მამაო ჩვენო

– თომა!
პასუხი არ არის.
– თომა!
პასუხი არ არის.
– სად შეიყუჟა ეს ბავშვი, ამ წამს არ შემოვიდა სახლში? – დედა სწრაფი ნაბიჯით გაეშურა შვილის ოთახისკენ, კარი ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა შეღებული, რომ დაიწყო: -წამოდი, თორე გაგიცივდება ის საჭმელი… რა გჭირს? რა მოგივიდა?
ოთახში მდგარ თომას მივარდა, ჯერ დაკაწრული და დახეთქილი სახე შეუთვალიერა, მერე ხელები, ფეხები,დასისხლიანებული და დახეული პერანგი, შეატრიალა, შემოატრიალა.
– რა მოხდა? რა უბედურებაა ეს?
ასეთ მომენტებში დედები რატომ ყვირიან აუხსნელი მოვლენაა. შეიძლება გაბრაზებულები არიან, უმნიშვნელო იარების გამო ასე რომ ანერვიულეს ან საკუთარი შვილის ლავირების უნარით არიან უკმაყოფილონი, რომელმაც თავი ვერ აარიდა კონფლიქტს და თავი ასეთ მდგომაროებაში ჩაიგდო. შეიძლება ეს უმისამართო ბრაზიც კია, რომელიც მიმართულებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დამნაშავე გაირკვევა. შეიძლება ცხოვრებასა და სამყაროზე გაბრაზებაა, რომელშიც ძალადობა სუფევს და ეს ურთიერთობის ყველაზე მიღებული ფორმაა. გაბრაზების და ისტერიკის საპასუხოდ შვილები ჩუმად დგანან, დარცხვენილები უყურებენ დედას, სადმე ლოყაზე ან სხეულს იმ ნაწილზე, რომელზეც ჩახუტებისას თავს ადებენ ხოლმე. ამ მომენტში შვილები ახლიდან გადიან თავსგადამხდარ ეპიზოდს და ზუსტად იმავენაირად გრძნობენ ტკივილს, სიძულვილს, ბრაზს, ამპარტავნებას ან სიამოვნებას, როგორც ჩხუბის მომენტში. ისინი ამ დროს ყველაზე უმანკოები და სუსტები არიან, მათ თავისი საქციელისაც რცხვენიათ, მიუხედავად იმისა, დამნაშავენი იყვნენ თუ არა, და დედისაც, რომელიც მათ წინ დგას მუხლებზე და ზუსტად ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ჯვარზე გაკრული ქრისტეს შემხედვარე ღვთისმშობელს. ვინ იცის იქნება მარიამიც ბრაზობდა თავის შვილზე, რომელმაც თავი არ აარიდა ადამიანთა ბრბოებს და პირდაპირ ლომის ხახაში ამოყო თავი. იქნებ იდგა და ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ დარჩენილიყო ეგვიპტეში და ემიგრაციაში ეცხოვრათ მთელ ოჯახს, მე შენ გეტყვი იოსები სამსახურს ვერ იშოვიდა თუ დეპორტაციას გაუკეთებდნენ საბუთების უქონლობის გამო. და იქნებ იესოც ზუსტად ისევე დარცხვენილი უყურებდა დედამისს და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბოლოჯერ მაინც ჩახუტებოდა. ასეთ ღვთაებრივად უმანკო მომენტებს როგორც წესი მამები არღვევენ, რომლებიც ან მიწისძვრას ახდენენ და ტაძარში ფარდას ფხრეწენ, ან ოთახში შემობოდიალდებიან, თან სიგარეტის სუნს შემოიყოლებენ და იჭვნეულად იკითხავენ:
– რა ხდება?
– იჩხუბა, ალბათ – ცრემლნარევი ხმით უპასუხა მარიამმა, ამ შემთხვევაში თომას დედამ.
– მერე რა გატირებთ? ან ერთს, ან მეორეს? – მამებს სენტიმენტების არ სჯერათ, ხშირად, ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მამას, თომას მამას, იოსებს, დიდად არ უყვარდა სენტიმენტები. არადა ბიჭებს ძალიან უყვართ, როცა მამები ეხუტებიან, მხარზე ხელს უთათუნებენ და აქებენ. დედა სხვაა, დედა ეს არის ნავსაყუდელი, სადაც ბრძოლის შემდეგ მიდიხარ და ისვენებ, დედასთან ჩახუტება სახლში დაბრუნებას ჰგავს, ზუსტად რომ იცი ყველა კუთხე-კუნჭული და, ჰა-ჰა, მაქსიმუმ ახალი ნივთი აღმოაჩინო, რომელსაც ასე იშვიათად ყიდულობს დედა, ისევე -როგოროც ახალი ნაოჭი მის სახეზე.
მამა ეს ბრძოლის ყიჟინაა, სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც იარას გიშუშებს ბრძოლისას მოცელილს და ახლიდან გბერავს სულს.
– ვინ გცემა?
ო, ღმერთო, როგორ არ უყვართ შვილებს, როცა მათი გმირები, მათი მამები, მათ დამარცხებულად თვლიან. და სწორედ აქ, ამ დროს, ყველა შვილი დგება ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე. ისინი ან ტყდებიან და ბოლომდე დამარცხებულებად რჩებიან, თანაც ისე, რომ არც არასოდეს ცდილობენ გამარჯვებას და ბრძოლას, ან ბრაზის გზას ირჩევენ და მთელ ცხოვრებას იმის დამტკიცებაში ატარებენ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ბოლოს იმარჯვებენ, ამარცხებენ ყველას და მათ შორის საკუთარ თავებსაც და იმ მამებსაც, რომლებმაც ამ გზაჯვარედინზე დააყენეს.
– ანდა არ მიპასუხო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გცემა, შენი ტოლი იყო თუ უფროსი? თუ ვინმე დიდმა ბიჭმა გცემა მაშინ მითხარი.
– ჩემზე ძლიერია – თავდახრილმა უპასუხა, მისით იმედგაცრუებულ მამას, თან ელოდა როდის მორჩებოდა დედა მის ჭანჭყარს, რაც ტანსაცმლის გასწორების პროცესით იყო გამოწვეული. დედა კვლავ მუხლებზე იდგა და ვერც შვილს და ვერც ქმარს თვალებში ვერ უყურებდა, დარცხვენილი იყო. თითქოს, მისია, რომელიც მას დააკისრეს ჩაუვარდა. ვაჟკაცი, რომელიც სახლში დაუტოვეს აღსაზრდელად, ვერ აღზარდა ისე როგორც მამას უნდოდა. ბიჭებს უყვართ, როცა მათ მამებზე ამბებს უყვებიან, როდესაც ხედავენ, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები სინამდვილეში დევგმირები არიან, მაგრამ მხოლოდ მაგალითები და ამბები არ კმარა, უშუალოდ მამებთან ურთიერთობა უნდათ. მერე რა რომ ხანდახან სუსტები არიან და უბრალოდ ნუგეში სჭირდებათ, გამარჯვებული არმიის გენერლებიც ხომ ანუგეშებენ და ეფერებიან თავიანთ რიგითებს?
– და რა გინდა? მე ვცემო? თუ იქნებ მის მშობლებს დავურეკო და დავაბეზღო? რას ნიშნავს ჩემზე ძლიერია, რითია შენზე ძლერი?
– მაღალია, უფრო დიდია, ჭიდაობაზე დადის და ხელებს მიგრეხს ხოლმე.
– ჰოდა, აიღე და ჩაარტყი თავში რამე. წიგნი ან ჩანთა, ან ბოლოს და ბოლოს კვერცხებში ამოსდე. მეორეჯერ ატირებული აღარ დაგინახო!
– ტანსაცმელშემოხეული?
აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ ასაკში განვითარებული სარკასტულ-ირონიული იუმორი საბოლოო ჯამში ძალიან ძლიერი თავდაცვის იარაღად იქცევა ხოლმე და გარშემომყოფებს სიცოცხლეს უმწარებს. ამ იარაღის მფლობელი კი, როგორც ამერიკელები იტყვიან, მაიმუნს ჰგავს, რომელსაც ხელში სავსემჭიდიანი ავტომატი უჭირავს, აქეთ-იქით დარბის და არც მტერი იცის და არც მოყვარე.
– ტანსაცმელი არა უშავს, მთავარია, იმასაც შემოხეული ჰქონდეს. ახლა რო გიყურებ, დარწმუნებული ვარ, იმას ერთი ნაკაწრიც არ აქვს, ერთი ადგილიც კი არ ექნება გაწითლებული სხეულზე. ხელი მაინც თუ შეუბრუნე?

შვილებმა არ ვიცით რა არის ძალადობა, სანამ არ გვასწავლიან. ჩვენი მამები კი, რომლებსაც თავიანთმა მამებმა აწავლეს ძალადობა, რომელთაც თავიანთმა მამებმა ასწავლეს და ასე ისწავლა ყველამ, ვიდრე კაენამდე, რომელსაც თავისმა ბაბუამ, ღმერთმა, ასწავლა ძალადობა, (როცა თვითონ ჩავარდა ამპარტავნების ცოდვაში), შვილების აღზრდისას წინაპართა დანატოვარსა და ტრადიციებს უცვლელად მიჰყვებიან და ამ ხელით საგოგმანებელ ცოდნას გვიტენიან თავში. ჩვენი მამები ნაცარში ქექვისას, ძილისას, კითხვისას, ჭამისას, ტუალეტში ჯდომისას, შხაპში, სამსახურში, მანქანაში, დებატებში, საუბარსა და მსჯელობაში მსოფლიოს შესაცვლელად ეძებენ გზებს. ვის არ უნდა უსაფრთხო გარემოში იცხოვროს და ოჯახიც დაცული ჰყავდეს. გვასწავლიან ძალადობას, გვზრდიან და მერე ერთი საფიქრალი რჩებათ, როგორ აღმოფხვრან ეს ბოროტება, რომელიც თვითონვე ჩაგვინერგეს.

ერთი მეზობელი ჰყავდა თომას, 14 წლის ბიჭი იყო განზრახ მვკლელობისთვის რომ დაიჭიერეს. არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც, თამამად შეიძლება ითქვას, ძალადობის ერთ-ერთმა საწყისმა თავი მოაკვლევინა. ამ 14 წლის ბიჭმა და ძალადობის საწყსის ვაჟმა იკინკლავეს, იჭიდავეს, იჯიკავეს, ერთმანეთს სახელოები და საყელოები შემოარღვიეს და გაბრაზებულები დაიშალენ სახლებში. 15-20 წუთის შემდეგ ძალადობის საწყისი 14 წლის ბიჭის სახლს მიადგა, ინტენსიური კაკუნი და გაბმული ზარის რეკვა ატეხა და როცა არავინ გაუღო, ამ უსაფრთხო სამყაროს იმედად დატოვებულ ღია კარი გამოაღო და სახლში შეიჭრა. 14 წლის ბიჭი თავის ოთახში იჯდა და 15-20 წუთის წინ მომხდარ ინციდენტს წიგნის კითხვაში იქარწყლებდა. კარგ მკითხველს რომ ეტყვიან ისეთი ყოფილა, ტექსტს კი არ კითხულობდა, უყურებდა, როგორც კინოს, მისი ტვინი საოცარად აკონვერტირებდა ტექსტს გამოსახულებებში, პერსონაჟებს ხასიათს, სახეებს და ხმის ტემბრს აძლევდა და საუცხოო გასართობს აძლევდა თავის პატრონს. ჰოდა, როცა გვერდითა ოთახიდან ხმაური და გინება შემოსმა, წიგნის მთავარი გმირის სმენას დააბრალა, ალბათ, ქუჩაში სეირნობისას რომელიმე ბინიდან შემოესმა ოჯახური სკანდალის ხმებიო. მეორე წამს ხმა უფრო ხმამაღლად შემოესმა, მერე პატარა პაუზა, დედის ხმაც ეცნო და ამ ყველაფერს კარის განაჯხუნება მოჰყვა. მაშინ კი წამოიჭრა და გავარდა გვერდით ოთახში, სადაც ატირებული და ნერვებაშლილი დედა დახვდა, რომელმაც ვერ მოზომა და იმაზე არ უფიქროა, რომ მის გაკვირვებულ, საოცრად უსუსურ, ემოციებში დაკარგულ შვილს მისი რეპლიკა “რატომ მიწამლავ სიცოცხლეს” გულში მახვილივით ჩაესობოდა. ღია ჭრილობით, რომლიდანაც უმანკო სისხლი თქრიალით მოდიოდა, თოთხმეტი წლის კარგი მკითხველი და ნიჭიერი ბიჭი დედას მიუახლოვდა და შეშფოთებულმა ჰკითხა – რა მოხდა? და როდესაც გაიგო, რომ ბოროტების საწყისის შვილის მამა, თვით ბროტების საწყისი, მობრძანებულიყო მის სახლში, დედამისისთვის ეგინებინა, ეჯიკა კიდეც და გასვლისას დაქადნებოდა, შენი შვილი სადმე არ გადამეყაროსო, ელდა ეცა. აი, ის ღია ჭრილობა, რომლიდანაც თქრიალით მოდიოდა უმანკო სისხლი, უცებ მოიწამლა, სიძულვილის და შურისძიების მუტირებული ინფექციით დაავადდა, ჩაჩირქდა და მთელს სხეულს ისეთი სისწრაფით მოედო, რომ ეს 14 წლის ბეჯითი ბიჭი მთლიანად დალპა და საშინელი სუნი აუვიდა. მერე მსწრაფლ წამოიჭრა ფეხზე, სამზარეულოში გავარდა, ყველაზე დიდი დანა და ხორცის საკეპი ნაჯახი აიღო და ბოროტების საწყისს დაედევნა. ყურებში ჩაგროვებულმა ჩირქმა და ინფექციამ დედის ვედრება და ტირილი დაახშო და ბოლო ნუგეში, ამ სიბოროტის ლაბირინთში ჩავარდნილ ახალგაზრდას, არიადნას ძაფივით რომ გადაუგდო დედამ, ბოროტულად მოისროლა სადღაც გაურკვეველ სივრცეში, სადაც ალბათ ყველა უგულველყოფილი და გვერდავლილი იმედი, ნუგეში და მუდარა განისვენებს. ბოროტების საწყისი მშვიდი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას, გაბრაზებული იყო, კი მოიოხა გული თავისი 14 წლის შვილის მეგობრის დედის გინებითა და შეურაცხყოფით, მაგრამ ახლა უკვე თავის შვილზე ბრაზობდა, რომელმაც ვიღაც სუსტი ფურის მიერ აღზრდილი, სავარაუდოდ, ასევე სუსტი ბოჩოლა ვერ დაამარცხა და საქმეში თვით ბოროტების საწყისი ჩართო. ის იყო ტვინში შვილის დასჯის საუკეთესო ხერხმა გაუელვა, რომ თავის არეში საშინელი წვა იგრძნო, ჯერ იფიქრა, წარმოდგენის რა საოცარი უნარი მაქვს მე თვითონ ვიგრძენი ის ტკივილიო, მაგრამ როცა წამწამზე სისხლის ნიაღვარმა დაიწყო დენა, მერე მიხვდა, რომ მთლად ეგრეც არ იყო საქმე. ვიდრე გონს მოვიდა, ახლა უკვე გულთან ახლოს გაუარა რაღაც ცივმა და მწველმა და “რა ხდება?”-ს მაგივრად ხროტინი აღმოხდა. მიხვდა რომ კლავდნენ. ძალა ეცლებოდა და ის-ის იყო ასფალტს უნდა დანარცხებოდა, მასში ორმა საოცარმა გრძნობამ გაიღვიძა და ბოლო გაფართხალების ძალა შეაწია – ცნობისმოყვარეობა და შურისძიება. შემეცნებამ – მიიხედე და დაინახე ვინაა ეს თავხედიო, ჯიბრმა – მიდი თვალებში ჩახედე, სადღაც რომ გაქვს წაკითხული და რომელიღაც ფილმში ნანახი, მკვლელებს მოკლულები ესიზმრებათო, შენი სულის სარკიდან შენი ანარეკლი დააბეჭდე ზედ თვალის რქოვანაზეო. მოტრიალდა და ხელში სისხლში ამოსვრილი, დამპალი და ჩირქით აყროლებული 14 წლის ბიჭი შერჩა ხელში. წარბებზე ობი მოსდებოდა, თმების ნაცვლად ხავსი ჰქონდა მოდებული, პირიდან მატლი და ჭიაღუა გადმოსდიოდა, თვალებიდან ცრემლის ნაცვლად შედედებული სისხლი სდიოდა. კი შეზარა ბოროტების საწყისი ამ სურათმა, მაგრამ ორმა საოცარმა გრძნობამ ბოლო ბიძგი მისცა და თავისი სულის ნაგლაეჯი პირდაპირ იმ სისხლიან თვალებში შეუტენა. ო, ღმერთო რა ჩაკეტილი წრეა, ვის გინდა დააბრალოს მომხდარი? სასამართლოზე მოსამართლეს ფილოსოფიური ეგზისტენციალური საწყისები გაახსენდა, მაგრამ ბოლოს ისე დაიბნა, კინაღამ თვითონ ჩაჯდა ციხეში. მოკლედ, ბოროტების საწყისის შვილს წამოუძახებია, 14 წლის აწ უკვე დემონისთვის, მამაშენი ცუდი კაცი იყოო. რა იცოდა ბოროტების ნაშიერმა, როგორ კაცი იყო 14 წლის ბიჭის მამა? არც იცოდა, მაგრამ სახლში უთქვამს თურმე ბოროტების საწყისის მეუღლეს. კაცმა არ იცის რატომ, რა დააშავა იმ კაცმა, ახლა რომ საფლავში იწვა და ან ზემოდან, ან ქვემოდან რომ უყურებდა თავისი შვილის ლპობას. თქვენც არ გიკვირთ? იმის მაგივრად რომ ბოროტების საწყისს თავისი შვილისთვის თავში წაეთაქებინა და ეთქვა, შენ ვინ გეკითხება ვის მამა როგორი იყო, რასაც გაიგონებ, ყველაფერი კი არ უნდა გაიმეოროო, წავიდა და თავისი ნაშობის ჭრილობას ზედ ერთი ფუთი მარილიც მიაყარა. ღმერთმანი, ნეტა ვისი ბრალია ყველაფერი? ნუთუ მიწაში ჩადებული მამის, რომელიც ცუდი კაცი იყო და სხვებს ამის თქმის საშუალებას აძლევდა? თუ ბოროტების საწყისის სიმამრის, რომელმაც თავისი შვილი კარგად ვერ აღზარდა და ადამიანების განსჯა ასწავლა? კაცმა არ იცის…

თომა იმედგაცრუებული და შერცხვენილი იწვა საწოლში, ჭერს უყურებდა. ღმერთმანი, ერთობ ჭკვიანი და გამჭრიახი ბავშვი იყო, მაგრამ მაინც გაბრაზდა და გაბრაზდა არა მამაზე, რომელმაც მამაზეციერის ამპარტავნული საწყისი მიმოაბნია მის სულში, არამედ გაბრაზდა თავის კლასელზე, რომელსაც ასევე უპასუხისმგებლო ღმერთის ნაშობმა მამამ (ამ შემთხვევაში თავისმა) ასწავლა, როგორ უნდა მოქცეოდა სუსტებს და პირველობისთვის ებრძოლა. არადა, კლასელისა და კაენის ცოდვა საპირწონე იყო… კაენს სახეში შეალეწეს თავისი მწვანილი და ვეგანობის გამო აბუჩად აიგდეს მისი გრძნობები, კლასელს კი თავისი მამის წინაშე უნდოდა ღირსეული შვილის სტატუსის მოპოვება. კაცმა რომ თქვას, როგორც კაენმა მოიშორა კონკურენტი, ისევე იშორებდა ეს კლასელიც სხვა, უკე შემდგარ ან პოტენციურად ღირსეულ შვილებს. ჰოდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით, თომამ მტკიცედ გადაწვყიტა თავისი კონკურენტები მოეშორებინა. რა პრიმიტულია, ღმერთო, მაგრამ რა გინდა მოსთხოვო 12 წლის ტუჩგახეთქილ ბავშვს, რომელსაც მამა ძალადობის გზაზე აყენებს? როცა შვილები ბოროტებას ჩადიან, ძირითადად მშობლებზე შურისძიების გამო აკეთებენ ამას. ისე, ვინმემ თუ იცით, სად წავიდა აბელი სიკვდილის მერე? სამოთხეში? რა მნიშვნელობა აქვს!
მოკლედ, ამ სულელმა ბავშვმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა საქმე ისე ექნა, რომ მამამისს ყოველი მისთვის ნათქვამი სიტყვა, ყოველი მოწოდება და ყოველი სუსტი აღმზრდელობითი ნაბიჯი ენანა. “ვისაც კი ოდესმე ხელი დაურტყია, ყველას დავხოცავო” – ოჰ, ეს გაბრაზებული ვეგანები და პაციფისტები, რომელთაც არ ეყოთ ძალა მამის კადნიერებას წინ აღსდგომოდნენ.

დილას საუზმისას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ნიშნისმომგები მზერით იფარგლებოდა და ერთი სული ჰქონდა, სკოლის მერე ის ღირსეული შვილობისთვის მებრძოლი კლასელი სადმე გაეტყუებინა და ხრამში ჩაეგდო ან რომელიმე შემაღლებული ადგილიდან გადმოეგდო…
მიწისკენ საოცარი სისწრაფით მიმავალ კლასელს, ხელები გაეშალა და ბედს შეგუებული მხოლოდ თავის მამაზე ბრაზობდა, და კაცმა რომ თქვას, მადლიერი თვალებით უყურებდა თომას, რომელიც გამარჯვებული და დოინჯშემორტყმული იდგა კლდის პირას. “ნეტა მოვკვდე” – ფიქრობდა მფრინავი კლასელი – “არა, მამაჩემი დებილია და ვერ მიხვდება, რომ მის ჯინაზე მოვკვდი. ნეტა გადავრჩე და ხეიბრად დავრჩე, რომ ყოველ დილას და საღამოს, როცა გარეთ გამასეირნებს, ჩაის დამისხამს ან ეტლში მჯდომს ფეხებზე პლედს მომაფარებს, გესლიანად შევახსენო, რომ მის გამო, მისი ჩემ წინაშე მარცხის გამო ვარ ამ დღეში.”
ღმერთო, რამდენი ბოღმა დევს შვილებში და რა სულელურად წირავენ თავს იმის გამო, რომ შენ, ჩვენი საერთო მამა და მამების იდეოლოგიის შემქმნელი საბოლოოდ მოგსპონ ყველა ადამიანში. არა, ჩვენში დარჩეს და ხომ ყველაფერი შენი ბრალია, ღმერთო? ისე გახრწენი კაცობრიობა და ისე ჩანერგე მათში მამათა და შვილთა ბრძოლა, რომ როცა თავში ხელი შემოირტყი და შენს შეცდომას, მათ დასანახად, ზვარაკად შენივე შვილი შეწირე და უთხარი: “აჰა! მამებო, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის ჩემს შვილს ვწირავ!” – აინუნშიაც არ ჩაგაგდეს და უფრო საშინლად დაიწყეს შვილების გარყვნა და მოწამვლა, და თანაც, ამას შენი შვილის სახელით აკეთებენ, ო, როგორ მინდა რომ დაგცინო.

გამარჯვებული და დოინჯშემორტყმული თომა, კლდის პირიდან მამის გაკვირვებულ და გაოცებულ თვალებს უყურებდა ნიშნის მოგებით. როგორი დარცხვენილი ივლის ქუჩაში, როგორც არ შემდგარი მამა, რომელმაც შვილს სიყვარული ვერ ასწავლა. აწი გაზეთებს აღარ წაიკითხავს საუზმეზე და არც სიგარეტს მიაყოლებს ყავას. როგორ გაიხსენებს ყველა გაქცეულ მომენტს, როცა შეეძლო შვილისთვის ხელი ჩაეკიდა და სწორი გზა ეჩვენებინა. არა, ღმერთმანი, ჩვენ კი ყველამ კარგად ვიცით, რომელია სწორი გზა, ღმერთო, შენ როგორც მამას, ისე მოგმართავ. შენ გგონია არ ვიცით საითი მიდის სწორი გზა? ტყუილად ნუ დაიმედდები, შენკენ – არა. მამავ, ითხოვე და მოგეცემა, თანაც ორმაგი. მაგრამ რომ არ გვაცლით? განა იმიტომ არ ვხოცავთ ერთმანეთს, რომ შენ დაგიმტკიცოთ სიყვარული?

კარაქიანი პური რო ჩაკბიჩა, მამას მიაშტერდა, ცალი თვალი მოჭუტა, “რისი მიღწევა უნდა ამ კაცს, ნეტა?”
არა, მართლა! მამაო ჩვენო, რას გვერჩი? რა გინდა ჩვენგან? არა, უეჭველი ვიცი, შენი შვილი შენ კი არ გაწირე, მოკალი. ჰო! მოკალი, შენ და შენმა თანამოაზრე მამებმა. შენ და მათ მიერ ნათეს სიძულვილს ზურგი შეაქცია და ბოლოს ჯვარს აცვით. იქნება იმასაც ეგრე აუხუშტურდა და სპეციალურად იჩალიჩა? შენთვის რომ დაემტკიცებინა, აი, შენი ფილოსოფია რა დღეში აგდებს ადამიანებს, სიყვარულს ვუქადაგებ და ესენი კიდე ჯვარს მაცვამენო. ჰო, ეგ არის! ნაღდად ეგ არის!
გაფართოებული თვალებით ჩაღეჭა კარაქიანი პურის ბოლო ლუკმა, ხელები და პირი გაიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა.
ე! შენ თუ გგონია შენ გამო ჯვარს ვეცმევი, ძალიანაც შემცდარხარ. შენ გგონია, ახლა წავალ სკოლაში, გამოვათრევ გარეთ იმ გასიებულს და ვცემ ან მოვკლავ, ან რამეს ჩავარტყამ თავში, რომ მერე მთელი დარჩენილი პერიოდი ვიდრე სკოლაში ვიქნები მაგასთან ჩხუბში გავატარო და მერე ამაში რომ გამოვიბრძმედები, მთელი ჩემი ცხოვრება პირველობისა და გამარჯვების გამო ვიღაცებს ვულეწო კბილები? და რისთვის, რომ შენ, ადამიანს, რომელსაც ფეხებზე გკიდივარ და მხოლოდ ვერახდენილი ოცნებების ნავსაყუდელი ვარ, რომელიც ასევე იმდენად უმნიშვნელოა შენთვის, რომ ისიც კი გეზარება, რომ ჩემს ცხოვრებას თუ არ მაცლი, შენი დანაკარგები გააცოცხლო ჩემში, ადამიანისთვის, რომლისთვისაც ოთახის ყვავილის მეტი არაფერი ვარ, რომელსაც იშვიათად უსხამ შხამს, წყლის ნაცვლად, პატივი დაგდო და შენ მძღნერიან თესლს ნაყოფი გამოვასხა? რომ მერე შენ და იმ გასიებულის მამამ ერთმანეთს ატოლოთ ვის უფრო ძლიერი შვილი ჰყავს? მარა იმდენად ფეხებზე გკიდივართ, შენც და იმასაც, რომ მაგასაც კი არ გააკეთებთ. ვეღარ გაძღა ეს თქვენი არშემდგარი ტვინების ამოყორვა. მოდი, მამაჩემო, რას გეტყვი იცი? შენი დედაც მოვტყან!
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…

Advertisements
  1. anarqistia@yahoo.com
    დეკემბერი 5, 2012, 3:17 AM

    kargi namushevari gaqvs.. kargi xeli gaqvs….

  2. იანვარი 28, 2013, 8:43 AM

    ვა, ეს როგორ გამომრჩა? მაგრად გაასწორა!

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: