Archive

Archive for the ‘პათეტიკა’ Category

მამაო ჩვენო

ოქტომბერი 14, 2012 2 comments

– თომა!
პასუხი არ არის.
– თომა!
პასუხი არ არის.
– სად შეიყუჟა ეს ბავშვი, ამ წამს არ შემოვიდა სახლში? – დედა სწრაფი ნაბიჯით გაეშურა შვილის ოთახისკენ, კარი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შეღებული, რომ დაიწყო: -წამოდი, თორე გაგიცივდება ის საჭმელი… რა გჭირს? რა მოგივიდა?
ოთახში მდგარ თომას მივარდა, ჯერ დაკაწრული და დახეთქილი სახე შეუთვალიერა, მერე ხელები, ფეხები,დასისხლიანებული და დახეული პერანგი, შეატრიალა, შემოატრიალა.
– რა მოხდა? რა უბედურებაა ეს?
ასეთ მომენტებში დედები რატომ ყვირიან აუხსნელი მოვლენაა. შეიძლება გაბრაზებულები არიან, უმნიშვნელო იარების გამო ასე რომ ანერვიულეს ან საკუთარი შვილის ლავირების უნარით არიან უკმაყოფილონი, რომელმაც თავი ვერ აარიდა კონფლიქტს და თავი ასეთ მდგომაროებაში ჩაიგდო. შეიძლება ეს უმისამართო ბრაზიც კია, რომელიც მიმართულებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დამნაშავე გაირკვევა. შეიძლება ცხოვრებასა და სამყაროზე გაბრაზებაა, რომელშიც ძალადობა სუფევს და ეს ურთიერთობის ყველაზე მიღებული ფორმაა. გაბრაზების და ისტერიკის საპასუხოდ შვილები ჩუმად დგანან, დარცხვენილები უყურებენ დედას, სადმე ლოყაზე ან სხეულს იმ ნაწილზე, რომელზეც ჩახუტებისას თავს ადებენ ხოლმე. ამ მომენტში შვილები ახლიდან გადიან თავსგადამხდარ ეპიზოდს და ზუსტად იმავენაირად გრძნობენ ტკივილს, სიძულვილს, ბრაზს, ამპარტავნებას ან სიამოვნებას, როგორც ჩხუბის მომენტში. ისინი ამ დროს ყველაზე უმანკოები და სუსტები არიან, მათ თავისი საქციელისაც რცხვენიათ, მიუხედავად იმისა, დამნაშავენი იყვნენ თუ არა, და დედისაც, რომელიც მათ წინ დგას მუხლებზე და ზუსტად ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ჯვარზე გაკრული ქრისტეს შემხედვარე ღვთისმშობელს. ვინ იცის იქნება მარიამიც ბრაზობდა თავის შვილზე, რომელმაც თავი არ აარიდა ადამიანთა ბრბოებს და პირდაპირ ლომის ხახაში ამოყო თავი. იქნებ იდგა და ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ დარჩენილიყო ეგვიპტეში და ემიგრაციაში ეცხოვრათ მთელ ოჯახს, მე შენ გეტყვი იოსები სამსახურს ვერ იშოვიდა თუ დეპორტაციას გაუკეთებდნენ საბუთების უქონლობის გამო. და იქნებ იესოც ზუსტად ისევე დარცხვენილი უყურებდა დედამისს და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბოლოჯერ მაინც ჩახუტებოდა. ასეთ ღვთაებრივად უმანკო მომენტებს როგორც წესი მამები არღვევენ, რომლებიც ან მიწისძვრას ახდენენ და ტაძარში ფარდას ფხრეწენ, ან ოთახში შემობოდიალდებიან, თან სიგარეტის სუნს შემოიყოლებენ და იჭვნეულად იკითხავენ:
– რა ხდება?
– იჩხუბა, ალბათ – ცრემლნარევი ხმით უპასუხა მარიამმა, ამ შემთხვევაში თომას დედამ.
– მერე რა გატირებთ? ან ერთს, ან მეორეს? – მამებს სენტიმენტების არ სჯერათ, ხშირად, ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მამას, თომას მამას, იოსებს, დიდად არ უყვარდა სენტიმენტები. არადა ბიჭებს ძალიან უყვართ, როცა მამები ეხუტებიან, მხარზე ხელს უთათუნებენ და აქებენ. დედა სხვაა, დედა ეს არის ნავსაყუდელი, სადაც ბრძოლის შემდეგ მიდიხარ და ისვენებ, დედასთან ჩახუტება სახლში დაბრუნებას ჰგავს, ზუსტად რომ იცი ყველა კუთხე-კუნჭული და, ჰა-ჰა, მაქსიმუმ ახალი ნივთი აღმოაჩინო, რომელსაც ასე იშვიათად ყიდულობს დედა, ისევე -როგოროც ახალი ნაოჭი მის სახეზე.
მამა ეს ბრძოლის ყიჟინაა, სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც იარას გიშუშებს ბრძოლისას მოცელილს და ახლიდან გბერავს სულს.
– ვინ გცემა?
ო, ღმერთო, როგორ არ უყვართ შვილებს, როცა მათი გმირები, მათი მამები, მათ დამარცხებულად თვლიან. და სწორედ აქ, ამ დროს, ყველა შვილი დგება ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე. ისინი ან ტყდებიან და ბოლომდე დამარცხებულებად რჩებიან, თანაც ისე, რომ არც არასოდეს ცდილობენ გამარჯვებას და ბრძოლას, ან ბრაზის გზას ირჩევენ და მთელ ცხოვრებას იმის დამტკიცებაში ატარებენ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ბოლოს იმარჯვებენ, ამარცხებენ ყველას და მათ შორის საკუთარ თავებსაც და იმ მამებსაც, რომლებმაც ამ გზაჯვარედინზე დააყენეს.
– ანდა არ მიპასუხო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გცემა, შენი ტოლი იყო თუ უფროსი? თუ ვინმე დიდმა ბიჭმა გცემა მაშინ მითხარი.
– ჩემზე ძლიერია – თავდახრილმა უპასუხა, მისით იმედგაცრუებულ მამას, თან ელოდა როდის მორჩებოდა დედა მის ჭანჭყარს, რაც ტანსაცმლის გასწორების პროცესით იყო გამოწვეული. დედა კვლავ მუხლებზე იდგა და ვერც შვილს და ვერც ქმარს თვალებში ვერ უყურებდა, დარცხვენილი იყო. თითქოს, მისია, რომელიც მას დააკისრეს ჩაუვარდა. ვაჟკაცი, რომელიც სახლში დაუტოვეს აღსაზრდელად, ვერ აღზარდა ისე როგორც მამას უნდოდა. ბიჭებს უყვართ, როცა მათ მამებზე ამბებს უყვებიან, როდესაც ხედავენ, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სინამდვილეში დევგმირები არიან, მაგრამ მხოლოდ მაგალითები და ამბები არ კმარა, უშუალოდ მამებთან ურთიერთობა უნდათ. მერე რა რომ ხანდახან სუსტები არიან და უბრალოდ ნუგეში სჭირდებათ, გამარჯვებული არმიის გენერლებიც ხომ ანუგეშებენ და ეფერებიან თავიანთ რიგითებს?
– და რა გინდა? მე ვცემო? თუ იქნებ მის მშობლებს დავურეკო და დავაბეზღო? რას ნიშნავს ჩემზე ძლიერია, რითია შენზე ძლერი?
– მაღალია, უფრო დიდია, ჭიდაობაზე დადის და ხელებს მიგრეხს ხოლმე.
– ჰოდა, აიღე და ჩაარტყი თავში რამე. წიგნი ან ჩანთა, ან ბოლოს და ბოლოს კვერცხებში ამოსდე. მეორეჯერ ატირებული აღარ დაგინახო!
– ტანსაცმელშემოხეული?
აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში განვითარებული სარკასტულ-ირონიული იუმორი საბოლოო ჯამში ძალიან ძლიერი თავდაცვის იარაღად იქცევა ხოლმე და გარშემომყოფებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ იარაღის მფლობელი კი, როგორც ამერიკელები იტყვიან, მაიმუნს ჰგავს, რომელსაც ხელში სავსემჭიდიანი ავტომატი უჭირავს, აქეთ-იქით დარბის და არც მტერი იცის და არც მოყვარე.
– ტანსაცმელი არა უშავს, მთავარია, იმასაც შემოხეული ჰქონდეს. ახლა რო გიყურებ, დარწმუნებული ვარ, იმას ერთი ნაკაწრიც არ აქვს, ერთი ადგილიც კი არ ექნება გაწითლებული სხეულზე. ხელი მაინც თუ შეუბრუნე?
წაიკითხე მეტი…

Advertisements

It’s never enough

ივნისი 2, 2012 2 comments

როცა ვინმე კვდება, ყოველთვის იმედით ვუყურებ მათ რწმენას და ვფიქრობ, რომ თუ მათ სწამდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, ისინი აუცილებლად მოხვდებიან იმ სამყაროში, რომელიც თვითონ შექმნეს. ეს ის დროა, როდესაც მეც მინდა რაღაცის მწამდეს, იმიტომ რომ სწორედ მაშინ ვგრძნობ როგორ არასოდეს არ იქნება საკმარისი სიცოცხლე.
როცა მეგობრების წრეში ვერთობით, სოციალურ ქსელებში დავძვრებით, ქუჩაში ვსეირნობთ ან უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობთ, სიკვდილის არ გვჯერა, იმიტომ რომ არ გვახსოვს. ის არ არსებობს, ჩვეგან შორს არის და იმის დაშვებაც კი წარმოუდგენელია, რომ ჩვენთან ოდესმე მოვა. მაგრამ ხშირ–ხშირად ის თავს გვახსენებს, მაგალითად როცა გირეკავენ და გეუბნებიან, რომ შენი მეგობარი, რომელიც უცხოეთში იყო სასწავლებლად ფანჯრიდან გადავარდა, იმიტომ რომ სარეცხს ხსნიდა, მაისური გადაუვარდა, გადაწვდა და გადაყვა.
მერე, უცებ, სამყარო, რომელიც აქამდე სიკვდილს არ ცნობდა, მთლიანად იცვლება – იქცევა დიდ სცენად. როცა უბანში ჩადიხარ დეტალების გასაგებად, გარშემო მიმოფანტულ რეკვიზიტებს ხედავ. ამჩნევ რომ “ბირჟაზე” ცოტა ხსნის წინ “შესანდობარის” აქტი გაითამაშეს, თან ექსპრომტად. ალბათ სვამდნენ და უცებ ამბავიც მოვიდა და ყოველდღიური ჩვეულებრივი ჩასკდომა გლოვის ზეიმად გადაიქცა. ზუსტად იცი თითოეული მსახობის როლი, როგორ იცვლიდნენ ისინი ნიღაბს, ერთი – ტირის, მეორე – პირჯვარს იწერს და ამობობს: “რაც გიწერია ის არ აგცდება.” მხოლოდ ორნი დგანან განზე და ზიზღით უყურებენ ნიჭიერ მსახიობებს, რომლებიც შეთრობის შემდეგ გვერდით ეზოში გადაინაცლვებენ და როცა კარის ზღურბლს გადააბიჯებენ უმალ შეიცვლიან ნიღაბს, და ყველამ იცის, რომ მხოლოდ ამ ზიზღში არის ყველაზე გულწრფელი სევდა, გულწრფელი და ბუნებრივი. არც ჭირისუფლის წინ მუხლებზე დავარდნა და მოთქმაა ნამდვილი, არც უბნის ბიჭების დასანახად დაღვრილი ცრემლი და არც განწირული ხმით ამოკნავილი “რას ამბობ, ჩემი დედას შევეცი…!?” მხოლოდ ბრაზი და ზიზღი არის ნამდვილი, რომელიც პათეთიკურ სიღრმეებს წვდება და გაფიქრებს ცხოვრების ამაოებაზე, ორშაბათიდან რომ დიეტას ან სიგარეტის გადაგდებას დაგაგეგმინებს, ან უფრო ძლიერ და დიად მიზნებს გამოგიჩენს ჰორიზონტზე, აი, სწორედ ეგ ბრაზი და ეგ ზიზიღი.
ეს გრძნობა ნამდვილი და ავთენტურია და როგორც ყველაფერი ნამდვილი და გულწრფელი ისიც ცოტაა, მესამე დღეს რომ გაგივლის და ისევ უდარდელად გაივლი ქუჩაში, სიკვდილი რომ კიდევ სადღაც შორს არის წასული და კიდევ რომ არ გჯერა, რომ შენც შეიძლება მოკვდე. და თუ ვინმე შენზე უფრო გაუთავხედდება, მოვა და გაგსრესს. ჩვენ ვკვდებით მაშინ, როდესაც სიკვდილზე ვფიქრობთ, როცა მისი არსებობის გვჯერა და როცა გულხელდაკრეფილები ველით.

მერე ვირტულური პანაშვიდებიც იწყება, მიცვალებულის სურათების ავირთვა, დატაგვა და შეჯიბრი – ვინ უფრო მეტ :(((((( ფრჩხილიან სმაილს დაწერს, ვინ უფრო დააგრძელებს სიტყვას armjeraaaaaaaaaaaaaaa.

5 წლის წინ ძაღლი მომიკვდა, 7 წელი მყავდა, ძალიან მიყვარდა. რო მოკვდა, შევპირდი ამის მერე ცხოვრებაში ძაღლი აღარ მეყოლება და ყოველთვის მემახსოვრები მეთქი. იმიტომ რომ ძაღლებს ყველანი ადვილად ვივიწყებთ, არც მათ სადღეგრძელოს სვამს ვინმე როცა არტისტული ექსპრესიის ზეიმი აქვს სულიერ სამყაროში. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ასე დამეფასებინა.
1 წლის მერე ახალი ძაღლი ვიყიდე… ისიც მომიკვდა. და მალე ალბათ კიდევ ახალს ვიყიდი.

რამდენიმე დღეში ალბათ მის პროფილზე შემოვა ვინმე, დექტივაციას გაუკეთებს, მე ფრენდებში 700–ის ნაცვლად 699 კაცი მეყოლება, მაგრამ მეორე დღეს ვიღაც დამამატებს ან მე დავამატებ და ისევ 700 იქნება. ჩვენ ვცვლით ძაღლებს და ვცვლით ადამიანებს და მოვა დრო როდესაც ჩვენს გამოგვცვლიან.

იმ საღამოს პარიზის დისნეილენდში წასვლა დავგეგმე მეგობრებთან ერთად… “წავიდეთ! you never know, ხვალ შეიძლება მაისურს გადაწვდე და მოკვდე.”

კატეგორიები:პათეტიკა

ბედნიერება

სექტემბერი 8, 2011 9 comments

ამბობენ, ყველა ადამიანის აქვს რაღაც მისია. რა უნდა ქნა როდესაც არ გაქვს? უნდა იპოვო, შეიქმნა და შეუდგე შესრულებას. სათქმელად ადვილია, პრინციპში გასაკეთებლადაც. პირველი დავალება, რომელიც ადამიანს ეძლევა არის, მიხვდეს რომ დამოუკიდებელია და მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი მისიის და მიზნების განსაზღვრა და ასრულებისკენ სწრაფვა. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ის თავის თავს ვერ პოულობს, ხოლო ძიებამ კი ძალიან დაღალა?

ჩემი პაციენტი ახაგაზრდა მამაკაცია, უკვე მეხუთე თვეა ჩემთან დადის. თავისი ყოფილი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნის გამო მოვიდა. ჩემს კარიერაში ყველაზე საინტერესო საქმეა და უნდა გამოვტყდე ყველაზე წარუმატებელიც. ის თვლის რომ თავის ადგილს და მისიას ვერ მიაგნო. როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერი არასოდეს ყოფილა, ბევრჯერ ჩაუქნევია ხელი და ბევრჯერაც უცდია ბრძოლის განახლება. რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. რაღაც საოცარი მეთოდი მოიგონა. შემთხვევამდე 3 დღით ადრე იყო ჩემთან, ზუსტად 3 დღის გავდივარ ქალაქიდანო, კარგი-მეთქი. მესამე დღეს დამირეკა.
“შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე?”
“ჰო იცი რომ არ შეიძლება?”
“თავის მოკვლა ვცადე!”
სახლში რომ შევედი სამზარეულოს იატაკზე იჯდა, დაზიანებული არაფერი ქონდა, არც სისხლის კვალი იყო, არც იარაღი ეგდო სადმე და არც თოკი შემიმჩნევია, არც წამლის ფლაკონი და ტაბლეტები ეყარა.
“რა მოხდა?”
“დეჰიდრაცია”

წაიკითხე მეტი…

აგვისტო

აგვისტო 8, 2011 3 comments

ნიუ-იორკული აგვისტო საშინელებაა, ალბათ ისეთივე, როგორიც სხვა დანარჩენული აგვისტოებიც. საშინელი სიცხეა, გვალვა, ნესტიანი ჰაერი – ისეთი არა, როგორიც ურეკში, მაგრამ შეგიძლია ივარაუდო, რომ ტუბერკულიოზიანიები სწორედ ასე სუნთქვენ.
აივანზე ვისხედით, მე, ბიძაჩემი და მისი მეგობარი. მოცხარის წვენის და არყის კოქტეილს ვსმვამდით და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით. ზვიადიზე საუბარით დავიწყეთ და ბოლო საქართველოს ნატოში შესვლამდეც მივედით. ბიძაჩემის მეგობარი ბრაზობდა, ჯერ იმაზე მეჩხუბა მხედრიონმა რომ სამეგრელო დააწიოკა და არ სჯეროდა, რომ მეც იგივე აზრზე ვიყავი და არც მე მევასებოდა მხედრიონი და შევარდნაძე. მერე საქართველოს მომავალზე და გეოპოლიტიკაზე დამიწყო ჩხუბი.
– რატომაა კარგი? რა გვინდა ავღანეთში ან ერაყში და საერთოდ რატომ ვაძლევთ ამათ ტრაკს?
ამ პატრიოტული პათეთიკის მოსმენისას სახეზე ცინიკური ღიმილი მქონდა მიკრული, აი, ანგლოფონები რომ smirk-ს იტყვიან და ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ის რასაც ვფიქრობდი. რომ ჩვენნაირ ერებს და ქვეყნებს, თუ გადარჩენა უნდათ ტრაკიც უნდა მისცენ და პირშიც აიღონ, თუ არა და სომალის დაემსგავსონ. რომ ყველთვის ასე იყო, ვინც ტრაკს არ იძლეოდა და პირში არ იღებდა, ისინი ვერ განვითარდნენ, განადგურდნენ და ახლა მათი ენის, კულტურის და სულიერების გადასარჩენად ორი ანთროპოლოგი, ლინგვისტი და ისტორიკოსი იბრძვის ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჩვენნაირი ერების და ქვეყნების ერთად ერთი საფიქალი და ამოცანა ისაა, რომ ზუსტად და კარგად შეარჩიონ პატრონი. რომ უკვე წავიდა ის დრო, და პრინციპში არც არასოდეს ყოფილა, როცა ვინმე თავისუფლებისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას აფასებდა.
ჩუმად ვარ, იმიტომ რომ ვიცი, ვერაფერს გავხდები არყით შემთვრალ პატრიოტთან, რომელსაც თავისუფლება უნდა, სამშობლო უყვარს, ისარიც უსროლია და მკვდარსაც კი გააცინებს თუ საჭირო გახდა, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრობს და ტაქსისტად მუშაობს. ხანდახან თბილისში აგზავნის ერთ-ორ მანქანას, რო გაასაღოს და “ორიოდ ცენტი დარჩეს.” ვიცი, რომ ვერასდროს გაიგებს რატომ არ მიყვარს საქართველო, რატომ მირჩევნია აქ ყოფნა და მხოლოდ იმაზე ფიქრი რატომ არ დამპატიჟა ჩემმა ინდოელმა მეგობარმა თავის დაბადების დღის აღსანიშნავ ფართიზე. ან რატომ მინდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი აქ ჩამოვიდეს, ჩემი ძმაკაცები აქ იყვნენ, ერთად ვიბოდიალოთ მანჰეტენზე, იამაიკური პლანი ვქაჩოთ, “კიშკა” გახსნილზე “საბვეიში” ან KFC-ში შევიდეთ, გამოვძღეთ და ყლეზე გვეკიდოს, რომ საქართველო “სხვებს დავუტოვეთ.” არ აქვს აზრი ეკამათო ადამიანს, რომელსაც 37 მანეთი და 5 კაპიკიანი “სპიჩკა” მეგობრობა ჰგონია და ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობა – მიცემა.
– რა ხდება ვაბშე იქით?
– რა ვიცი, დაძაბულობა რაღაც. იმ დედამოტყნულმა კოკოითმა დღეს ევაკუაცია გამოაცხადა, ომი იწყება და ხალხი გამყავსო.
– მერე ჩვენები?
– რავი ჩვენები ამბობენ გიჟია ეგ კაცი, რაღაცამ მოუარა თავშიო.
– ისე არ მოუვლიდა არაფერი.
– რასღაც სროლები იყო, ქართული სოფლები დაბომბეს და ჩვენებსაც უპასუხიათ სროლით. ჰოდა, ეტყობა კიდე რაღაც პროვოკაციას ამზადებენ. – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყლეზე მეკიდა, მაინც ყოვედღე ვეცნობოდი იქაურ ამბებს, ვუყურებდი საინფორმაციოებს, ვიჯექი ფორუმებსა და სოციაულურ ქსელებში – ვიღებდი და ვისრუტავდი ინფორმაციას. დედაჩემსაც ველაპარაკებოდი სკაიპით, ის იქაურ ამბებს მიყვებოდა – მე იმაზე ვებაზრებოდი, როგორი ბედნიერი ვარ აქ.
– არ დამთავდება ეს ამბავი კარგად.
– ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო 20 წელია მასეთი სროლები მიდის სულ და ჯერ არაფერი მომხდარა.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: