Archive

Posts Tagged ‘ადამიანი’

ადამიანი

აპრილი 8, 2010 10 comments

ჩემს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, სახელი არ ვიცი – ალბათ გიორგი ერქმეოდა როგორც ყველა ორიგინალურ ადამიანს. როგორც ორიგინალური სახელის მქონე ადამიანს, თვითონ გიორგიც ორიგინალური იყო. ძალიან განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან. გიორგი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში – ოღონდ ეს მთელი რიტუალი იყო. დილას უთენია დგებოდა, ლოცვას წაიკითხავდა, მსუბუქად ისაუზმებდა და შემდეგ ქალაქის მეორე ბოლოს არსებულ ტაძარში მიდიოდა. იგი ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო საჭირო ვინმეს ცოდნოდა რომ ის ეკლესიაში დადიოდა, არ უყვარდა ამის აფიშირება – “თავმდაბლობა და შინაგანი რწმენა ყველაზე მთავარია” იტყოდა ხოლმე ის. მარხულობდა, ოღონდ ნამდვილი მარხვით. სამარხვო ქაბაბებს და ტორტებს არ ეკარებოდა “მთავარია სულიერ მარხვა, მუცელს რით ამოიყორავ რა მნიშვნელობა აქვს?” იტყოდა ხოლმე. ეკლესიიდან გამოსული მათხოვრებს ბოლო კაპიკებს უყრიდა ხოლმე ხელში, თვითონ კი სახლში ფეხით მოდიოდა. პერიოდულად, თავის დამდაბლების მიზნით თვითონაც დგებოდა ხოლმე მათხოვრად, ეკლესიისგან შორიახლოს ერთი ხალხმრავალი ადგილი ჰქონდა მოგულებული და იქ ითხოვდა წყალობას. რასაც შეაგროვებდა მათხოვრებს ურიგებდა ბოლო კაპიკამდე.

უბანში გამარჯობას არ დაგზარდებოდათ. გამოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ბირჟაზე, გაგვესაუბრებოდა, თუ ვინმე რამე სისულელეს იტყოდა, გულში ლოცულობდა მისთვის. მიაყრიდნენ ხოლმე ბიჭები ათას კითხვას, ჭორად დადიოდა მისი ღვთისმოსავობის ამბავი, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცოდა. დადგებოდნენ მის წინ და იწყებდნენ “ტრიპაჩს” – “აუ დღეს მამაო ვნახე და მაგარი მომსახა იმინა, ღმერთო მაპატიე ეს რას ვამბობს, მარა სახელდობრ (იმინნა* ავტ. შენ.) ეგრე იყო რა,” “ბიჭო ის სოიოს კატლეტები და სასიკები გასინჯე? სამარხვოდ რა მაგარია იცი, ნაღდისგან ვერ გაარჩევ რა” და ა.შ.  ერთხელ, როცა ასეთი საუბარი მოისმინა გიორგის ანაზდად ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ უმალვე მოიღუშა, შეკრთა და ჩუმად წავიდა. ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდა ალბათ როცა ამათი მორწმუნეობა შეაფასა – თუნდაც წამიერად. ერთი თვე არ გამოჩენილა, ვერც კი გავიგე სად იყო, სად იმდაბლებდა თავს და სად ინანიებდა ამ უმძიმეს ცოდვას. მისი ამბავი რომ ვიცი, სადმე რაიონში გადაიხვეწებოდა, რომელიმე ოჯახს დაუდგებოდა მსახურად და ფეხებს დაბანდა ოჯახის უფროსს, და ალბათ სხვა ყველა წევრსაც, ყოველ საღამოს. ხანდახან ვფიქრობდი, რატომ არ მიდის ეს ბიჭი ბერად მონასტერში, განა მისნაირების ადგილი იქ არაა? რომ მთელი თავისი არსება უფალს მიუძღვნან? ალაბთ ოჯახს ვერ ტოვებდა, მათაც ეხმარებოდა, უვლიდა და ემსახურებოდა.
კარგი ადამიანი იყო გიორგი, მისაბაძი; თუმცა ყველა ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა: მეზობელი, უბნის ბიჭი, ნაცნობი თუ უცნობი, ფიქრობდა რომ ის უბრალოდ ყლე იყო.

Advertisements
%d bloggers like this: