწმუნე და ჰკითხე, რატომ სწამთ ღმერთის. არა… რატომა არიან ისინი მართლმადიდებლები და არა კათოლიკეები, ან ბაპტისტები, ან ზოგადად პროტესტანტები.
– მერე?
– ვერც ერთი ვერ გეტყვის. ნებისმიერი მათგანი გიპასუხებს, რომ ისინი იმიტომ არიან მართლმადიდებლები, რომ მათი წინაპრები იყვნენ. რელიგია, დღეს, საქართველოში, არ არის სულიერი მდგომარება, ან სულიერების საზრდო, ან თუნდაც გზა რომელზეც ადამიანი ჭეშმარიტების გამო დგას – რელიგია ეს სოციალური მოვლენაა, ერთგვარი სტატუსი, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. ვთქვათ, ისევე როგორც, აზნაურობა ან თავადობა და ა.შ. ეს არის იდეოლოგია, რომელსაც ადამიანები მონურად მიჰყვებიან და ეშინიათ თავისუფლების. ზოგჯერ, ლაჩრების და უპასუხისმგებლო, ხელმოცარული ადამიანების თავშესაფარია. ადამიანი რომელსაც არაფერი გამოსდის, რომელიც წარუმატებელია ან რამე უედურება დაატყდება, საკუთარ თავს კი არ დააბრალებს ამ ყველაფერს, არა! ყველაფერი ღმერთის ნებაა. ხო შეიძლება რომ ამ ფრაზას მივცეთ ერთგვარი ინტერპრეტაცია და ვთქვათ ასე: “ყველაფერში დამნაშავე ღმერთია!” რატომ უნდა ღმერთს შენი წარუმატებლობა და უბედურება? იმიტომ რომ მან აგაცილა საფრთხე და ბოროტება, ან იმიტომ რომ დაგსაჯა, შენი ან სულაც ბაბუაშენის მიერ ჩადენილი ცოდვიდ გამო. ან სულაც იმის გამო, რომ რომელიღაც გაუნათლებელმა მღვდელმა დაასვკნა, რომ შეიძლება შენი წინაპარი ეკლესიამ დაეწყევლა – ცუდი საქციელების გამო და ეს წყევლა კი 9 თაობაზე გადადის. შენ რა უნდა ქნა ამ დროს? ილოცო მუხლმოდრეკილმა ან გადაიხადო “სტავკა” და მღვდელი წყევლას გამოგილოცავს. ერთი სიტყვით, ამათ ღმერთი ჰგონიათ ბოროტი დეგენერატი.
– რაღაც მომენტში მართალი ხარ, მაგრამ არც მასე სავალალოდაა საქმე.
– კარგი რა. ოჰაიოელი სექტანტებივით ცხოვრობს მთელი ერი, მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს ელიან დღე და ღამე. მოკლედ, ამ ხალხს არ აქვს არანაირი საფუძველი სწამდეთ ღმერთის ან იდგნენ ამ გზაზე.
– სისულელეა, ჯერ ერთი ამ ხალხს აქვს იმედი!
– რისი?
– გადარჩენის. ჩვეულებრივი ორგანიზებული, იერარქიული სისტემაა. ვიღაც ლიდერი მიგიძღვება კონკრეტული პუნქტისკენ, შენ ირჩევ ან გაჰყვე ან არა. შეიძლება სულაც არ იცოდე სად მიდიხარ, მაგრამ ენდობი, რისკავ, იცი რომ იქ არის გადარჩენა და ამბობ უარს ყველაფერზე და მიდიხარ მხოლოდ იმედის ამარა.
– და რატომ გჭირდება ამ გზაზე ლიდერი? რატომ არ შეგიძლია აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, დაიჭირო გზამკვლევი – რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი გაგება და გააზრება ყველასთვის მარტივია ცოტაოდენი დაფიქრების შემთხვევაში? რატომ უნდა გარისკო და ჩაება ბრმას, რომელმაც არ იცის სად გადაიჩეხება – თუ უკვე გადაჩეხილი არ არის,  როცა შენთვითონ შეგიძლია მართო შენი ცხოვრება. აი, სწორედ ამის ეშინია ორგანიზებულ რელიგიასაც, როგორც კი ადამიანი მიხვდება რომ მისი ცხოვრება თავად მასვე ეკუთვნის და ღმერთისკენ მიმავალ გზაზეც საკუთარი ძალებით შეუძლია დადგეს, მაშინვე დაერხევათ. სწორედ ეგ არის “ოპიუმი ხალხისთვის.”
მეორეც, ძალიან საინტერესო სიტყვა თქვი, თუ წამოგცდა, არ ვიცი, რისკი – ამიხსენი რატომ უნდა იყოს რელიგია რისკი? რას რისკავ? რისთვის? რას ეძებ? არასწორი რომ აღმოჩნდე მერე? და ამის გარძელება უსასრულოდ შეიძლება. ნებისმიერი ასეთი კითხვა კი ყოველთვის მთავრდება ერთი და იგივე პასუხით, რომ შეუცნობელია ნება ღვთისა – თუ როგორც არის. ხალხს აკმაყოფილებს მღვდლის სიტყვა და შესაბამისად ის აღარ ითხოვს ღვთისას. ამათაც მეტი რა უნდათ? თავს არც იწუხებენ და პლიუს რატომ დაკარგავენ ამხელა არმიას, რომელიც ცხვრის ფარასავით მიჰყვება.

წაიკითხე მეტი…

Advertisements

ადამიანი

აპრილი 8, 2010 10 comments

ჩემს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, სახელი არ ვიცი – ალბათ გიორგი ერქმეოდა როგორც ყველა ორიგინალურ ადამიანს. როგორც ორიგინალური სახელის მქონე ადამიანს, თვითონ გიორგიც ორიგინალური იყო. ძალიან განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან. გიორგი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში – ოღონდ ეს მთელი რიტუალი იყო. დილას უთენია დგებოდა, ლოცვას წაიკითხავდა, მსუბუქად ისაუზმებდა და შემდეგ ქალაქის მეორე ბოლოს არსებულ ტაძარში მიდიოდა. იგი ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო საჭირო ვინმეს ცოდნოდა რომ ის ეკლესიაში დადიოდა, არ უყვარდა ამის აფიშირება – “თავმდაბლობა და შინაგანი რწმენა ყველაზე მთავარია” იტყოდა ხოლმე ის. მარხულობდა, ოღონდ ნამდვილი მარხვით. სამარხვო ქაბაბებს და ტორტებს არ ეკარებოდა “მთავარია სულიერ მარხვა, მუცელს რით ამოიყორავ რა მნიშვნელობა აქვს?” იტყოდა ხოლმე. ეკლესიიდან გამოსული მათხოვრებს ბოლო კაპიკებს უყრიდა ხოლმე ხელში, თვითონ კი სახლში ფეხით მოდიოდა. პერიოდულად, თავის დამდაბლების მიზნით თვითონაც დგებოდა ხოლმე მათხოვრად, ეკლესიისგან შორიახლოს ერთი ხალხმრავალი ადგილი ჰქონდა მოგულებული და იქ ითხოვდა წყალობას. რასაც შეაგროვებდა მათხოვრებს ურიგებდა ბოლო კაპიკამდე.

უბანში გამარჯობას არ დაგზარდებოდათ. გამოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ბირჟაზე, გაგვესაუბრებოდა, თუ ვინმე რამე სისულელეს იტყოდა, გულში ლოცულობდა მისთვის. მიაყრიდნენ ხოლმე ბიჭები ათას კითხვას, ჭორად დადიოდა მისი ღვთისმოსავობის ამბავი, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცოდა. დადგებოდნენ მის წინ და იწყებდნენ “ტრიპაჩს” – “აუ დღეს მამაო ვნახე და მაგარი მომსახა იმინა, ღმერთო მაპატიე ეს რას ვამბობს, მარა სახელდობრ (იმინნა* ავტ. შენ.) ეგრე იყო რა,” “ბიჭო ის სოიოს კატლეტები და სასიკები გასინჯე? სამარხვოდ რა მაგარია იცი, ნაღდისგან ვერ გაარჩევ რა” და ა.შ.  ერთხელ, როცა ასეთი საუბარი მოისმინა გიორგის ანაზდად ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ უმალვე მოიღუშა, შეკრთა და ჩუმად წავიდა. ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდა ალბათ როცა ამათი მორწმუნეობა შეაფასა – თუნდაც წამიერად. ერთი თვე არ გამოჩენილა, ვერც კი გავიგე სად იყო, სად იმდაბლებდა თავს და სად ინანიებდა ამ უმძიმეს ცოდვას. მისი ამბავი რომ ვიცი, სადმე რაიონში გადაიხვეწებოდა, რომელიმე ოჯახს დაუდგებოდა მსახურად და ფეხებს დაბანდა ოჯახის უფროსს, და ალბათ სხვა ყველა წევრსაც, ყოველ საღამოს. ხანდახან ვფიქრობდი, რატომ არ მიდის ეს ბიჭი ბერად მონასტერში, განა მისნაირების ადგილი იქ არაა? რომ მთელი თავისი არსება უფალს მიუძღვნან? ალაბთ ოჯახს ვერ ტოვებდა, მათაც ეხმარებოდა, უვლიდა და ემსახურებოდა.
კარგი ადამიანი იყო გიორგი, მისაბაძი; თუმცა ყველა ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა: მეზობელი, უბნის ბიჭი, ნაცნობი თუ უცნობი, ფიქრობდა რომ ის უბრალოდ ყლე იყო.

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ II.)

თებერვალი 11, 2010 12 comments

პირველი ნაწილი (შესავალი)

თავი I.

რევოლუციის გენეზისი

ორი წლის წლინ, 7 იანვრის გამთენისას, უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. მთელს ქალაქში ეკლესიის ზარების გამაყრუებელი რეკვა ისმოდა. პირველად ეჭვი არაფერზე ამიღია, შობის ღამე იყო და ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით რაღაც რიტუალი ტარდებოდა. ძილი გამოტყდა, თან ზარების რეკვაც არ ჩედრებოდა და ლოგინიდან წამოვდექი. მისაღებ ოთხაში გავედი, ფანჯარის რაფაზე სანთელი ენთო, რომელიც თითქმის ბოლომდე იყო ჩამწვარი. მამაჩემი ყოველ შობა ღამეს ანთებდა ხოლმე სანთელს, ეს ტრადიცია დიდი ხნის წინ დამკვირდა საქართველოში. მამაჩემი დიდი მორწმუნე ვინმე იყო, იმდენი ქნა სახლში ხატებს მირონიც წამოადენინა. უბანში რომ ათეიზმზე მეკამათებოდნენ, პირველ არგუმენტად ეს მოჰყავდათ: ”ბიჭო, სახლში მირონმდინარე ხატები გიდევს და რა ურწმუნობა და ლიბერალიზმი აგიტყდაო.” საერთოდ რელიგიაზე კამათი არასოდეს მიტაცებდა, აი ხალხის რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაზე და მათ ფარისევლობაზე კი ცხარე საუბრები მქონდა ხოლმე ყოველთვის. რელიგიურ კამათებში უნებურად ვერთვებოდი ხოლმე, ვიღაც უბნელი მართლმადიდებლები დამისვამდნენ ხოლმე და რაღაც საკითხებზე მეკამათებდონენ. მირონის დენაზე ჩემი თეორიაც წამოვაყენე მაშინ. ვუთხარი ”ალბათ ეს რაღაც მეტაფიზიკური, ან თუნდაც ფიზიკური მოვლენაა-მეთი. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები დღემდე არაა გამოკვლეული, კაცმა არ იცის რა ხდება-მეთქი. იქნებ პოზიტიური ენერგიის გამოყოფის შემდეგ ეს კონკრეტული ობიექტი ამ ენერგიით იმუხტდება და საპასუხო რეაქციას გვაძლევს-თქო? ბოლოს და ბოლოს ძველ ბერძნებს მეხი ზევსი ეგონათ და მზე ჰელიოსის ეტლი-მეთი.” ეს რელიგიური საუბრები მას მერე გავწყვიტე რაც ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ბირჟავიკმა გაკვირვებით მკითხა ”ურწმუნო თომა ვინ არისო” – რა თემაზე ველაპარაკებოდი არ მახსოვს, თომაც რა კონტექსტში მოვიშველიე არც – ის, მაგრამ საპასუხო რეპლიკა ალბათ არასოდეს დამავიწყდება.

ფარდა ფრთხილად გადავწიე, ცეცხლი არ მოედოს – თორე მერე მთელი უბანი იმას ილაპარაკებს აგერ ჩვენი ძმობილი ათეისტი ღვთიური სანთელით გაჩენილ ხანძარში ჩაიფერფლაო. ქუჩაში რაღაც უცნაური ატმოსფერო იყო, სიწყნარე იყო, არავნ ჩანდა მაგრამ გულმა მაინც რეჩხი მიწყო. სწორედ მაშინ ახლიდან შემოკრეს ზარებს და რაკარუკის ახალი ციკლიც დაიწყო. შორიდან, რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან კვამლიც გამოჩნდა. 1832 წლის შეთქმულების გეგმა გამახსენდა და იასე ფალავანდიშვილს რომ არ გავეყიდეთ ალბათ ასეთი რაღაც მოხდებოდა მაშინაც-მეთქი. ფანჯარა მიხვურე, იქიდან მაინც არაფერი ჩანდა და ტელევიზორში მაინც ვნახავ წირვიდან პირდაპირ ეთერს, იქნება რამე ახალი რიტუალია რომელიც მე არ ვიცი-მეთქი. ჩემდა გასაკვირად ყველა არხი გათიშული იყო, საერთოდ იმ ხანად სავალდებულო იყო საშობა და სხვა სადღესასწაულო წირვების პირდაპირ ეთერში გადმოცემა და გამიკვირდა. მართლმაიდებლურ არხზე გადავრთე, წირვის ნაცვლად სტუდიაში მჯდარი მამაკაცის (ეს მამაკაცი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია – პოსტრევოლუციურ საქართველოში ის უმაღლეს ინკვიზიტორ უნგიაძედ მოგვევლინა). ”აღსრულდა ნება ღვთისა! საქართველო განთავისუფლებულია! ჩვენი მრევლი მყარად არის გამაგრებული ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების შენობებში. პრეზიდენტი, პოლიცია, ჯარი და სხვა თანამდებობის პირები დამორჩილდნენ წმინდა ქრისტიანული რევოლუციას.” რამდენიმე დღის მერე პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მონასტრებში გაამწესეს ცოდვების გამოსასყიდად, ისინი ბედს დამორჩილდნენ ქვეყნის მოქალაქეებს გადარჩენა და ღვთის ნების აღსრულება მიულოცეს. იმავე დღეებში მასიური დაპატიმრებებიც დაიწყო.

– გარეთ  ნუ გახვალ სანამ არ დაწყნარდება ყველაფერი, მერე იქნებ მამა გერასიმესთან გავაწყო რამე და შეგინდონ ყველაფერი. – მამაჩემს ძალიან ეშინოდა რომ მეც დამიჭერდნენ იმის გამო რომ ათეისტი ვიყავი და თან ქრისტიანულ წრეებში მეტად არაპოპულარულ პიროვნებებთან ვმეგობრობდი. მამას ხშირად ვეკამათებოდი ხოლმე. მისი აფიშირებული რწმენა ნერვებს მიშლიდა. ძალიან უყვარდა ხოლმე ხატების წინ დგომა და ხმამაღლა ლოცვა, ბოლოს კი მხრის ამოგდებამდე მიახლოებული მოძრაობით იწერდა პირჯვარს – თავიდან ამაზე ვიცინოდი, მაგრამ თანდათან მომბეზრდა და მაღიზიანებდა. ცხადია ამის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მხოლოდ ერთხელ ვესროლე სახარებიდან ერთი პერიფრაზი ”ისე ილოცეთ რომ სხვებმა ვერ დაგინახონ, არ გაგიგია?” ერთხელ დედაჩემს, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ჩემს იდეოლოგიასთან, ისიც ვუთხარი ”დედა ძალიან გთხოვ მამაჩემს უთხარი, რომ ძალინ მწყინს როცა ვხედავ რომ მასაც ისეთივე მენტალიტეტი და ფასეულობები აქვს, როგორიც იმ ადამიანებს ვისაც მე იდიოტებს ვუწოდებ-მეთქი.” დედაჩემმა გაიღიმა და არაფერი მიპასუხა. საერთოდ მე ყოველთვის მწამდა იმის, რომ დედაჩემი გულის სიღრმეში მაინც ამაყობდა ჩემით და მიუხედავად იმისა რომ რელიგიაზე და კრლერიკალიზმზე მისთვის მიუღებელი აზრი მქონდა მაინც უხაროდა ჩემი განსხვავებულობა, დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადად ის რომ ჩემი აზრი გამაჩდნა რაღაცის შესახებ, თუნდაც ეს მცდარი ყოფილიყო – მისი აზრით.
– რა ხდება საერთოდ? რას აპირებთ – მრავლობითობის ნიშანი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვთქვი, იმის იმის გამოსახატად, რომ მამაჩემსაც რევოლუციონერად და ქრისტიანული რეჟიმის მხარდამჭერად მოვიაზრდებდი. დედაჩემმა როგორც ყოველთვის სიტუაცია კარგად გაიაზრა და ვიდრე ჩემსა და მამაჩემს შორის ვერბალური ბრძოლა გაიმართებოდა ერთგვარი მანდილი ჩააგდო:
-მერე იქნებ უცხოეთში გაგიყვანოთ, ან სოფელში წახვალ – იქ ხო იცი მაინც სხვა ხალხია და სხვანაირად აზროვნებენ.
ჩემს სოფელში კლერიკალიზმი და ზოგადად ორგანიზებული რელიგია სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, საეროთ ფეხებზეც ეკიდათ – ცხადია ძირითად მასას ვგულისხმობ. პანაშვიდებზე მოსულ მღვდლებს ჭირისუფლებიც კი ეკაიფებოდნენ, ”ე მანდ, სახრჩოლავში ანაშა ხო არ გიყრიაო” მოაძახებდნენ ხოლმე. მღვდელი და ეკლესია იქ უბრალოდ წარსული გადმონაშთი, ერთი უსარგებლო ტრადიცია იყო, დახლოებით ისეთივე როგორიც მეკვლის ინსიტიტუტია. ბავშვობაში, ასე 14 წლის რომ ვიყავი ძლიერ მორწმუნე ვიყავი, ყოველშემთხვევაში ასეთად ვთვლიდი თავს. ჩვენი უბნის ტაძარში დავდიოდი, სადაც იქაური დიაკონი ხუცურად წერა-კითხვას მასწავლიდა. მრევლის ბავშვებში ყველაზე დამჯერი და ჭკვიანი ვიყავი და მედავითნეობასაც მიწინასწარმეტყველებდნენ. ზაფხულში სოფელში ჩავდიოდი და იქაურებს რელიგიაზე ვეკამათებოდი, მიყვარდა ხოლმე ეს საუბრები. წინააღმდეგობის კომპლექსი მაქვს და ალბათ ამის ბრალია რომ ჩემი დისკუსიაში ჩათრევა დღემდე ძალიან ადვილია. ხშირად ვჩხუბობდი ხოლმე  (სიტყვიერად), მღვდლებზე როცა ხუმრობდნენ, მკითხავებთან დადიოდნენ, ტრადიციებს არ იცავდნენ და ა.შ. წლების მერე კი მივხვდი, რომ ხალხი რომელსაც ჩვენი ელიტური საზოგადოება ჩამორჩენილს ეძახის, მენტალურად გაცილებით წინ იყო ვიდრე ნებისმიერი ე.წ. ქალაქელი. წარმომიდგენია იმ ხალხისთვის საფუძვლიანი ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება რომ მიეცა ვინმეს რას იზამდნენ…

უცხეოთში გაძრომის იდეა თავიდანვე არ მომეწონა, არ მიყვარდა გაქცევა. მითუმეტეს ეს ქვეყანა არავიზე ნაკლებად მიყვარდა და თუ სხვისთვის პატრიოტიზმი გულზე მჯიღის ცემა და ნაირ-ნაირი სადღეგრძელოების რახუნი იყო, მე ეს ჯანსაღი და ლიბერალური საზოგადოების მშენებლობაში ერთი აგურის დადებად წარმომედგინა. გადავწყვიტე იმ ეტაპზე ბედს დავმორჩილებოდი და სოფელში გადავმალულიყავი ცოტა ხნით, მითუმეტეს რეაქციული მორაობა იმ ხანად საერთოდ არ არსებობდა. ყველა ჩემი თანამოაზრე და მეგობარი დაპატიმრებული იყო და წმინდა ინკვიზიციის ნებას ელოდა.

რევულიციიდან ორი კვირის თავზე სატელევიზიო მაუწყებლობა განახლდა. მანამდე მხოლოდ მართლმადიდებლურ არხზე გადიოდა ქადაგებები და ლოცვები. ყველა არხზე დაიწყო მამხილებელი გადაცემები. დაპატიმრებული ადამიანების დოსიეებს წმინდა ინკვიზიციის ხელმძღვანელი უნგიაძე გვაცნობდა, შემდეგ მათი დანაშაულის და ამ დანაშაულის სიმძიმის შესახებ გვიამბობდა. დაპატირემბულთა შორის არ იყო არც ერთი ყოფილი ხელისუფალი, არც ერთი პოლიტიკოსი და არ ერთი ე.წ. ინტელიგენტი. დამნაშავეთა ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და მათი მეგობრები. წმინდა ინკვიზიტორმა უნგიაძემ პირველი გადაცემაში გვამცნო, რომ რამდენიმე ტელეწამყვანი, ორი არასამთავრობოელი (განსაკუთრებით ოდოიზური ფიგურები) და ერთი პოეტი სულ მალე განსაწმნდელი ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ და ცოდვა გამოსყიდულები ჩაბარდებოდნენ უფალს.
– ამათ ვინღა განწმენდ ძალიან მაინტერესებს. – სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა. მამაჩემი მორჩილად შემოუძღვა მართლმადიდებლური პოლიციის წარმომადგენლებს და იქვე კუთხეში თავდახრილი დადგა. როცა კიბეებზე ჩავყავდი, უნგიაძის სიტყვები წამომეწია: ”წმინდა ინკვიზიცია მესიის მახვილია! იოანე ნათლისმცემლის მისია გვაკისრია! ჩვენ შევამზადებთ და განვწმენდთ საქართველოს მეორედ მოსვლამდე.”

მე დამაპატიმრეს.

%d bloggers like this: