Archive

Posts Tagged ‘დედა’

მე, ღმერთი და დედაჩემი

“დედა, ახალ სამსახურში გადავედი.”

“მადლობა ღმერთს!” – ზედაც არ მიყურებს.

“დე, დამაწინაურეს.”

“მადლობა ღმერთს!” – იღიმის

“დე, ახალ პროექტს ვიწყებთ მე და ჩემი მეგობრები, ძალიან მაგარი იქნება, ყველა აქამდე გაკეთებულ მსგავს პროექტს ვაჯობებთ.”

“ღმერთმა ქნას!” – იმედიანად მიშტერებია რაღაც წერტილს.

“დე, კაი წელი მექნება და სადმე კაი ადგილას წავალ დასასვენებლად.”

“ღმერთმა გისმინოს!”

რამდენიმე დღის წინ, სამსახურიდან გამოვედი, ხელფასი ახალი ჩარიცხული იყო და ბანკომატიდან ჩვეულებისამებრ 50 ლარამდე ჯიბის ფული გამოვიტანე. საერთოდ ძლივს მივეჩვიე ბარათით გადახდას, პენსიონერივით ბანკომატიდან გამომქონდა და ისე დავდიოდი საყიდლებზე, სადლზე ან გასართობად. მერე ნელ–ნელა მივეჩვიე ბარათის ხმარებასაც, მაგრამ ეს ჩვევა მაინც შემომრჩა. გარეთ რომ გამოვედი შუახნის ქალი მომიახლოვდა, უფრო სწორად მომვარდა და პირდაპირ დაიწყო. ატირებული ხმით მომიყვა, როგორ გარდაეცვალა ქმარი 40 დღის წინ, როგორ აღარ აქვს აღარაფრის საშუალება და როგორ მოუვიდა გაზის ქვითარი და თუ ხვალამდე არ გადაიხდის აუცილებლად ჩაუჭრიან. ხელში ფურცელი მომაწონდა, მეგონა “მთავრობის კაცი” ვეგონე და განცხადებას, თხოვნას ან რამე მსგავსს მაწვდიდა, ქვითარი იყო.

“რით დაგეხმაროთ ქალბატონო?”

“არ ვიცი შვილო, მხოლოდ 6 ლარი მაქვს, არ ვიცი, მამა მარკოზთან მივიდვარ ახლა იქნება რამე მიშვლოს.”

ძნელია გაჭირვების ჟამს ადამიანს მარკეტინგული გათვლების ჩატარება მოსთხოვო, თუმცა, “მამაოს” ხსენება არც თუ ისე სპონტანურად მოხდა, ალბათ, კარგად გაყიდვადი პროდუქტი დაიდო, ოღონდ აბსოლუტურად სხვა ბაზარზე. ჯიბეში რკინის ლარიანები მქონდა, მაგრამ რატომღაც შემრცხვა ხელფასახალდარიცხულზე ასე ცოტას მიცემა და საფულედან 20 ლარიანი ამოვიღე.

“აი, ეს ქალბატონო, მეტის საშუალება ამჯერად არ მაქვს.”

იქვე ტაქსი მელოდებოდა, მისი მადლობებისთვის და ლოცვისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირდაპირ ჩავხტი და მიმართულება ვუთხარი. იმ მომენტში, როცა ამ ქალბატონს 20 ლარი გადავეცი, მე და ღმერთმა ერთი რაოდენობის მადლობები მივიღეთ. თუმცა, ეს დიდად არ მომეწონა, მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან გამათანაბრეს. ნეტა რა ვქენი? 20 ლარად ადგილი ვიყიდე სამოთხეში? ან კიდევ ერთი პლიუსი წმინდა პეტრეს დავთარში? არადა, რატომ, ისინი არაფერ შუაში არიან და საერთოდაც არ უნდა მიმეცა ის ფული. წასულიყო მამა მარკოზთან და ის დახმარებოდა, ან მრევლი.

მანქანაში რომ ვჯდებოდი იმ ქალის ხმა მომესმა, დაცვის ბიჭს ეკითხებოდა, ვინ არის ეს? რა თანამდებობა აქვს? ცოტა ფული ვთხოვე და 20 ლარი მომცაო. ანუ დღეს საღამოს როცა მის მეზობლებს, მეგობრებს, თანამრევლელებს, ნათესავებსა და თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის სურათს ჩემს ამბავს მოუყვება აუცილებლად შეეწირება ღმერთს კიდევ ბევრი მადლობა, ერთი ორს ჩემთვისაც გაიმეტებენ, ალბათ, შეიძლება უფრო მეტიც ან ისევ ღმერთთან გამათანაბრონ, არ ვიცი. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი.

სადღაც ორთაჭალაში ვიყავი უკვე, როცა ამ ქალს ერთი კარგი ნათესავი გამოვუძებნე, “20 ლარის მოცემა თუ შეეძლო, ბარემ უფრო მეტი მოეცა, დაენანა?”

და მეც კარგ ხასიათზე დავდექი, ჩემში ისევ დაინგრა გულისხმიერი ძალადობით აშენებული ღვთის ტაძარი.

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:, ,

ევთანაზია

თებერვალი 23, 2011 4 comments

დედა,
გთხოვ არ ილოცო ჩემთვის, შენ იცი რომ მე არ მწამდა ღმერთის, მაგრამ თუ ის არსებობს მაინც არ მიშველის შენი ნათევი ღამეები და ჩემს სულზე საზურნავად დახარჯული ენერგია. ყველა წესითა და რიგით მე უკვე ჯოჯოხეთში ვარ. საუკეთესო შემთხვევაში, რომლითაც უკუნითი უკუნისამდე ბედნიერი ვიქნები, რომელიმე ქვაბში მხარშავენ ან ნაწილებად მკუწავენ და ისე მაწამებენ ადამიანის ფანტაზია რომ ვერ გასწვდება ამის წარმოდგენას. მოკლედ, დამიჯერე, იმაზე უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ვიყავი.
ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თქვენ არ შეწუხდეთ. დაბანა, გაპარსვა და ტანსაცმლის გამოცვლა საჭირო არ იქნება. პირდაპირ კრემატორიუმში გამაქანეთ. ისე, უკან დასახევი გზის დატოვებაზეც ვფიქრობდი. ვინ იცის დადგეს მართლა დრო და მოვიდეს ის, თქვენი ნანატრი, მეორედ მოსვლა, წამოაყენოს ღმერთმა ყველა გვამი და კიდე რამდენიმე დღე აბოდიალოს აქეთ-იქეთ. მაგრამ… ეგ თუ ნამდვილი ღმერთია ფერფლიდანაც აღმადგენს, არ გაუჭირდება.

***
რატომ?
იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ხელმოცარული ტიპი ვარ, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ატყუებდა საკუთარ თავს, რომ ის არაჩვეულებრივად მაგარი ვინმეა, გამორჩეული, ნიჭიერი – ბანალურად ზარმაციც. რომელსაც ქონდა ბევრი აზრი, იდეა და სურვილი, მაგრამ ვერაფრის ასრულებას ვერ ახერხებდა.
იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვიყო გახსნილი და ვიმეგობრო ადამიანებთან, შემოვუშვა ისინი ჩემს სამყაროში.
იმიტომ რომ მე მომწონს გოგონები რომლებიც ოდრი ჰეფბერნს გვანან (თუ არ სჯობიან კიდეც) და რომლებიც მე არასოდეს შემომხედავენ. და თუ შემომხედავენ მე მათი შემეშინდება, იმიტომ რომ ვერასოდეს შევძლებ ვაიძულო საკუთარი თავი მათი შენარჩუნებისათვის ვიბრძოლო.
ხედავ? რა ჩვეულებრივი პრობლემები მაქვს?
მე არ შემიძლია მათი გამოსწორება, ან იქნებ სულაც არ მინდა და მომწონს საკუთარი თავის ტყვეობაში ყოფნა?
მე არ ვნებდები, იმიტომ რომ არც არასოდეს მიბრძოლია.
მოკლედ, ეს არ არის თვითმკველობა, ეს ევთანაზიაა – ჩემში არსებულ ძლიერ ეგოს, მხოლოდ ის ძალუძს რომ უზურპატორი მოკლას.

კატეგორიები:საუბრები, Front ტეგები:,

რას იტყვიან მეზობლები?!

ერთი ჩვეულებრივი, თბილისური საღამო იდგა, ზუსტად ისეთი როგორსაც უნიჭო მწერლები აღწერენ ხოლმე თავიანთ მოთხრობებსა თუ რომანებში, ერთ ჩვეულებრივ თბილისურ სახლში, დაახლოებით ისეთში როგორსაც უნიჭო მწერლები გვიხატავენ ხოლმე, შევიდა ერთი თბილისელი, მთვრალი ყმაწვილი რომელიც ზუსტად ისევე იყო გამოყლევებული როგორც ნახევარი თბილისი, დანარჩენი ნახევარი კიდევ უფრო მეტად, ან ნაკლებად.

ამ დროს მე კარადის თავზე ვიჯექი, ნუ იფიქრებთ რომ მე ვარ ან ე.წ. „ბარაბაშკა“, ან ე.წ. „დამავოი“ , უბრალოდ მე ამ მოთხრობის ავტორი ვარ და მინდა რომ აი იმ კარადის თავზე ვიჯდე.

ყმაწვილი სახლში არ იყო შესული თავზე რომ დედამისი დააცხრა, აი ისეთი ლოთ ყმაწვილებს რომ ყავთ, ცოტა მსუქანი და როგორც დაკაგულ თაობაზე მთხრობელ მწერლებს უწერიათ, დროებისაგან ნაადრევად დაბერებული, თუ რაღაც სხვა, მე მაგათ იშვიათად ვკითხულობ.

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ქალმა ატეხა საშინელი კივილი. „რას იტყვიან მეზობლები, თავს მჭრი, მთელი უბნის დასაცინი ხარ“ და სხვა მსგავსი, თბილისელი ლოთი ყმაწვილის დედისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ფრაზეოლოგია.

ის იყო ყმაწვილი პასუხის გაცემას აპირებდა, მე კარადის თავიდან ჩამოვხტი და ყმაწვილს სტანდარტული თბილისური ფრაზით მივმართე: „ერთი წუთი რა ჯიგარ!“ , დედამისს მივუტრიალდი და ზუსტად ისე ვაგინე, როგორც ეს ყმაწვილი აგინებდა ხოლმე, ოღონდ ხმადაბლა, მეზობლებს რომ არ გაეგოთ.

%d bloggers like this: