მთავარი > საუბრები > ორიოდ სიტყვა მამაზე

ორიოდ სიტყვა მამაზე

რაც თავი მახსოვს, მამაჩემს სულ მოვალეები ჰყავს. ყველა ვალი რომ ერთად აიღოს ალბათ მილიონერები ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს მასაც აუსრულდება ოცნება და დაიწყებს რამე კორპორატიულ ბიზნესს. აგერ უკვე 51 წლისაა და დღემდე ოცნებაში ატარებს დროს. ნუ ოცნებაში რა, პირდაპირ მილიონის შოვნა უნდა. ჩალიჩობს შაქარს ბრაზილიიდან, ცემენტს ესპანეთიდან, გააქვს სპირტი, შემოაქვს ფქვილი, მორგან ჩეიზის აქტივების დათრევაზე ფიქრობს და მერე 250 მილიონიანი მორგიჯების და საბანკო კრედიტების ამოღებაზე იწყებს ოცნებას. ერთი ჩვევა აქვს, დაჯდება სამხზარეულოში, მოუკიდებს სიგარეტს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და თვალებს ჭერისა და კედლის შეერთების კუთხეს მიაბჯენს – ძირითადად თვალების დახრილობის კუთხრ 70 გრადუსია ხოლმე. ხშირად ვეუბნებით, რომ არ არის ბიზნესი მისი საქმე. ზედმეტად ალალია ამ საქმისთვის.
– აი შენ გაწეწავ ვინმეს?
– არა. რატომ უნდა გავწეწო?
– აი, მე ვწეწავ. პროდუქტის გაკეთება 400 ლარი მიჯდება და შემკვეთს 30 000-ს ვახდევინებ. შენ გააკეთებ მაგას?
– ვერა.
ჰოდა, რა გინდა ბიზნესში? შენ ვერც ვალს ამოიღებ. არ სჯერა.
არადა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ეგრეა.
გაწეწავს კი არა იქით ატანდა ფულს.
მე რომ ასე 3-4 წლის ვიყავი, თავისი ძმაკაცი დასდგომია, თავანი მაქვს 80 000 მანეთი და რამე მიშველეო. მამაჩემიც კაცურად მოიქცა და “ბენზინკალონკაზე” თავისი წილი გაყიდა 80 000 მანეთად, ჩანთით მოუტანა ფული ძმაკაცს და ჩააბარა.
3-4 თვის მერე სადღაც სუფრაზე გაჩითულან, მამაჩემის გათავნული ძმაკაცის ძმაკაცი წამომდგარა ფეხზე და ასეთი სადღეგრძელო უთქვამს: “მე ყველაზე მაგარი ძმაკაცი მყავსო. კაცი რომელმაც 80 000 ჩამიბარა თავანიო.”
კი წაუხდა მამაჩემს ნირი და ფერი, მარა გვიანღა იყო.
მეორე ძმაკაცითვის 25 მანეთიანების “პაჩკები” უჩუქნია ქორწილში.
ის მოსულა და ასე უთქვამს, ერთ-ერთ პაჩკას 2 ცალი 25 მანეთიანი აკლიაო.
ამოიღო და დაუმატა.
რა ქნას? ალალია, სხვანაირად არ შეუძლია.
90-იანებში ერთ პარტიაში იყო. დედაქალაქის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
მის უფროსს, ანუ თავმჯდომარეს, დიდი მაყუთი ქონდა. მის შვილს მობილური ეჭირა და ზედ ბეთჰოვენის Fur Elise-ს აწყობდა ხოლმე ღილაკების წკაპუნით.
მეც მომინდა. ჰოდა, მამაჩემს მოვთხოვე გახდი კორუმპირებული და შენც მოტეხე ფულები “ივენთების” ბიუჯეტიდან-მეთქი. რა ქნა იცით? მეორე დღეს სამსახურიდან წამოვიდა, “ბავშვი მიფუჭდებაო.”
რა ქნას? ალალია და სხვანაირად არ შეუძლია.
პირველი მოგონება, რომელიც მოვალესთან ურთიერთობაზე მომდის, მუხიანში ვითარდება. უკან ვზივარ მანქანაში, მამაჩემი და მისი ძმაკაცი წინ სხედან. მოვალესთან იყვნენ, იმან იწუწუნა, იტირა, ახალი დაპირებებით გამოუშვა და “ფულზე ჩალიჩს შეუდგა.” ჯემალი ერქვა მემგონი იმ კაცს.
ერთ დღეს ბიძაჩემი მოიწვია, ის ცოტა ისეთი ტიპია, დაუნდობელი.
კარის ჭუჭრუტანადან ვუყურებ პროცესს.
მოვალე ზის ჩვენს ბუხართან, სკამზე. წინ მამაჩემი და ბიძაჩემი უსხედან. საუბრობენ.
ბიძაჩემი დგება, სკამს ძლიერად ურტყავს ფეხს და მოვალე ძირს ეცემა. სახეში წიხლსაც აყოლებს. რაღაც მილიონიან საქმეზეა მამაჩემი გადაგდებული. ლაშა ერქვა იმ კაცს. მას შემდეგ არ მინახავს, ალბათ არც მამაჩემს.
მოკლედ, მამაჩემი არ არის ბიზნესმენი, არ არის მევახშე და არც ამომღები. მას არ შეუძლია ბინა აახიოს ვინმეს, ცემოს, ან თუნდაც სასამართლოში უჩივლოს.
მე, ისევე როგორც მამაჩემს, არ მესმის როგორ უნდა მოატანინო ადამიანს ფული თუ მას ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. არ აქვს და მორჩა. რატომ ისესხა? რაღაცის იმედი ქონდა და ისიც ისევე დააღალეტეს, როგორც მამაჩემი დააღალატა მან. სახლი გაყიდოს? მერე ბავშვები სად წაიყვანოს? სად იცხოვროს?

ერთ პატიოსან ფიზიკოსს ვიცნობდი. ვიღაც ხეპრესთან ერთად მოძრაობდა, ისიც და მისი ცოლიც. ჩვენს სოფელში ქონდათ სახლი. მაშინ პატარა ვიყავი და მონაჭორებით ბევი მესმოდა და ბევრიც მჯეროდა, და ბევრიც ალბათ სიმართლე იყო.
მრავალშვილიანი მამა იყო, ფული ესესხა ამ ხეპრეს. ვეღარ დაუბრუნა. არ გაუმართლა. ვალის დაბრუნების დრო რომ დადგა ეს ხეპრე ჯერ ბინაში ჩაუსახლდა, მერე სოფელშიც მოდიოდა ამასთან ერთად დასავენებლად და თავისი ოჯახიც მოჰყავდა.
მისი შვილი არ მევასებოდა, ამიტომ ერთხელ ძალიან მაგრად გავძუყნე.
მამა დამაყენა.
მოვიდა ხეპრე და 12 წლის ბავშვს საქმის გარჩევა დამიწყო.
მის ხეპრულ რეპლიკებზე გულიანად გამეცინა. ეწყინა. “თავს მოგაჭრი ბიჭოო! როგორ ბედავ ჩემზე გაცინებასო.”
მეწყინა.
გადავწყვიტე მამაჩემისთვის მეთქვა.
აი, ეგ კი კარგად გამოსდის მამაჩემს, ოჯახის დაცვა.
მთებს გადადგამს ჩვენი გულისთვის – ერთია ბიზნესი არ გამოსდის თორე, ისე იცოცხლე!
დედაჩემმა მთხოვა არ უთხრაო. გავა და იჩხუბებსო, სირცხვილია ხალხი რას იტყვისო, ან მერე იმან პოლიცია რომ მოიყვანოს რა ვქნათო.
არ ვუთხარი.
შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად არც “ხეპროვიჩი” მიცემია იმ დიალოგის მერე.
ერთ საღამოს ბიჭები ღელეში ვთევზაობდით გოდორით. ქალაქელი კი ვარ, მაგრამ ჯილეში ძრომიალი კარგად გამომდის.
ყვირილი მოგვესმა. საცოდავი და პატიოსანი ფიზიკოსის სახლში ხეპრე ყვიროდა.
ეზოდან ავიპარეთ და ფანჯარასთან ავიტუზეთ.
აგინებდა, ხანდახან ურტყამდა.
არადა რა უნდა ქნას ამ კაცმა? საიდან უნდა მოუტანოს ფული?
ამ ფიზიკოსის ცოლი ფეხმძიმედ იყო. სოფელში ამობდნენ ხეპრემ ვალში გამოართვა ცოლიო. ისე, იმ ქალს სახეზე უბედურება და შეწუხება არასოდეს ეწერა, მისი ქმრისგან განსხვავებით. მოსწონდა ალბათ.

გუშინ “ჯაყოს ხიზნები” წავიკითხე და უცებ ეს ისტორია ამომიტივტივდა თავში.
და მიხარია, რო მამაჩემი არც ხეპრეა და არც ჯაყო.
მერე რა რომ მილიონერი არ არის, სამაგიეროდ მშვიდად სძინავს და ცოდვა არ ადევს.

Advertisements
  1. აგვისტო 18, 2011, 5:45 PM

    კარგი მამა გყავს :))

    და პოსტიც კარგია. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე :)

    ლაიქ :)

  2. აგვისტო 19, 2011, 4:02 PM

    კარგი რამეა!

  3. აგვისტო 22, 2011, 9:19 PM

    gaaswora

  4. აგვისტო 23, 2011, 2:56 PM

    არაფერი,არ იყო ჩემთვის უცხო…მეც შენნაირი მამა მყავდა…კაცი მთელი ცხოვრება მთავარ ბუღალტრად მუშაობდა და ხელფასი 65 მანეთი ჰქონდა,კიდევ კარგი,რომ დედას უკეთესი ხელფასი ჰქონდა…ჩვენ დღესაც ვამაყოფთ ჩვენი პატიოსანი მშობლებით,მაგრამ რას ფიქრობს ჩვენი ბიჭი მშობლებზე?-

  5. აგვისტო 26, 2011, 11:25 PM

    საინტერესოა, მაგრამ ჩაკ პალანიკი რა შუაშია?

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: