მთავარი > Front > ეგზორციზმი

ეგზორციზმი

ბუხრის წინ ვიჯექი, ნაკვერჩხალს მივჩერებოდი და ჩემს თვალებში მოცურავე წითელ ლაქებს ვაკვირდებოდი, როცა კარების ხმა გავიგე.

– თამარ! – მამაჩემი იყო. არ განვძრეულვარ, მხოლოდ თავი მივატრიალე მისკენ და სახეზე მოლივლივე წითელ ლაქებს დავაკვირდი. ვცდილობდი, ორი ყველაზე დიდი ლაქა მის ქუთუთოებამდე მიმეცურებინა და თვალებზე დამესვა.

– რა ქენით? – დედაჩემი შეწუხებული სახით იდგა საკუჭნაოს კარებთან და ხელში წათხიდან ახალამოღებული ყველით სავსე გობი ეჭირა. ვიდრე მამაჩემი პასუხს გასცემდა მაგიდასთან მივიდა და ჯამი დადგა.

– ეს ხვალ უნდა გავატანო ბაზარში ნათელას.

– ვერაფერი, მოკვდა ალბათ, რამე ნადირი შეჭამდა ან სადმე გადაიჩეხებოდა, – გასავათებული მამაჩემი სკამზე ჩამოჯდა და ტალახიანი ჩექმები ძლივსძლივობით გაიხადა.

– ყველა წამოხვედით?

– არა, ყველა ვერ წამოვიდოდით, შეწუხებულია სოსო, მარინაც ძლივს გავუშვით სახლში. ვეუბნები, წადით, დაისვენეთ, მოვძებნით, ვიპოვით. სანამ დაღლილობისგან გული არ წაუვიდა, მანამდე ვერ დავარწმუნე. მეთქი, ბავშვს სახლში ხო უნდა დახვდე ცოცხალი ან საჭმელი გაუკეთე, ან რაღაცა, რო მოვიყვანთ ისეთი მოშიებული იქნება, ცოდოა-მეთქი. დამიჯერა. სოსო ვერაფრით ვერ გავუშვი. სანამ ჩემი შვილის ამბავს არ გავიგებ,  ვერსად ვერ წავალო.

– ძაღლებმა ვერ აიღეს სუნი?

– არა, რას აიღებდნენ, ეგენი მწყერზე ჰყავს დაგეშილი. მაჭამე რამე. ცოტას დავიძინებ და მერე გავალ ისევ, ბიჭები მელოდებიან.

დედაჩემმა ხმაამოუღებლად დაიწყო სუფრის გაშლა, ხანდახან ამოიხრებდა. მე რო ჩამივლიდა, სევდიანად გადმომხედავდა და ვიშვიშებდა.

– ხვალ სკოლა გაქვს? – გამომძახა მამაჩემმა, ისე რო არც ამოუხედავს. ჩექმები კუთხეში მიყარა და პასუხის მოლოდინით მომაშტერდა.

– კვირაა.

– კარგია. დილას ჩემთან ერთად წამოხვალ. ბავშვებსაც ჩამოუარე, ყველას. დაიარეთ, იქნება რამე იპოვოთ. რაღაცა თქვენი ადგილები ხო გაქვთ? შტაბები და სოროები და რაღაცები, არ ვიცი. იქნება სადმეა შემძვრალი.

– ვნახეთ უკვე. გუშინწინ. არსად არაა.

– არა უშავს კიდე ნახეთ. გაიფანტეთ, გაიშალეთ. შეიძლება შეშინებულია და ჰგონია, მამამისი დასჯის და იმალება.

– კარგი.

– გოგიტაც წაიყვანეთ.

– არ მინდა გოგიტა, დონდლოა და მერე მაგის დევნაში უნდა ვიყო მთელი დღე. მე წავალ რა. ვიცი ადგილები და ბიჭებსაც წავიყვან, არ მჭირდება გოგიტა. რახან უფროსია მარტო მაგიტომ ხო არ წავიყვან?

– კარგი, კარგი, – ზლაზვნით წამოდგა და კარისკენ წავიდა.

– ეს იყო სულ შენი ჭამა? მშიერი უნდა მოკვდე?

– მეყოფა, – ჩემკენ მოტრიალდა – დროზე დაწექი. რიჟრაჟზე უნდა გავიდეთ.

– დაისვენე ცოტა, კაცო, სამი დღე და ღამეა ენაგადმოგდებული ძაღლივით დაეთრევი აქეთ-იქით. იქნება გულმაც დაგარტყას, ჰა? – მიაკვნესა დედაჩემმა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

– თბილისიდან არ ჩამოდიან ძაღლებით?

ცალი მხარით მობრუნდა და პასუხად იმედგაცრუებულმა თავი გააქნია.

– მგონი არა. რეინჯერებს გამოვუშვებთო და რა ვიცი აბა. ისინიც არ ჩანან.

– ღმერთო შენ გადმოგვხედე. როდის უნდა ეშველოს ამ სოფელს და ამ რაიონს, მისდღემში ასეთი უპატრონო იყო.

მამაჩემმა კარი გაიხურა.

დედაჩემი ჩუმად ვიშვიშებდა, ხანდხან მე გადმომხედავდა და რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტებდა, მერე ღვთისმშობლის ხატს ახედავდა და “დედაო, შენ გადმოგვაფარე შენი კალთა,”-  ჩაიჩურჩულებდა ხოლმე.

წითელი ლაქები თვალებიდან გამიქრა.

ისევ ნაკვერჩხალს მივაშტერდი, უკვე ოდნავ განელებულიყო და ისე აღარ ღაჟღაჟებდა.

მთელი ღამე არ მძინებია.  დილას მამაჩემს უკვე ჩაცმული და გამზადებული დავხვდი.

შავი რეზინის ბოტები მეცვა, წალდი მხარზე გადებული და წყალი ბოთლით.

მამაჩემმა უხმოდ ჩამიარა და თავზე გადამისვა ხელი. თან მომეფერა და თან თითქოს შემაქო, ყოჩაღ, უკვე დიდი ბიჭი ხარო.

– რატო არ მოდიან თბილისიდან? – სოფლის გზაზე მშვიდად და  ცანცარის გარეშე მივყვებოდი, მხარზე წალდშემოდებული და დაკაცებული.

– არ ვიცი, შვილო. მე რა ვიცი. არჩევნები თუ არაა, ისე აქ არავინ ჩამოდის. რა მაშველები და რა ძაღლები, ვერა ხედავ პატრულის მანქანაც სამ დღეში ერთხელ ჩაივლის ხოლმე, თელაველი ბიჭები? ოდითგანვე ეგრე იყო. აი, კომუნისტებისას თუ ვინმეს მოშორება და მოყუჩება უნდოდათ აქ უშვებდნენ რაიკომის მდივნად. იჯექი შენთვის ჩუმად ნაკრძალში, ჭამე კალმახი და სვი ღვინოო. ფული აქ არ იშოვებოდა და არაფერი. იყო ქეიფი და დროსტარება მუდამდღე. არც არაფერი შეცვლილა იმის მერე. სიმინდი რო სიმინდია, ისიც კი ყველაზე იაფია ჩვენში. იქნება და ვინმემ წაიღოსო. აქ ვინ ჩამოვა, შვილო. აქ ვის რა დაკარგვია,  ყველა გაქცევაზეა.

– აბა როგორ უნდა ვიპოვოთ?

– ვიპოვით.

– როგორ?

– დავივლით ყველა კუთხე-კუჭულს და ვნახავთ სადმე.

– აბა ნადირმა შეჭამაო?

– შეიძლება-მეთქი. თუ ნადირი დაესხა თავს, სისხლის კვალს მაინც ვნახავთ ან ძვლებს მაინც ვიპოვით. მონადირეებიც ეძებენ, მეცხვარეებიც გაფრთხილებული არიან და მენახირეებიც. თუ სადმე რამე გამოჩნდა, მაშინათვე შეგვატობინებენ. შენ არ იდარდო მაგაზე. შენ ბიჭებს მიხედე და დაიარეთ. თქვენზე კარგად ეს ტყე-ღრე არავინ იცის.

– იქნება ეშმაკებმა წაიყვანეს?

– ვინ? – მამაჩემი გაოგნებული მიყურებდა.

– ეშმაკებმა.

– რას ამბობ?

– ჰო, აიღეს და წაიყვანეს ჯოჯოხეთში, სახლში.

– ვის სახლში, შვილო, რას ამბობ?

– თავის სახლში. მაგას ხო ეშმაკი ჰყავდა შესახლებული.

გაოგნებული მამამაჩემი რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. ამათვლიერ-ჩამათვალიერა. თითქოს ფიქრობდა, ეს ბავშვი გაგიჟდა  თუ უაზროდ  ხუმრობსო.

– ვინ გითხრა, შვილო, ეგა?

– მამაომ.

– რა გითხრა?

– ეშმაკი ჰყავს მაგას  ჩასახლებული და იმიტომაა ეგეთიო.

– როდის გითხრა?

– ერთი ორი კვირის წინ. ეკლესიის კიბებზე ვისხედით. ფსალმუნები ისწავლე, ისაო ესაო, სტიქარი უნდა ჩაგაცვა და მერე მნათე უნდა გახდეო. იქნება დიაკვანიც გამოხვიდე მერეო.

– მერე?

– მერე სოსო ძიამ და ვაჟიკომ ჩამოიარეს. რა ჭირს მეთქი ამას? ძალიან მეცოდება-მეთქი.

– მერე?

– ნუ გეცოდებაო. მაგასო ეშმაკი ჰყავს ჩასახლებული, იმიტომაა ეგეთიო. ბაბუამისს ხალხი ჰყავს გამწარებული და ღმერთმა დასაჯაო. სოსოც არ მოდის ჩვენთან და არ ინანიებსო. დაწყევლილი ოჯახიაო.

– ვახ, შვილო, – მამაჩემს გაბრაზება შეეტყო. ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია. – ახლა მაგის დრო არაა. მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. მამაოსაც მე დაველპარაკები.

– არ ეჩხუბო, რა, მამა! მერე მაგის გამო რო ღმერთმა დაგსაჯოს და ჩემი შვილი რო ვაჟიკოსნაირი გამოდგეს?

– შენ არ იდარდო მაგაზე, – შუბლზე მაკოცა და თავზე ხელი გადამისვა. არ მესიამოვნა. ბავშვივით მომეფერა და მანუგეშა. – მიდი გადადი უკვე, ბიჭები გამოიყვანე. მე ქვემოთ ვიქნები სანახიროზე, იქ ამოდით ყველა. დროზე ქენით ოღონდაც, თქვენ დაუკვალიანებლად იქიდან ვერ წავალთ და ტყუილად არ დაგვაყუდოთ.

მამაჩემი გზას პირდაპირ გაუყვა. მე მარჯვნივ გადავუხვიე. გზაჯვარედინზე დიდი ქვა ეგდო. ადრე, ზღაპრები როცა მიყვარდა, ამ ქვაზე ცარცით რაღაცებს ვაწერდი. “აქეთ წახვალ ბედს ეწევი, იქით წახვალ მოკვდები”… მერე იქითაუბნელები ამოვიდნენ მამაჩემთან. დაგვანებოს ამ ბავშვმა თავი, სახლში ვეღარ მივსულვარ იმის შიშით, რო არ მოვკდეთ და რამე არ გვეწიოსო. ყოველ ავლა-ჩავლაზე პირჯვარს იწერდნენ და ისე შლიდნენ. მეც ჯიუტად ყოველ დილას სკოლის გზაზე ფერადი ცარცით მივაწერდი ხოლმე ახლიდან და არხეინად მივუყვებოდი გზას. ბავშვებს არ ვაშლევინებდი, დაშინებული მყავდნენ,  თუ წაშლით ხელი გაგიხმებათ-მეთქი. ორშაბათ დღეს ვარ დაბადებული და ჩემი წყევლა ნამდვილია-მეთქი. ესენიც ლენჩებივით დამყვებოდნენ და ცდილობდნენ არ გავებრაზებინე, ვაიდა რამე ჯადო წამოგვაძახოსო. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და ხალხის წვალებასაც მოვეშვი და წყველით მუქარასაც. ზრდილობიანი ბავშვი გახდა, სალამს ვერ დაასწრებ და მშვიდობის თქმასო. ასე ამბობდნენ –  ასე იარა, იარა და ღმერთმა თავის სახლში მიიყვანა, სულიწმინდა გამოდივდა და გონება გაუნათაო.

გურამის ეზოს მივადექი.

პირდაპირ შევაღე ჭიშკარი და ეზოს ბილიკს სახლის კარისკენ გავუყევი. გურამი ფეხზე იყო. ჩაის სვამდა და ყველსა და პურს აყოლებდა. დედამისი აჩქარებდა. ბიჭები მოვიდნენ და დროზე ჭამე, თან – არ გადაგცდეს ნელა ჭამე, შე უდღეუროო.

გაბრაზებულმა გურამამ  ყველი და პური დაყარა და მაგიდიდან წამოხტა.

– აღარ მინდა!

– აღარ გინდა და ჭირი და ცეცხლი ჭამე შენ.

კარებში რო დამინახა  ნათელა ბიცოლამ, სახე გაუნათდა, გამიღიმა და შინ შემიპატიჟა.

– მოდი, შვილო, მოდი. აი, ფეხზეღა ჩაიცვამს და წამოვა. რამაზი ძია უკვე წასულია, სანახიროზე ვიკრიბებითო და ადრიანად გავიდა. ეს კი ვერ ავაგდე. ვეუბნები, მოვა ვანო და მოვა და მოვა… ადექი და ადექი და სანამ წყალი არ მივასხი ფეხებზე, მანამდე არ ადგა. რაო, შვილო, მამამ? რამე ახალი ხო არააო? – სახე უმალ შეეცვალა, დაიმწუხრა. – ეს რა უბედურება დაგვემართა. – გაჩუმდა. იატაკს მიშტერებოდა და თან თავს აქანავებდა. – მარა ისე, შვილო, ეგ ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ჩემგან არ გესწავლება. ვეუბნებოდი მე მაგათ, რო გაჩნდა და სახლში რო მოიყვანეს, ნათლიად დამიძახეს. მივედი საჩუქრებით, ხვავით, ლოცვით, გულითი, სულით, რა ვიცი. გადავხადე გადასაფარებელი და რას ხედავს ჩემი თვალები. 3 დღისა იყო და უკვე ეტყობოდა რაც იყო.  დედა, გადამეკრა ბინდი. როგორ გინდა უთხრა რამე? თვითონაც კი იცოდნენ, თავს იკატუნებდნენ, ვითომაც ძალიან ბედნიერები ყოფილიყვნენ. არაფერი ვუთხარი, დავტოვე ის საჩუქარი, ერთი-ორი გავუღიმე და წამოვედი. აღარც მივსულვარ. მერეღა, სოსო რო მოვიდა და დაიჟინა, რა იყო იმ დღის მერე რო არ მოხვედი, რამე გაწყენინეთო? ნათლია ხარ, რატო ამოიკვეთე ჩვენთან ფეხიო. ერთი კი ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი და გულმა ვეღარ გამიძლო, შვილო. ჩააბარეთ, კაცო, ჩააბარეთ-მეთქი. მაგის გაზრდას თქვენ ვერ გაუძლებთ-მეთქი. თან ამისთანა გაჭირებაში? მტერს და ავს. მტერს და ავს. ეწყინა. იმის მერე ჭიშკრის აქეთ არ გადმოსულა. ერთხელ შემოპორწიალდა ნასვამი, რამაზი ძიას შემოჰყვა. თითო ჭიქა ჭაჭა დალიეს, ორი ლუკმა წაიზაკუსკა და წავიდა. მე არაფერი მითქვამს. შენ ის არ იცი, – ოდნავ გადმოიწია და ხმადაბლა მითხრა, თითქოს საიდუმლოს მანდობდა –  აქ კი არ მოუნათლეს შვილო. თბილისში წაიყვანესო და იქ მონათლესო, მარა არც იქ მოუნათლავდნენ ან შეიძლება დიდი ფული მისცეს ვისმეს. მე რა ვიცი.

– ვიცი, კი, ნათელა ბიცოლა, დათუნამ მითხრა.

– მაგან საიდან იცის? თუმცაღა, სოფელს და ხალხს რას გამოაპარებ, შვილო. თქვენც უკვე დიდები დაიზარდეთ, გენაცვალოთ ნათელა დეიდა, თქვენი ჭკუა და თქვენი აზრი გაქვთ. კაცები ხართ უკვე, შვილო, კაცები.

– ვანო! წამო რა. – გურამი მზად იყო. ნამგალი შემოედო მხარზე და ბაბუამისის ნაქონი სამხედრო ქურთუკი ეცვა.

– დაგცხება, ბიჭო.

– დამცხება და გავიხდი.

– ეს ნამგალი რა ჯანდაბად გინდა?

– აბა წალდი და ნაჯახი მამაჩემმა წაიღო და…

– კარგი, ჰა, წამო, დათუნას დავადგეთ.

დათუნა წასული დაგვხვდა. დედამისმა, ბიჭებმა ჩამოიარეს და ერთად წავიდნენო. სანახიროზე იქნებიან, ალბათ თქვენღა გელოდებიანო.

მე და გურამი სანახიროსკენ წავედით.

– რაო მამაშენმა?

– გეტყვი მერე. ბარემ ყველა შეიკრიბოს და ერთად მოგიყვებით, ცხრაჯერ რო არ გავიმეორო ერთი და იგივე.

– ვიპოვითო? თბილისიდან მოდიანო? ძაღლებიო?

– არაო. გეტყვი-მეთქი, კაცო. მოიცადე, საცაა მივალთ უკვე.

– ძალიან მეშინია, ვანიკო, ძალიან!

– რისი?

– არ იპოვონ, ბიჭო!

– ვერ იპოვიან  და ნუ მელაპარაკები მაგაზე. ვინმემ არ გაიგოს! გაჩუმდი-მეთქი და გეტყვი, რო მივალთ, ვახ!

– კარგი.

სანახიროზე, პანტა მსხლის დიდი ხის ქვეშ, ნახევარი სოფელი იყო შეკრებილი. ბიჭები ხეზე მიჭედებული ფიცრის კიბეებით ზედ ამძვრალიყვნენ და იქიდან უსმენდნენ ლაპარაკს. მე და გურამი შეუჩნევლად შევერიეთ ხალხს.

– ბავშვებს აგერ ვანიკო და დათუნა წაიყვანენ და დაივლიან კიდევ ერთხელ ჭალას და პატარა ხევს. ჩვენ გორაკზე გადავალთ იქ დავუყვებით მდინარემდე, იქიდან მობრუნებისას მეორე მხრიდან ამოვუყვებით. – მამაჩემი თავდაჯერებული ლაპარაკობდა და სოფლის კაცებიც გასუსულები უსმენდნენ. – სოსო ჩემთან წამოვა. თქვენ ჩანჩქერისკენ წადით და უღელტეხილამდე დაიარეთ. იმის იქით აღარ არის საჭირო, ნელა ივლიდა და თანაც მაგხელა გზას დაღლილი და მოშიებული ვერ გაივლიდა. ახლა, სოსო კი აქ არის და ცოტა მიმძიმს ამის თქმა, მარა სხვანაირად არ გამოვა. საცა რამე პატარა ხევი ან ორმო, ან რამე ეგეთი დაგხვდებათ, ჩასაგორებელი ან გადასავარდნი, ჩადით და კარგად მოიძიეთ. შეიძლება ფეხნაღრძობი ან ყველაზე ცუდ ვარიანტში ფეხმოტეხილი ზის და გველოდება, – ნაძალადევად გაიღიმა და სოსოს გადახედა.

– ჰე, წავედი აბა და ყურადღებით. ტელეფონები გამოიზოგეთ. თუ რამეს ნახავთ ან გაიგებთ, ან კვალს მიაგნებთ, მაშინვე დარეკავთ.

კაცები ნელ-ნელა წამოიშალენ და წასასვლელად მზადება დაიწყეს. მამაჩემმა სოსო ძიას მხარზე ხელი მოუთათუნა და მერე ჩემკენ წამოვიდა.

– აბა, თქვენ იცით. ყველაფერი კარგად ნახეთ. არაფერი გამოტოვოთ. შეიძლება შეშინებული იყოს და სადმე შეიყუჟა. არ იჩქაროთ, ფრთხილად და ნელა. ტელეფონი დათუნას აქვს და ვინიცობაა…

– ვიცი, ვიცი, პირველი შენ დაგირეკავ, – გავაწყვეტინე.

– ჰო, წავედი ახლა.

მამაჩემი რამდენიმე მეტრით დაგვშორდა თუ არა, დათუნა მაშინვე საქმეზე გადავიდა.

– გავყოთ ახლა ეს სასტავი, რა. ჩვენები ჩვენთან და ერთი კაცი გავაყოლოთ იმათ, რო თუ რამეა და წამობოდიალდნენ ან რამე ისეთი ამბავი იყოს გაგვაფრთხილოს.

– არ უნდა მე მგონი. ვინმე დავაყენოთ გარეთ და მორჩა. ესენი სადმე შორს გავუშვათ.

– კაი.

ბიჭები ნელ-ნელა ჩამოვიდნენ ხიდან. ოცნი ვიყავით ჩემი და დათუნას ჩათვლით.

– მე, ვანიკო, გურამი, ყურშა, გენიოსა და ზურია წავალთ ქვეით, ჭალას და ხევს გავუყვებით. დანარჩენები აუყვებით ისე, ბოლომდე. სადანამდეც შეძლებთ. ჭამაზე, ზემოთკენ იცის ლია ბიცოლამ, და ყველა მიხვალთ მაგასთან შუადღის დროს. შეჭამთ და მერე ისევ აუყვებით. შებინდებას რო დაიწყებს, წამოდით სახლებში. თუ რამე იპოვეთ ან თუ რამე დაინახეთ, მაშინვე ჩემთან დარეკეთ.

– მამაჩემს თქვენ არ დაურეკოთ. ჯერ ჩვენთან დარეკეთ, მოვალთ ვნახავთ და მერეღა დავურეკოთ. გაიგეთ?

ბიჭემბა თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს.

– წავედით!

II

სოფლიდან ცოტა მოშორებით, ნაყანების ბოლოსკენ, ძველი წისქვილი დგას. ადრე ჩვენი სოფლელი კაცი ამუშავებდა, გვერდით ხელოვნური ტბაც გაეკეთებინა და შიგ თევზს ზრდიდა. უნდა გავყიდოო, მაგრამ საფქვავზე მისულ სტუმრებს უხარშავდა ხოლმე და აჭმევდა. ზოგი მარტო მაგიტო მიდიოდა, დიდი ტვირთი მიჰქონდა და ხანდახან მთელი ღამეც ქეიფობდნენ. თევზის გაყიდვით ვერა, მაგრამ ისე დიდი კლიენტურა კი მოიზიდა, უნებურად მოუვიდა ჭკვიანი საქმეო, მამაჩემი იტყოდა. თანაც სტუმარს კარასს კი არ აკადრებდა, ან ბელიამურებს ამოყრიდა ან კარპებს. შეწვა არ უყვარდა, თურმე, ასე ამბობდა თევზი ქალივითააო, რაც უფრო ბუნებრივია, მით უკეთესიო. აბა ფქვილში რო ამოავლებ და ტაფაზე შეაგდებ ეგ იგივეა, ფერ-უმარილით “გაკრასკულ” ქალთან წახვიდეო. ამ სტუმრიანობაში, ვიღაც ძველ ბიჭებთან თუ ქურდებთან მოსვლია ჩხუბი. წილი მოუთხოვიათ. თქვე დალოცვილებო, წურბლები აგერ კანაოშიც საკმარისად არიან და რაღა თქვენ დაგისვათ კისერზე და ჩემი ნაოფლარი გაჭამოთო, ასე უთქვამს. იმათაც, როგორ გაგვიბედეო და უცემიათ. ამ ამბის მერე ეს წისქვილიც და ტბაც მიუგდია და წასულა სოფლიდან. მისი ალი და კვალი არც არავინ იცოდა. მის ქონებას ცოტ ხანი სოფელი უვლიდა, მერე ხალხს თავისი საქმე უფრო მეტი ჰქონდა და წისქვილსაც ბოქლომი დაადეს და ეზოსაც.

ზაფხულობით ამ ტბაზე ბიჭები ვიკრიბებოდით ხოლმე. ტბაც აღარ ეთქმოდა. წყალი შიგ იდგა და აღარც არხი იყო რო გასულიყო და ახალი წყალი  შემოსულიყო. ნათოვლარით ან ნაწვიმარით ივსებოდა ხოლმე. ხანდახან სოფლის კაცებს თუ შევეცოდებოდით და ტრაქტორს თუ თავისუფალი დღე ჰქონდა არხს გადმოაგდებდნენ, წყალს გამოსცვლიდნენ და მერე მთელი ზაფხული გვყოფნიდა ხოლმე. ნელ-ნელა წისქვილსაც მივეპარეთ. ჯერ ფანჯარა ჩავტეხეთ, ვითომ შემთხვევით. როცა ვერავინ ვერაფერი შეამჩნია და არაფერი გვითხრეს მერე შიგნითაც შევედით. ან ვის რა უნდა ეთქვა, უფროსს აქ ფეხი არ დაუცდებოდა და თავისი ნებით არ შემოივლიდა. თუ რომელიმეს მშობელი ეძახდა მეზობლის ბავშვს გამოაგზავნიდა ხოლმე, ისიც შორიდან იძახდა, რადგან ეშინოდა არ გაგველახა.

ერთი კვირა ვასუფთავეთ, მერე ოთახში დიდი ჟეშტის ნაჭერიც შევათრიეთ და ზედ ძველ საბურავში ჩაყრილი გოგირდიც დავწვით – გველები თუ არიან ჩაბუიდებულები წავლენო, დათუნამ დაასკვნა, ძალიან ეშინოდა გველების. მერე ერთი კვირა ისევ ტბაში ვეყარეთ, სანამ ის საშინელი სუნი განიავდა.

იატაკზე ძველი ლეიბები გვეყარა, შუა დღისას სირბილისა და ცურვისგან დაღლილები აქვე ვიძინებდით ხოლმე, მოსასვენებლად სახლში წასვლა გვეზარებოდა. სანამ წინ და უკან მოვიდოდით კიდეც დაღამდებოდა და ახლიდან დავიღლებოდით. ზამთარში სკოლის გაცდენას თუ გადავწყვეტდით მაშინაც აქ მოვდიოდით ხოლმე.

ჩვენ წისქვილს დიდი სარდაფი ჰქონდა. ერთი დიდი ოთახი სულ თაროები იყო, მეორეში კიდე – ცარიელი კედლები. დათუნამ იატაკზე დაგდებული ლეიბი გადაწია და კუთხეში დატანილი სარდაფის კარის ურდული გახსნა. ქვემოთ ნელ-ნელა ჩავედით. სულ პირველად რომ ვიპოვეთ აქაურობა კიბეები დამპალი იყო და რამდენჯერმე კინაღამ ჩაგვიტყდა. მერე იქვე ტბასთან ერთი აკაცია მოვჭერით და ახალი კიბეებიც შევკარით. ქვემოთ იშვიათად ჩავდიოდით ხოლმე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გავაკეთეთ.

ზურია გარეთ დავტოვეთ. ღობესთან დიდი ბლის ხე იდგა და ზედ შემოჯდა, თუ ვინმე ვინიცობაა და შემთხვევით აქეთ წამობოდიალდებოდა უნდა გავეფრთხილებინეთ. მე, დათუნა, გურამი, გენიოსა და ყურშა ქვემოთ ჩავედით.

თაროდან გაზეთში გახვეული სანთლები ავიღე და გენიოსას მივეცი.

– აანთე.

– რამდენი?

– ჯერ თითო-თითო. რო შევალთ მერე ყველა დაანეთე. დათუნა მოგხემარება. აღმოსავლეთის კედელთან დაანთეთ, ოღონ ისე რო კედელს არ წაუკიდოთ და არ ამოვიბუგოთ.

გვერდითა ოთახიდან რაღაცის დავარდნის ხმა გამოვიდა. გენიოსა გველნაკბენივით შეხტა.

– თუ გეშინია მომეცი ეგ სანთლები და მიდი ზურას უთხარი შემოვიდეს. შენ კიდე გვიყარაულე.

– არ მეშინია. ხმაზე შევხტი უცებ, არ ველოდი, თორე ისე არ მეშინია.

– დარწმუნებული ხარ? ხო გაგაფრთხილე შიში არ შეიძლება-თქო?

– ვიცი. და არ მეშინია. მზადა ვარ. ორი კვირაა ყოველ დილა-საღამოს ვლოცულობ.

– იცოდე უკან დასახევი გზა აღარ იქნება. – ბიჭებს მივუტრიალდი. – თუ რომელიმეს ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, ჯობია ახლავე წახვიდეთ. მშიშრობაში არ ჩაგეთვლებათ. ეს იმისთანა რამეა, ბევრ უძლიერეს ადამიანსაც კი ეშინია. ახლა თუ შევედით, მერე იქიდან გამოსვლა აღარ იქნება ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ საქმეს. ამიტომ ბოლო შანსია. – ყველანი ჩუმად იდგნენ.  – კარგია. ჰო. ისე საშიში არც არაფერია. სუსტია ეს ეტყობა. აბა ის კინო რო ვნახეთ, იმას არ გავს, რა დღეში იყო… ეს ალბათ რაღაც სხვანაირია, მარტო ავადმყოფობად აქცევს.

– მზად ხართ? – დათუნამ ხის კარებთან იდგა და ჩვენ გველოდა.

– არა ჯერ. ისე არ შეხვიდეთ. სანთლები ამოიღეთ თით-თითო, აანთეთ, პირჯვარი გადაიწერეთ და მერე.

გურამმა სანთლები ჩამოარიგა.

– ასანთი რომელს გაქვთ?

– ზაჟიგალკა მაქვს.

– ზაჟიგალკით არ შეიძლება.

– მე მაქვს – ყურშამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო და ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა.

პირჯვარი გადავიწერეთ.

– ამეების დანთებას რო დავიწყებ, ეს სანთელი სად წავიღო?

– მე მომეცი და დაგიჭერ.

– მზად ხართ? – მეორედ იკითხა დათუნამ. დასტურის ნიშნად თავები დავუქნიეთ. – აბა, წავედით მაშინ. – ღრმად ამოისუნთქა, ჭერს ახედა და პირჯვარი გადაიწერა.

ოთახის კარი შევაღე. წინ არაფერი ჩანდა, სანთლის შუქი თვალს მჭრიდა. ნელ-ნელა ოთახის შუისკენ წავედი, სანთელი თავს ზემოთ ბოლომდე ავწიე და ოთახი ოდნავ განათდა..

ბიჭებიც სათითაოდ შემოვიდნენ.

– რამდენი დავანთოთ? – მკითხა ყურშამ.

– ყველა. ხო გითხარი უკვე?

– რავი, მაინც შეგეკითხე.

– საით?

– რამ გამოგაშტერა შენ? აღმოსავლეთის კედელზე, საითაც ვლოცულობთ ხოლმე და საითაც კანკელია! – მკაცრად ვუპასუხე.

– ეგ საითაა?

– საითაც დაბმულია!

ჩვენს ლაპარაკზე ვაჟიკო ფეხზე წამოხტა. ფეხზე ჯაჭვი ჰქონდა შებმული. კედლის გასწვრივ მავთული გვქონდა გაჭიმული და ჯაჭვი იმაზე იყო მიმაგრებული, აქეთ-იქით რომ ევლო. ბაბუაჩემისგან ვისწავლე. ადრე დიდი მეცხვარე გვყავდა, სულ ვერ ვუშვებდით, მეზობლებთან გადადიოდა ან გარეთ გარბოდა. არა, კი არავის ერჩოდა, მაგრამ იმხელა იყო ყველას ეშინოდა. ამას რო მიხვდა, ხანდახან სადილობისას მივიდოდა ხოლმე ვინმეს ოჯახში და ისე შეუჭამდა ხოლმე მთელს საჭმელს კრინტსაც ვერ ძრავდნენ ხოლმე. მეზობლებმა რამდენჯერმე რო შესჩივლეს ბაბუას, შენი ხათრით თოფს არ ვესვრით და დააბი ქე მაინც, მთელი სოფელი დაზაფრულები ვართ, ხალხს სახლში პური ვერ გვიჭამიაო. სახლის გარშემო მავთული გააბა, იმაზე დიდი ჯაჭვი მიამაგრა და ისე დააბა. ესეც დადიოდა მთელი დღე ეზოში თავისთვის, წყნარად და მშვიდად. მერე გაცოფდა. მაგენი ბარში ვერ სძლებენო, ერთმა კაცმა სთქვა. მთაში თუ არ არიან შავთეთრად ხედავენ და მერე ტვინი ერევათო. გაცოფებულზე მარტო მე მცნობდა, მე მიმქონდა ხოლმე საჭმელი და ვეფერებოდი. ერთსაც კი არ მიღრენდა. მეც ვეხუტებოდი და ვეფერებოდი. ბოლოს ღამ-ღამობით ყმუილი დაიწყო. სოფლის ქალებმა, ეგ სიკვდილის ნიშანიაო, სანამ მიქელ-გაბრიელი მოსულა და ვინმე წაუყვანია მოკალით, სიკვდილს შესწირეთო. ერთ დღესაც ბაბუაჩემი მთვრალი მოვიდა, სახლში სოფლის მოწუწუნე ქალები დახვდნენ. ამანაც აიღო ორლულიანი და ამათზე გულმოსულმა ესროლა.

– ფუ, რა სუნია, ჩაიჯვა ამ დედამოტყნულმა? – გურამიმ ცხვირი სახელოში ჩაყო.

– ნუ იგინები, ბიჭო! რა გეტაკათ?

– მე ამას ხელს ვერ მოვკიდებ, გული მერევა.

– მე მოვკიდებ, შენ წადი იმათ მიეხმარე მაშინ, ან აგერ გენიოსას. ეს თოკები გაშალეთ და გაამზადეთ.

ოთახის შუაში კანგაცლილი აკაციისგან გაკეთებული დიდი ჯვარი იყო ჩარჭობილი. იქვე ტბასთან მოვჭერთი, გადავხერხეთ და მერე ბოძები ერთმანეთს მივაჭედეთ. ბევრი კი ვიწვალეთ, ისე.  მორები ჯერ კიდე სველი იყო და აკაციის ტკბილი სუნი ოთახში მდგარ ნესტისა და განავალის სუნს ერეოდა. ძლივსღა ვსუნთქავდი, ერთი კი ვინატრე სუფთა ჰაერი, მარა ეს საძაგელი სუნიც გამოცდას მივაწერე, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს ძალა შევთხოვე.

– მზადაა ყველაფერი. – ხმადაბლა ჩავილაპარაკე.

ვაჟიკო გადმოკარკლული თვალებით მომშტერებოდა. თვალები სულის სარკეაო, ამბობენ. ცარიელი, უმეტყველო თვალები ჰქონდა. მხოლოდ შიში და გაკვირვება ჩანდა. ამან გამამხნევა. თუ ეშმაკს ჩემი ეშინოდა, ესეიგი სწორ გზაზე ვიდექით და ღმერთიც ჩვენსკენ იყო, აბა როგორ არ შეეშინდებოდა. ვიწრო პირიდან ენა ოდნავ გადმოვარდნოდა, ცხვირზე და უფორმო ყვრიმალებზე ტალახი ეცხო, ან შეიძლება განავალიც. საშინელი სუნი ასდიოდა.  კი ვუთხარით იქვე დატოვებულ ვედროში ექნა ყველაფერი, მარა ეტყობა შიშისგან ვეღარ მოიფიქრა, ან შეიძლება ვერც მიეგნო, სიბნელეში იყო მთელი დღე და ღამე.

– ნუ გეშინია – მკაცრად ვუთხარი. – მოდი ჩემთან. – უსიტყვოდ დამემორჩილა. – რატო ქენი შარვალში? ხო დაგიტოვეთ ვედრო?

ამოიღმუვლა.

– რაო?

– ღმუის?

– რა აღმუვლებს?

– დამუნჯდა ალბათ – ჩალპარაკა გენიოსამ – ჩემი ბიძაშვილი იყო ეგრე, დაიკარგა ტყეში და იმის მერე აღარ ლაპარაკობს, დამუნჯდა, შეშინებულიაო.

– დამუნჯებული თორე ახლა ეგეც არ მყავდეს, ისედაც ორი სიტყვა იცოდა სულ.

– წართმეული აქვს ლაპარაკი. ეშმაკის ბრალია.  

რაც მამაომ ვაჟიკოს ეშმაკეულობაზე მომიყვა, იმის მერე არ მასვენებდა რაღაც. ვაჟიკოს ნაირი ეშმაკით შეპყრობილები ტელევიზორში მყავდა ნანახი რამდენჯერმე. ზოგი რაღაც კინოში და ზოგი რაღაც გადაცემაში. ექიმები ლაპარაკობდნენ ხოლმე. ასეთები იბადებიანო, მშობლები ხან იტოვებენ, ხანაც აბარებენო. ძნელია ასეთი ბავშვების მოვლა და თანაც ხალხი ცუდად ექცევათო. ზოგს იმისაც ეშინია არ გადაედოს მათ ბავშვებსო, მარა გადმდები არ არისო, მერე რაღაც მხარდაჭერაც გამოუცხადეს, ფერად წინდებს იცმევდნენ, რა შუაში იყო ვერ გავიგე. რატო ეკლესიაში არ მიყავთ-მეთქი ვფიქრობდი. მერე გამახსენდა, რომ სოსო ძია არ მიდიოდა, მამამისის ცოდვებით იყო დამძიმებული ალბათ და ამიტომაც ვერ ბედავდა ტაძარში მისვლას. მაგიტომაც არ მოუნათლეს. მამაოს რო ვკითხე, მაგას აწი აღარაფერი ეშვლება, იერუსალიმში ან ათონის მთაზე თუღა წაიყვანენ და იქ რო ბერები არიან ისენიღა თუ უშველიანო. მაგას ეშმაკი დედის მუცლიდან გამოყვა და ახლა ისეთი ძლიერი იქნება შეიძლება ქვეყანა დაანგრიოსო. მე ვერ მომერევა მეთქი. მამაოს გაეღიმა, ჰო, შენ ღმერთს უყვარხარ და შენ ეშმაკი ვერ მოგერევაო.

მაშ თუ ღმერთს ვუყვარვარ და ზემოდან მიყურებს, თუ ანგელოზები მფარველად მომიჩინა და მეც ჩემი რწმენითა და ქცევით მის სახელს ვადიდებ, ხელს ვერაფერი შემიშლის-თქო ვთქვი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მეშველა ვაჟიკოსთვის.

მამაოს ვკითხე, ეშმაკს როგორ დევნიან-თქო. დიდი ლოცვა და რწმენა უნდა მაგასო. ჩვენში მარტო სამ კაცს შეუძლია ასეთი ძლიერი ლოცვაო. მკაცრად უნდა მოეპყრო შეპყრობილს და აგრძნობინო, რომ ღმერთი შენს გვერდითაა და არაფრის გეშინიაო.

– მოდი ჩემთან! – ვაჟიკომ ორი ნაბიჯი გადმოდგა და მომიახლოვდა. საშინელი სუნი ასდიოდა. თვალები კიდევ უფრო გადმოკარკვლოდა და ჩასისხლიანებოდა.

– ნუ გეშინია, ვაჟიკო, ვიცი რო გესმის. – გენიოსამ დაუყვავა. მე ვუთხარი და კინოშიც ვნახეთ, რომ ტანჯული სული, რომელიც ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი და აწვალებდა, ჯერ სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა ტანში და ვერ გადიოდა. თუ ეშმაკი წაბილწავსო, მაშინ ჯოჯოხეთში წავაო, ასე თქვა იმ მამაომ, ფილმში რო იყო. კათოლიკე იყო მგონი, პერანგის საყელოზე თეთრი ლენტი ეკეთა შიგნიდან და ეგ კათოლიკეების ნიშანია. მარა რა. ეშმაკი ეშმაკია.

– ვანო! ხო ესმის?

– ესმის. წამოდი და წინ დადექი. – ხელით აკაციის ჯვრისკენ მივუთითე.

ვაჟიკო უხმოდ დამემორჩილა.

ხელი საყელოში მოვკიდე და ორი ნაბიჯით უკან დავხიე, ჯვარს მივაყუდე.

– ხელები გაშალე! – გაშალა. – მიეყუდე და არ გაინძრე.

გენიოსამ და გურამიმ ხელების თოკებით მიბმა დაიწყეს.

– ვანიკო, დაჭედება ხო არ სჯობს? როგორც ქრისტე, უფრო არ დაასუსტებს?

– არა. არ შეიძლება მასე. თანაც სხეულმა შეიძლება ვერ გაუძლოს და მოკვდეს.

– ჰო, მართალია.

– ფეხებიც შეუკარით.

ჯვარზე გაკრული ვაჟიკო თავის ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ვიწრო პირიდან გადმოვარდნილი ენიდან დორბლი სდიოდა და მუცელზე ეწვეთებოდა. გენიოსამ ჯიბიდან ნაკურთხი ზეთი ამოიღო და ბინძურ შუბლზე ცერა თითით ჯვარი გამოსახა.  

– რატომ არის ასე მშვიდად?

– ჰა?

– ჯვარზე გავაკარით, შუბლზე ზეთით ჯვარი გამოვსახე და მშვიდად არის მაინც. არ ეშინია ან არ სტკივა?

– გვატყუებს. უნდა რო ყურადღება გაგვეფანტოს.  

ბიჭები სანთლების დანთებას მორჩნენ. აღმოსავლეთის კედლიდან 333 სანთლის შუქი პირაპირ თვალებში მირტყამდა და ვაჟიკოს სახეს ვეღარ ვხედავდი. მხოლოდ ჯვრის სილუეტი ჩანდა. ალბათ სწორედ ასეთი ხედი იშლებოდა გოლგოთას ძირში, როცა ხალხი ჯვარცმულ იესოს ჩამავალი მზის ფონზე შესცქეროდა და გორაკის მწვერვალზე აღმართული სამი ჯვრის სილუეტი სატანას თავის დამარცხებას აუწყებდა. ვიდექით ხუთნი, ღვთის ხუთი შვილი. ჩვენი სახეები წმინდა სანთლებისგან მომავალი ღვთიური სხივებით იყო განათებული. ჩვენ წინ ხის ჯვარზე გაკვრული ბოლო წუთებს ითვლიდა და სულს ღაფავდა დემონი, რომელიც ჩვენს სოფელს დაუდევარი და ამპარტავანი წინაპარის გამო შემოუსახლდა და ბაბუის გამო შვილიშვილს სტანჯავდა.

– დავიწყეთ. – ხელში ჩვენი ნათლობის კელაპტრები გვეჭირა. გენიოსას მოუვიდა აზრად, როცა მოვინათლეთ და სული წმინდა ჩვენზე გადმოვიდა, იმ დროს დანთებულ სანთლებში დიდი ძალა და მადლი იქნება და შეგვეწვაო.

ბიჭები მუხლებზე დადგნენ, ოღონდ თვალები დახუჭეს. დემონს რომ არ ჰგონებოდა, რომ მას დაუჩოქეს.

“მამაო ჩვენო” დაიწყეს.

ლოცვისას ყოველთვის ვგრძნობდი რაღაც უხილავ ძალას, რომელიც თითქოს გვერდით მედგა, ჩემშიც შემოდიოდა და საოცარ ძალას მაძლევდა. პირველად ეს მაშინ განვიცადე, როდესაც ჩემი პატარა ბიძაშვილი ხიდან ჩამოვარდა. საავადმყოფოში წაიყვანეს. არ ვიცოდი გადარჩებოდა თუ არა, ყველა ძალიან ნერვიულობდა. იმ ღამეს ეკლესიაში ჩავედი, კარი ჩუმად გავაღე და შევიპარე. მაშინვე სიმშვიდე დამეუფლა. გუმბათის ფანჯრებიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და მთავარანგელოზის ხატს სახეზე ეფინებოდა. სწორედ მასთან მივედი. ნიშანი მეგონა. დავიჩოქე, თვალები დავხუჭე. ყველაზე გულმხურვალედ სწორედ იმ ღამეს ვილოცე. და ვიგრძენი როგორ დადგა ჩემს გვერდით რაღაც არაამქვეყნიური და ზებუნებრივი, რომელმაც დიდი ძალა გადმომცა და დამარწმუნა, რომ ჩემი ბიძაშვილი აუცილებლად გადარჩებოდა. გადარჩა. ახლაც ასეთივე გრძნობა დამეუფლა. ვიდექი თვალდახუჭული და ვგრძნობდი ძალას, რომელიც ჩემზე გადმოვიდა. არ ვიცი რა იყო ეს, მთავარ ანგელოზი, ურჩხულის მმუსრავი თეთრი გიორგი თუ სული წმინდა, მაგრამ უეჭველი იყო, რომ ეს ძალა და რწმენა, რომელიც მდგოვის მარცვალზე გაცილებით დიდი იყო ვაჟიკოს სხეულში ჩაბუდებულ დემონს დამამარცხებინებდა.

ღმერთო, შენი სახელის დიდება.

ჩვენ ყველა ერთად შევაბიჯდებდით სოფელში, ვაჟიკოსთან ერთად, რომელსაც უკვე ადამიანის სახე ექნებოდა და არა ეს დამრგვალებული, ჩამოძონძილი და დორბლიანი, როგორიც ახლა აქვს. ის ილაპარაკებდა. მოყვებოდა, როგორ გადავარჩინეთ ჩვენ, როგორ გადაარჩინა ღმერთმა, რომელიც დღეს ჩვენში შემოვიდა და როგორ განიდევნა დემონი, მისი ცოდვილი ბაბუის გამო რომ სჯიდა მასაც და მის მთელ ოჯახს.

ჩვენ ეს პატარა ბიჭები, რომლებიც უფლის, ღმერთის, იესო ქრისტეს ჯარისკაცები ვიქნებით, ხალხს უფრო მეტად ვეყვარებით და ჩვენი იმედი ექნებათ.

აღარც მამაჩემი იფიქრებს ოდესმე, რომ პატარა ბიჭი ვარ. იქნება და ჭკუაც მკითხოს ხოლმე ხანდახან.

თვალი გავახილე.

– გენიოს. დაიწყე. – გენიოსამ “მეუფეო ზეცათაო” დაიწყო, ჭერში იყურებოდა, თვალები გაეხილა და ერთ ადგილს მიშტერებოდა. ყოველთვის თვალგახელილი გალობდა. სხვა რამეს თუ მღეროდა, ხალხურებს ან რამე ქალაქურს, მის საყვარელ, ჩახვეულ ან ჟრუანტელიან ადგილებში თვალებს დახუჭავდა ხოლმე და მარჯვენა ხელს ქვემოდან ამოაყოლებდა. საოცარი ხმა ჰქონდა. მამაო დაპირდა სასულიერო სემინარიაში უფასოდ მოგაწყობ, შენნაირი ნიჭიერი ბავშვები სანთლით საძებარები არიანო. ვინ იცის მერე და მერე ქალაქშიც გამღერონ, რომელიმე დიდ ტაძარშიო. უფლის ნაჩუქარი ნიჭი გაქვს და იცოდე არ გააფუჭოო. ჩვენ რო ასტრას ან თამბაქოს ვეწეოდით ეს არ ეკარებოდა, პირველს დავკარგავო.  

პირჯვარი გადავიწერე. ბიჭების ლოცვა საბრძოლო ბარაბნის გუგუნად ჩამესმოდა ყურებში და გენიოსას პირით იმ წუთას ანგელოზთა გუნდი მღეროდა ყველაზე ძლიერ და საოცარ სიტყვებს უფლის სადიდებლად.

ვაჟიკო მშვიდად იდგა, ჯვარზე მიბმული ხან მე მომაშტერდებოდა, ხან გენიოსას.

სანთლის კედლისკენ წავედი.

ძალები საბოლოოდ მოვიკრიბე, ღმერთს ავხედე, პირჯვარი გადავიწერე და ხის ჯვარს მივუახლოვდი. ძელზე რამდენიმე წვეთი დავაღვენთე და კელაპტარი დავამაგრე. კედლიდან აღებული ერთი სანთელი ნაკურთხი წყლით სავსე მათარას დავამაგრე თავზე. წინასწარ მქონდა მომარაგებული. შვიდი ღამე საკურთეველში მქონდა დატოვებული. ჩვენში ამბობენ, ეკლესიაში ღამენათევ ნაკურთ წყალს უფრო მეტი მადლი აქვსო. არა, მადლი მადლია. როცა მამაო აკურთხებს და სული წმინდა გადმოვა სად და როგორ დატოვებ მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს. ის კი არა ნაკურთხი წყალი არც კი ფუჭდება, მაგრამ მაინც… ხანდახან ხალხსაც დაეჯერება და რწმენა რომელიც მათშია, კიდევ უფრო აძლიერებს ყველაფერს.

ბიჭები გაუჩერებლიც ლოცულობდნენ, გულმხურვალედ, არც ერთი სიტყვა არ აბნევიათ და არ შეშლიათ, ერთხმად, თვალდახუჭულები და აუღელვებლად.

იგრძნეს ოთახში შემოსული ღვთიური ძალა.

ვაჟიკოს სამი წვეთი ნაკურთხი წყალი ვაპკურე თავზე. ჭუჭყმა შეიწოვა.

– უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! – ვიმეორებდი ამ პატარა, მაგრამ ძლიერ ლოცვას და თან ვაჟიკოს წრეს ვუტყამდი, სამჯერ შემოვუარე. წინ დავუდექი, სამჯერ გადავწერე პირჯვარი.

მივუახლოვდი, მათარიდან ისევ სამი წვეთის უნდა დამესხა და მერე ლოცვა გამეგრძელებინა. მათარა გადმოვატრიალე და ნელა, ისე რომ მთლიანად არ დამეღვარა წყალი, ვცდილობდი წყალი თავზე დამეწვეთებინა. პირველი წვეთი რომ დაეცა ვაჟიკომ თავი ოდნავ ამოწია და მათარას ამოხედა. ამ დროს, სანთელს ნაღვენთი მოსწყდა და პირდაპირ თვალში ჩაეწვეთა.

ვერ მოვასწარი ვერც თვალზე ხელის დაფარება, ვერ მათარის გამოწევა, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი და ვაჟიკომ არაადამიანური ღრიალი ამოუშვა პირიდან. აფართხალდა და როგორც ჩანს გენიოსამ ან გურამამ, ხელი ცუდად შეკრეს და თოკი გაეხსნა. მე ვცდილობდი დამეჭრია და თან გამეჩუმებინა, ხელს ვუჭერდი, მაგრამ ისე იყო გამწარებული, ძლიერად მკრა ხელი და წამაქცია.

მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ ბიჭები გაჩუმებულიყვნენ და გაოგნებულები უყურებდნენ ყველაფერს. ვაჟიკო ამომწვარ თვალს ხელით ისრესდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითოს თვალის ამოთხრას ცდილობდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ვერც კი მოვასწარი იმის თქმა, რა მოხდა, დათუნამ იქვე მიგდებული ჩემი წალდი აიღო და რამდენჯერმე ჩასცხო ვაჟიკოს თავში, მთელი ძალით ურტყამდა, თან ტიროდა და თან რაღაცას ბურტყუნებდა, მგონი ცდილობდა ისევ მამაო ჩვენო გაეგრძელებინა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი.

ვაჟიკოს თავიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, დათუნა თითქოს დაწნარდა, ოთახში მისი მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა, მე მიწაზე ვიჯექი, ნორმალურად ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა. ვაჟიკო ხმას აღარ იღებდა, ჩუმად ხროტინებდა, ისე ჩუმად რომ დათუნას მძიმე სუნთქვა ხანდახან ფარავდა კიდეც მის ხმას, ცალი ხელით ისევ ჯვარზე იყო ჩამოკინწიალებული.

დათუნამ წალდი ძირს დააგდო და ოთახიდან გავიდა. ხმას ვერც ერთი ვერ ვიღებდით. მე ისევ მიწაზე ვეგდე, ბიჭები მუხლებზე იდგნენ და ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა. ცოტახანში დათუნა შემობრუნდა. ხელში რაღაც ეკავა. ვაჟიკოს მიუახლოვდა, იმ რაღაცას თავსახური მოხსნა და ზედ გადაავლო.

– ამის ასე დატოვება არ შეიძლება.

– იპოვიან. – ძლივს ამოვილუღლუღე.

– ვერ იპოვიან. – ოთახში ნავთის სუნი დადგა. – ადექით, გავედით. – დათუნამ წისქვილის ზედა სართულის იატაკსაც მოასხა ცოტა ნავთი.

– რა მოხდა? – ზურია ხიდან ჩამოვიდა და ჩვენთან მოირბინა.

– არაფერი. თუ გკითხეს, ვითომ დასასვენებლად მოვედით აქ და გასათბობად ცეცხლი რო დავანთეთ, ნაკვერჩხალი გადმოგვივარდა ძირს. – მკვახედ უპასუხა დათუნამ, ყურშას ასანთი გამოართვა და გაუკიდა.

Advertisements
კატეგორიები:Front
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: