Archive

Archive for the ‘ვცდილობ’ Category

ძვლები

ნოემბერი 27, 2013 19 comments

ჩემი 28 წლის დისტროფიკი გელფრენდი მხოლოდ 28 კილოს იწონიდა.
მისი მიზანი 20 კილომდე ჩამოსვლა იყო.
თვლიდა, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და მეც უფრო მომეწონებოდა.
არადა რომ სცოდნოდა როგორ ვერ ვიტანდი.
მისთვის ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, როდესაც ჩხუბისას ძვლების ტომარა ვუწოდე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა კიდევ რვა კილოს დაკლება, რადგან ჩათვალა, რომ ტომარა მსუქანის სინონიმია.
ამასობაში მე გამასუქა, მასთან 3 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში უგემრიელესი საჭმელებით ვიკვებებოდი.
ჩემს გელფრენდს ძალიან უყვარდა კარგი საჭმელები, მაგრამ ვერ ჭამდა. როგორც კი ერთ ლუკმას გადაყლაპავდა მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, ეწყებოდა კრუნჩხვები და ვიდრე გულს არ აირევდა და ნაჭამს უკან არ ამოიღებდა ვერ წყნარდებოდა. საჭმელზე ალერგია არ ჰქონია, უბრალოდ მის თავის ტვინში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა მუდმივად ჩასძახოდა, რომ ერთი ლუკმა 0%-იანი ხაჭო აუცილებლად გაასუქებს, ისე, რომ აღარავის მოეწონება.
თვითონაც იცოდა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ რა უნდა ექნა? შინაგან ხმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა.
თავის გურმანულ მისწრაფებებს ჩემზე იკმაყოფილებდა.
მთელი დღე სამზარეულოში იდგა, აკეთებდა საჭმელს, აცხობდა ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და შემდეგ წინ მილაგებდა. მაგიდასთან დაჯდებოდა და ნეტარებით მიყურებდა როგორ ვჭამდი ამ საოცარ საჭმელებს.
მას ეგონა, რომ იდეალური ქალი იყო.
წაიკითხე მეტი…

ბნედა

ოქტომბერი 6, 2013 2 comments

ჩემი ძმა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძინებათ და არასოდეს აწუხებთ ე.წ. ინსომნია. არასოდეს წრიალებდა ლოგინში და არც არასოდეს უბოდიალია ღამით სიგარეტის მოსაწევად, მოსაფსმელად ან ფანჯარაში უაზროდ საყურებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იძინებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საშინლად ფრთხილი ძილი ჰქონდა და ერთ გაფაჩუნებაზეც კი შეიძლებოდა წამომხტარიყო და უცებ გამოფიხლებული გარკვეულიყო სიტუაციაში.

სწორედ, მომენტალური გამოფხიზლების უნარმა დამაეჭვა, როდესაც ის თავის ლოგინზე წამომჯდარი მიყურებდა და პანიკურად ღრიალებდა. “გასაგებია, რომ შეიძლება შეეშინდა, მაგრამ ხო მიცნო რომ მე ვარ?” ვფიქრობდი და თან ვცდილობდი დამემშვიდებინა.
– მე ვარ! ოე! რა დღეში ხარ? – როდესაც ჩემმა სიტყვებმა არ გაჭრა, გადავწყვიტე მისთვის ხელები ჩამეჭიდა, შემეჯანჯღარებინა და თუ ესეც არ უშველიდა, შემდეგ სილა გამეწნა. მაგრამ როდესაც მისკენ წავიწიე და შეხება ვცადე, თავში რაღაც უშველებელი მდრუზა, დარეტიანებულს ფეხი მკერდში ჩამაზილა და ღრიალით გავარდა ოთახის გასასვლელისკენ.
– სულ გამოგაყლევა ამ მოწევამ და სმამ! – მივაძახე კარებში, თუმცა ალბათ ვერც გაიგებდა, რადგან ისე მაგრად მეტკინა თავი რომ ძლივს ვლუღლუღებდი.
– ადექი, გადადი ცალკე რა, ხო ხედავ ყველა არანორმალურია ამ სახლში! – წამოდგომას ვცდილობდი და თან საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. ისე, რა უბედურება მინდოდა თავზე რო წამოვადექი ამ შუაღამისას? – დამავიწყდა, ისე ჩამარტყა თავში ამ კრეტინმა.

მამაჩემი ფოხანის ამარა შემოვარდა ოთახში, შუქი აანთო და ადგილზე გაშეშდა. უკან დედაჩემი ედგა – ღამის პერანგში, ხოლო ჩემი ძმა, რომელსაც ცალ ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა და მეორეში – ჩაქუჩი, რაღაცას გაჰკიოდა.
– მიყურეთ ახლა! მომეშველეთ რომელიმე, ტვინის შერყევა მაქვს მგონი! – ცოტა უხეშად მომივიდა. საერთოდ, არ მიყვარდა, როცა ჩემებს უხეშად ველაპარაკებოდი, მაგრამ გაშტერებულები იდგნენ და მიყურებდნენ როგორ ვეგდე თავგატეხილი შუა ოთახში. – ყველამ ერთად გააფრინეთ? – პასუხს არ დავლოდებივარ, ისე დავიწყე წამოდგომა. ძალიან მეხვეოდა თავბრუ, თვალებშიც ნორმალურად ვერ ვიხედებოდი. დილით ადრე, წირპლიანი, სანამ სააბაზანოსთან მიხვალ და პირს დაიბან, ბუნდოვნად რომ ხედავ ყველაფერს, დაახლოებით მასე ვხედავდი. ის იყო ძლივძლივობით წელში გავიმართე, რომ ჩემი ძმა მომვარდა, ყელზე იატაკის ჯოხი მომადო და კედელს მიმაბჯინა. ეტყობა ძლიერადაც არ მიჭერდა, არ მტკიოდა და არც ვიხრჩობოდი.
– რა უბედურება ხდება? რა იყო? რა გჭირთ? – ვეკითხებოდი, თან ვცდილობდი ჯოხისთავის ხელი მომეკიდა და ყელიდან მომეშორებინა. მამაჩემი უცებ მოწყდა ადგილიდან და ჩემი ძმისკენ გაექანა.
– ძლივს, ვიღაცა აზრზე მოვიდა, დააწყნარე ეს არანორმალური! – მაგრამ ჩემდა გასაკვირად მამაჩემმა ჩემს ძმას მის მიერ გაწოდებული ჩაქუჩი გამოართვა ხელიდან და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
– თავში… თავში… თავში… – ექოსავით ჩამესმა ჩემი ძმის ხმა, დანარჩენი სიტყვები ვერ გავარჩიე. მამაჩემმა ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
– თავში… თავში… თავში… – ყვიროდა ჩემი ძმა და თან ცდილობდა კედელთან უფრო ძლიერად მივებჯინე, რომ არ გავქცეულიყავი. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი, და აი, სწორედ ახლა, როცა მამაჩემმა თავს ზემოთ ჩაქუჩი აღმართა და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ჩამხედა თვალებში, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.
“ღმერთო, ალბათ რამე ჩამიყარეს ჩაიში, იმიტომაც არ მახსოვს, როგორ მოვედი ამ ოთახამდე, იმიტომ ვხედავ ყველაფერს თითქმის ბუნდოვნად და იმიტომაც არ მესმის არაფერი. მაგრამ რატომ მკლავენ, უბრალოდ ეთქვათ და წავიდოდი ჩემით.”
– პირიქით… პირიქით… პირიქით… – რაღაც დირექტივა გასცა ჩემმა ძმამ. მამაჩემმა ჩაქუჩი შემოატრიალა და ახლა უკვე წვეტიანი მხარით დამიმიზნა.
– არ… არ… არ… – დაიკივლა დედაჩემმა. მამაჩემს წინ გადაუდგა და რაღაც ჩემთვის გაურკვეველი წინადადებები წარმოთქვა.
– არა არის ეს შენი შვილი! – ღმერთო, რა საოცარი ზიზღითა და სასოწრაკვეთით წარმოთქვა ჩემმა ძმამ ეს სიტყვები და ბედის მუხანათობით, ალბათ, სწორედ იმ წამიერად შეწყვიტა საწამლავმა მოქმედება და ყველა სიტყვა გავიგე.
– დედა – ჯოხს ხელები გავუშვი და მისკენ გავიშვირე, იმის იმედად, რომ ამ ადამიანს კიდევ ჰქონდა შერჩენილი რაღაც გრძნობა და საღი აზროვნება და იქნება გადავერჩინე.
მერე რა მოხდა უცებ ვეღარ გავერკვიე, დედაჩემმა ოდნავ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და ცრემლიანი თვალებით ჩამხედა თვალებში. ჩემმა ძმამ იატაკის ჯოხი ოდნავ მოადუნა, დედაჩემს ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა.
წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:,

სტენლი 17

ოქტომბერი 11, 2012 2 comments

გორდონ მელოუ, შუა ხნის სიმპატიური მამაკაცი, 2 შვილის მამა, გადასახადების გადამხდელი და სამაგალითო მოქალაქე, შუშის ვოლიერის წინ იდგა და დიდი ინტერესით ათვალიერებდა შიგ მდგარ დონორს, “სტენლი 17-ს.”
– გატყობთ, გეცოდებათ და უთანაგრძნობთ კიდეც – კლასიკური კომერციული ღიმილით მიმართა კორპორატიულ უნიფორმაზე გადაცმულ თეთრ ხალათში გამოწყობილმა ლამაზმა გოგონამ. – როგორ მოგმართოთ სერ?
– მელოუ, გორდონ მელოუ – ისე უპასუხა არც შეუხედავს.
– სიასიამოვნოა მისტერ მელოუ, მე კეტლინი ვარ, რით შემიძლია გემსახუროთ?
– მადლობა, უბრალოდ ვათვალიერებ.
– თუ ხელს არ შეგიძლით პროდუქტის შესახებ გიამბობთ, როგორც ვხედავ დიდი ინტერესით ათვალიერებთ.
გორდონმა კვლავაც არ გამოხედა კონსულტანტ გოგონას და პასუხის ნიშნად მხრები აიჩეჩა.
– ეს დონორი “სტენლის” სერიიდან არის მეჩვიდემეტე ნომერი. ამ სერიიდან, აქამდე, ანუ ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 16 გაიყიდა. “სტენლის” სერია ძალიან პოპულარულია და საკმაოდ ძვირიცაა, შეატყობდით ფასზე. მეჩვიდმეტე ყველაზე ძვირიანია რაც აქამდე გვქონია.
– გყოლიათ!
გორდონის რეპლიკაზე გოგონას გაეღიმა, როგორც ჩანს მას აქამდეც მოესმინა თანაგრძნობით აღსავსე ადამიანის მსგავსი შენიშვნები. თუმცა, მის ღიმილში სიტუაციის ნაცნობობაზე უფრო სიამოვნება იგრნობოდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მისტერ მელოუს მსგავსი, თანაგრძნობით და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით დანაშაულის გრძნობით აღსავსე ადამიანები ყველაზე საუკეთესო და ძვირიან პროდუქტებს ყიდულობდნენ. მათთან მუშაობისას, ქეთლინი, გაყიდვის სხვა სტრატეგიას არჩევდა. ის, ჯერ უყვებოდა პროდუქტის წარმომავლობის შესახებ, შიგა და შიგ ხარისხზეც ჩააგდებდა რამდენიმე სიტყვას, ბოლოს კი კლიენტს ფრთხილად და აუჩქარებლად არწმუნებდა, რომ მისი ყიდვით და გამოყენებით კარგ საქმეს აკეთებდა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე დონორისთვის.
– მეჩვიდმეტე…
– სტენლი – მკაცრად გამოხედა გორდონმა, მის თვალებში ზიზღი და ბრაზი ირეოდა – ის ადამიანია, თქვენსავით და ჩემსავით, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა!
– თქვენ წარმოიდგინეთ და გაუმართლა, სერ.
– რა ბრძანეთ? – კლიენტის გაოცებულ თვალებსა და მოულოდნელობით აღსავსე შეკითხვას კეტლინმა კვლავ საუცხოოდ კომერციული ღიმილი დაახვედრა.
– დიახ! სტენლის ძალიან გაუმართლა, სერ. ის, ისევე როგორც მისი ყველა კოლეგა დონორი, მესამე სამყაროს ქვეყნიდან არის წარმოშობით. თქვენ კი, მე გატყობთ, საუცხოოდ განათლებულ და ერუდირებულ ჯენლტმენს ჩემზე კარგად გეცოდინებათ, თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩვენს ეპოქაში. ჩვენმა კორპორაციამ სტენლი და მისი ოჯახი, რამდენიმე წლის წინ გადაარჩინა გაუსაძლის პირობებს. თქვენ ალბათ არ იცით, სერ, რომ დონორების ოჯახები, მას შემდეგ რაც პროდუქტი გაიყიდება თანხის 75%-ს იღებენ. ეს ბიზნესი ყველსათვის კარგია, სერ. რომ არა ჩვენი და რა თქმა უნდა თქვენი სურვილი, დონორები და მათი ოჯახები განადგურდებოდნენ და დაიხოცებოდნენ, ისევე როგორც მათი წინამორბედი მილიონობით ადამიანი. თქვენ კარგად იცით, რა საშინელი მდგომარეობაა მესამე სამყაროს ქვეყნებში, შიმშილი, ომები, გენოციდი, ორგანოებით ვაჭრობის შავი ბაზარი, რომლის შედეგადაც დონორი იღუპება და მისი ოჯახიც ვერაფერს იღებს. ჩვენ და თქვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ სერ, ჩვენ მათ ცხოვრება გავუადვილეთ.
– მე არაფერ შუაში ვარ და ტყუილად ცდილობთ, რომ მეც გამრიოთ ამ სიბინძურეში რასაც თქვენ და თქვენნაირები აკეთებენ. თქვენ კაცობრიობის დეგრადირებას უწყობთ ხელს!
კეტლინი მიხვდა, რომ ეს კონკრეტული კლიენტი ყველაზე რთული იქნებოდა მის პრაქტიკაში, თუმცა, ის საუკეთესო გამყიდველი იყო კომპანიაში და გორდონი, უბრალოდ, კიდევ ერთი გამოწვევა იყო მისთვის.
– წამობრძანდით სერ, სხვა დონორებსაც დაგათვალიერებინებთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენს საქმეში არანაირ სიბინძურეს არ აქვს ადგილი.
გორდონი მორჩილად გაყვა, თუმცა, გონებაში მკაცრად გადაწყვიტა, რომ ამ საშინალდ უნამუსო გოგონას მარკეტინგულ ფანდებზე არ წამოეგებოდა. თავის მხრივ, კეტლინმა გორდონის მორჩილება და სხვა დონორებით დაინტერესება გამარჯვებისკენ გადაგმულ ნაბიჯად შეაფასა.
– აი, ეს მოდელები, სერიიდან “ჯერემი” ყველზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია, სწორედ ამიტომ არის მათი სერიული ნომრები 511 208 და ზემოთ. ისინი სისხლის დონორები არიან. იმის მიუხედავად, რომ მათი ფასი ძალიან დაბალია და გაყიდვებიდან კომპანიას არანაირი შემოსავალი არ რჩება, ჩვენ მაინც გამოგვაქვს ბაზარზე “ჯერემის” სერია, ისინი ოჯახებთან ერთად ჩამოგვყავს ჩვენთან და გაყიდვიდან მიღებული თანხის 75%-ს, როგორც გითხარი, სწორედ მათ გადავცემთ. “ჯერემის” მოდელები მოხუცებულობის ასაკამდე იცხოვრებენ ბენეფიციართა ოჯახებში, მათ აქვთ კარგი პირობები, მათ პატივს სცემენ, ჩვეულებრივი ოჯახის წევრებივით ექცევიან, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარი ოჯახები მათ შვებულებასაც აძლევენ, თავიანთ ნამდვილ ოჯახებში უშვებენ რამდენიმე კვირით ან თვით, და თქვენ წარმოიდგინეთ, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებსაც კი უნაზღაურებენ. – კეტლინი გაჩუმდა, პოტენციური კლიენტის რექაციას დაელოდა. მისტერ მელოუ ჩუმად იდგა ვოლიერთან და “ჯერემის” სერიის დონორებს ათვალირებდა. კეტლინმა მისი სიჩუმე გაგრძელების სიგნალად მიიღო. – ჩვენი სოციალური აგენტები, თვეში ორჯერ აკითხავენ დონორებს ბენეფიციართა სახლებში, ჩვენი სოციალური განყოფილების დეპარტამენტი მთელს კონტინენტს ფარავს და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყავს დონორები. თუ ბენეფიციარი ოჯახი დონორს ცუდად ექცევა, ჩვენ მათთან კონტრაქტს ვწვყეტთ და თანხის ანაზღაურების გარეშე მოგვყავს უკან. რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ, დონორი კვალვ გამოდის ბაზარზე და ახალ, უკეთეს ოჯახში ხვდება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება, ჩვენი არსებობის 25 წლის მანძილზე მხოლოდ 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმდენად მცირე ციფრია, რომ ერთი პერიოდი კორპორაცია სოციალური განყოფილებისთვის მასშტაბების შემცირებასაც და საბოლოო ჯამში გაუქმებასაც აპირებდა. თუმცა, ეს მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონი ჩვენს კომპანიას დონორებისთვის ასეთი სერვისის მიწოდებას და მათ დაცვას არ ავალდებულებს, ჩვენ, ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე ვიცავთ მათ უფლებებს და ცხოვრების საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ. გარდა ამისა არის დონორთა და ბენეფიციართა კლუბები, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ თქვენს დონორთან ერთად, სხვა ოჯახებთან იმეგობროთ, თქვენი დონორები ერთმანეთს გააცნოთ, სოციალიზაციას შეუწყოთ ხელი, შეხვდეთ დონორ-ბენეფიციარის ფსიქოთერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური პრობლემებისა და დაბრკოლებების გადაჭრაში. აი, ასეთ სამაჯურსაც გაჩუქებთ, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ დონორს და მის ოჯახს ახალი სიცოცხლე და უზრუნველი არსებობა აჩუქეთ.
– არ ვიცი, თქვენ ახლა ისე ხატავთ ყველაფერს, რომ იდეალურობამდე ცოტა უკლია, ნუ, პრინციპში, აღარც არაფერი უკლია. მაგრამ, ჩვენ რომ მათ ვკლავთ?
– არ ვკლავთ… ისინი ამისთვის არიან გაჩენილები სერ. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მათი სიცოცხლე ახლა უფრო ძვირფასია, ვიდრე ეს აქმდე იყო. სამწუხაროა, რომ კაცობრიობა აქმდე მივიდა, მაგრამ “დონორთა” პროგრამის გაჩენამდე ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იღუპებოდნენ, როგორც უკვე მოგახსენეთ. ახლა მათ აქვთ შანსი თავიანთი სიცოცხლე გაწირონ და სამაგიეროდ მათი ოჯახები და მომავალი თაობა უკეთეს პირობებში აცხოვრონ. მაგალითად, ჯერემის სერიიდან გაყიდული დონორებიდან 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 3000-მდე მათგანი დაიღუპა და ისიც იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებები განუვთარდათ დროთა განმავლობაში. ცხადია ამ რიცხვში ბუნებრივი, ანუ ასაკობრივი სიკვდილი არ აღირიცხება და მე თუ მკითხავთ არც ეს 3000 უნდა ითვლებოდეს ფატალურ სტატისტიკაში, დაავადებებით გარდაცვალებაც ბუნებრივი მოვლენაა, დამეთანხმებით ალბათ. “სტენლის” სერიიდან კი მხოლოდ ერთი დონორი გარდაიცვალა, ისიც იმიტომ რომ როდესაც ბენეფიციარმა მისი გული გადაინერგა, დონორს არ გაუმართლა და სინთეთიკური გული წუნიანი აღმოჩნდა. ამ პროდუქტის უკუჩვენებები კი თქვენც იცით, მხოლოდ 24 საათის შემდეგ იჩენს თავს და ისიც იმდენად უცებ, რომ ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია.
– სტენლი გულის დონორია?
– სტენლი ყველაფრის დონორია სერ, ეს არის საუკეთესო ჯანმრთელობის მქონდე პროდუქტი, რომელსაც გენეტიკური გამოკვლევა უტარდება და შანსი, იმისა რომ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება შეეყაროს მხოლოდ 1%-ია. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, უფრო სწორად კეთილი რჩევა, სერ, გულის დონორისთვის, უილიამის სერიას გირჩევთ, ძალიან ძლიერი დონორია ამ კუთხით. სტენლი უფრო უნივერსალია, რომლის ერთჯერადად გამოყენებას მე პირადად რეკომენდაციას ვერ მივცემ, ღმერთია მოწმე, ეს ფუჭი ინვესტიცია იქნება. სტენლი კარგია თირკმელის, კუჭის, თვალის, ფილტვის გადასანერგად, სისხლის დონორად, ან ტვინის, ძვლის და კუნთოვანი ქსოვილისთვის, თუ გნებავთ კანიც. გული ეს უკვე რადიკალური ნაბიჯია, ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა ფორს-მაჟორული სიტუაციით იქნა გამოწვეული. ბენეფიციარს ტრანსპლანტაცია მოულოდნელად დასჭირდა და უილიამის ტრანსპორტაცია ფიზიკურად ვერ ესწრებოდა, სოწრედ ამიტომ მიიღეს ეს რადიკალური გადაწყვეტილება.
– ტვინის ქსოვილის გადანერგვა ახსენეთ და მაგ შემთხვევაში არ იღუპება?
– არა, ამ შემთხვევაში გონებრივი ჩამორჩენილობა ვითარდება ან უარეს შემთხვევაში კომა, თუმცა ორგანოების სიცოცხლის უნარიანობა ბოლომდეა შენარჩუნებული.
– რა სისასტიკეა – დანანებით მიუგო გორდონმა.
ბოლო გაბრძოლება, ღმერთო რა სიყალბეა, კეტლინმა საკუთარ თავს შენიშვნაც მისცა, ეს ყველაზე რთულ კლიენტად როგორ აღიქვიო. შინაგანი კონფლიქტის ქარცეცხლში გახვეულ მამაკაცს ფიქრებიდან გამორკვევა აღარ აცალა და მის მანკიერ მხარეს, მარკეტინგული იარაღის ბოლო დარტყმა მიაშველა:
– ნება მიბოძეთ გკითხოთ, შვილი?
გორდონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მეუღლე? – თანაგრძნობით ჩაეკითხა კეტლინი.
– მე – მიუგო გორდონმა და ცალყბად გაუღიმა.
– თქვენ?
– დიახ. ფილტვის კიბო მაქვს, რომელიც უკვე მთელს მუცლის ღრუს მოედო. ტრანსპლანტაციის ვადა ხვალამდეა, შემდეგ უკვე დაგვიანდება. უჯრედული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ხვალ მეტასტაზებს თავის ტვინში გადაისვრის.
კეტლინი ხმა ამოუღებლად უსმენდა. კლიენტის ემოციური გახსნილობა ბოლო სტადია იყო. ახლა მხოლოდ სიჩუმე, მოსმენა და თანაგრძნობა იყო საჭირო.
– არადა მხოლოდ 43 წლის ვარ, წარმოგიდგენიათ? – ისე გაუღიმა, თითქოს მის წინ 43 განვლილი წელი იდგა, რომელსაც ღირებული არაფერი ემოსა.
– მაშ 75%-ი ოჯახს გადაეცემა?
– დიახ.
– იცით რას ვფიქრობ? გულწრფელად მოგახსენებთ.
– ბრძანეთ.
– მე ხვალ ბოლო შანსს დავკარგავ გადარჩენის. სტენლის კი სავარაუდოდ ისეთი ადამიანი იყიდის, რომელსაც უკვე ყველაფერი ფეხებზე კიდია და მისთვის მთავარია თავისი წარმატებული და უდარდელი ცხოვრება კიდევ ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოს. ჩემთვის კი სტენლი კიდევ ერთი შანსია ყველა შეცდომის გამოსასწორებლად. განა ამ შანსს ყველა იღებს?
– სამწუხაროდ ვერა.
– ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება, სტენლის, მისი ოჯახის და ჩემი თავის წინაშე.
– ალბათ.
გორდონმა მძიმედ ამოისუნთქა, კომერციული სევდით აღსავსე გოგონას მიუტრიალდა და თავდაჯერებული ტონით იკითხა:
– საფასურში ადგილზე მიტანაც შედის?

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:

Codename: Obi-1

ნოემბერი 24, 2011 2 comments

ჩემი ახალი აბსრუდ-მინიატურა :) ვუძღვნი მანქის, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. I love you baby <3.

სკვერში, სკამზე მჯდარ ახალგაზრდას ორი ტიპი მიუახლოვდა, ჯერ მის შორიახლოს იტრიალეს, შემდეგ კი ყოყმან-ყოყმანით მიუახლოვდნენ: “შენ ხარ ობივანი?” კითხა ერთ-ერთმა და მის სახესთან დაიხარა. ობივანი არადამიანური სისწრაფით წამოიჭრა და ცნობისმოყვარე ახალგაზრდას ძლიერად ჰკრა ხელი.
“სახეზე არ შემომხედო, თორე აქვე აგკუწავ შე კრეტინო!”
“ბოდიში ბატონო ობივან. ჩვენ იმ საქმეზე ვართ თქვენ რომ დაგვირეკეთ.”
“სურათი გაქვთ?”
“აგერ.” მიწიდან ახლადწამომდგარმა ახალგაზრდამ ჯიბიდან ფოტო ამოიღო და მიაწოდა. “მე ჯორჯო ვარ.”
“არ მაინტერესებს!” მკაცრად მიუგო ობივანმა და ჯორჯოს გამოწვდილ ხელს ზედაც არ შეხედა.
“სად ცხოვრობს, რას საქმიანობს?”
“მუხიანელია, რეპერია. ნუ რეპერი რა ახლა, ჩვენს პონტში ვერ ქაჩავს, მარა თავისი ფანბეიზი ყავს. ჰოდა, უნდა დააგდო მოკლედ და ისტორიაში შეხვალ, როგორც პირველი რეპ განგსტერული გარჩევის მონაწილე” თვითკმაყოფილებით აღნიშნა მეორე ახალგაზრდამ, რომელიც ჯორჯო არ იყო.
“Yo! ეს არის ჯორჯო,
მე არ მინდა შენი მოჯო,
არ გიშველის აღარც ვუდუ,
არც ალაჰი და არც ბუდა,
შენს წასაყვანად,
ობივანი მოვიდა,
ჩვენი ძმა!”
“საღოლ ჩემი დედას შევეცი.” – აღფრთოვანდა არაჯორჯო და მეგობარს მუშტი გაუწოდა მისარტყმელად.
“და ის თქვენზე უფრო ყლე რეპერია?”
“კაროჩე, რო დააგდებ, ზედ აი ეს ტექსტი უნდა დაადო რა. მაილი ან ადნაკლასნიკი თუ გაქვს მომეცი და ტექსტს იქ გამოგიგზავნი, ამობეჭდე და დაადე რა.”
“are you fucking kidding me, right now?” – ობივანს ასეთი ჩვევა ქონდა, დრამატიზმის გამოსახატად ხშირად ხმარობდა ინგლისურ ფრაზებს, ეს ძირითადად ამერიკული TV შოუების გავლენა იყო, ემოციების გამოხატვა ავთენტურად მხოლოდ ასეთი გზით შეეძლო.
“ბოდიში, მაგრამ ინგლისური არ ვიცით ჩვენ.”
“კაი… დაიკიდე. თანხა?”
“რაც შეეხება თანხას… იცით, ჩვენ ბევრის საშუალება არ გვაქვს და იქნება მოვილაპარაკოთ რამენაირად. ტარიფები არ გაქვთ?”
აუტანელი სურვილი, რომელიც ამ ორი სირის ადგილზე მოკვლას გულისხმობდა, 10-მდე დათვლით გადალახა და დამშვიდებულმა მიუგო.
“რამდენი გიღირთ მაგ ადამიანის სიკვდილი, 20? 15? ნუ მინიმუმ 10.”
“ლარი?”
“ნუ იყოს ლარი.”
გახარებულმა არაჯორჯომ 10 ლარიანი ამოიღო ჯიბიდან და ობივანს გაბადრული სახით მიაწოდა.
“ბიჭო! მეკაიფებით თუ შიგ გაქვთ?”
შემცბარმა რეპერებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს.
“შიგ გაქვთ! Fuck… 10 ათასი მინდა.”
“მაგდენი არ გვაქვს.”
“რამდენი გაქვთ?”
“250 ლარი შეგვიძლია ახლა მოგცეთ დანარჩენი ნაწილ-ნაწილ.”
“განვადებით მოვკლა ანუ?”
“პლიუს სიმღერას ჩავწერთ თქვენზე, ჩვენს ახალ ალბომში.”
განრისხებულმა ობივანმა, რომელსაც საკუთარი პროფესიონალიზმი არ აძლევდა უფლებას ემოციები ხმამაღლა გამოეხატა, უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი და ნელი, ნარნარი მოძრაობით იარაღი ამოიღო.
“ახლა აქედან გააჯვით, დროზე!” მსწრაფლ შემოტრიალდა და სკვერის შუაგულისკენ დაიწყო სვლა.
“შენთვითონ არ დაგვირეკე ბიჭო?” მოაძახა ჯორჯომ. “შენ არ იცი ვის გადაეკიდე, ვიპოვით ვინმე პროფესიონალს და შენც ზედ დაგაკლავს იმას.”
ობივანმა ღრმად ჩაისუნთქა, ჰოლივუდური ბრუნვით შემოტრიალდა რეპერებისკენ, იარაღი გადატენა და დაუმიზნა. განგსტერებმა ანაზდად მოკურცხლეს.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: