აგვისტო

ნიუ-იორკული აგვისტო საშინელებაა, ალბათ ისეთივე, როგორიც სხვა დანარჩენული აგვისტოებიც. საშინელი სიცხეა, გვალვა, ნესტიანი ჰაერი – ისეთი არა, როგორიც ურეკში, მაგრამ შეგიძლია ივარაუდო, რომ ტუბერკულიოზიანიები სწორედ ასე სუნთქვენ.
აივანზე ვისხედით, მე, ბიძაჩემი და მისი მეგობარი. მოცხარის წვენის და არყის კოქტეილს ვსმვამდით და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით. ზვიადიზე საუბარით დავიწყეთ და ბოლო საქართველოს ნატოში შესვლამდეც მივედით. ბიძაჩემის მეგობარი ბრაზობდა, ჯერ იმაზე მეჩხუბა მხედრიონმა რომ სამეგრელო დააწიოკა და არ სჯეროდა, რომ მეც იგივე აზრზე ვიყავი და არც მე მევასებოდა მხედრიონი და შევარდნაძე. მერე საქართველოს მომავალზე და გეოპოლიტიკაზე დამიწყო ჩხუბი.
– რატომაა კარგი? რა გვინდა ავღანეთში ან ერაყში და საერთოდ რატომ ვაძლევთ ამათ ტრაკს?
ამ პატრიოტული პათეთიკის მოსმენისას სახეზე ცინიკური ღიმილი მქონდა მიკრული, აი, ანგლოფონები რომ smirk-ს იტყვიან და ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ის რასაც ვფიქრობდი. რომ ჩვენნაირ ერებს და ქვეყნებს, თუ გადარჩენა უნდათ ტრაკიც უნდა მისცენ და პირშიც აიღონ, თუ არა და სომალის დაემსგავსონ. რომ ყველთვის ასე იყო, ვინც ტრაკს არ იძლეოდა და პირში არ იღებდა, ისინი ვერ განვითარდნენ, განადგურდნენ და ახლა მათი ენის, კულტურის და სულიერების გადასარჩენად ორი ანთროპოლოგი, ლინგვისტი და ისტორიკოსი იბრძვის ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჩვენნაირი ერების და ქვეყნების ერთად ერთი საფიქალი და ამოცანა ისაა, რომ ზუსტად და კარგად შეარჩიონ პატრონი. რომ უკვე წავიდა ის დრო, და პრინციპში არც არასოდეს ყოფილა, როცა ვინმე თავისუფლებისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას აფასებდა.
ჩუმად ვარ, იმიტომ რომ ვიცი, ვერაფერს გავხდები არყით შემთვრალ პატრიოტთან, რომელსაც თავისუფლება უნდა, სამშობლო უყვარს, ისარიც უსროლია და მკვდარსაც კი გააცინებს თუ საჭირო გახდა, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრობს და ტაქსისტად მუშაობს. ხანდახან თბილისში აგზავნის ერთ-ორ მანქანას, რო გაასაღოს და “ორიოდ ცენტი დარჩეს.” ვიცი, რომ ვერასდროს გაიგებს რატომ არ მიყვარს საქართველო, რატომ მირჩევნია აქ ყოფნა და მხოლოდ იმაზე ფიქრი რატომ არ დამპატიჟა ჩემმა ინდოელმა მეგობარმა თავის დაბადების დღის აღსანიშნავ ფართიზე. ან რატომ მინდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი აქ ჩამოვიდეს, ჩემი ძმაკაცები აქ იყვნენ, ერთად ვიბოდიალოთ მანჰეტენზე, იამაიკური პლანი ვქაჩოთ, “კიშკა” გახსნილზე “საბვეიში” ან KFC-ში შევიდეთ, გამოვძღეთ და ყლეზე გვეკიდოს, რომ საქართველო “სხვებს დავუტოვეთ.” არ აქვს აზრი ეკამათო ადამიანს, რომელსაც 37 მანეთი და 5 კაპიკიანი “სპიჩკა” მეგობრობა ჰგონია და ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობა – მიცემა.
– რა ხდება ვაბშე იქით?
– რა ვიცი, დაძაბულობა რაღაც. იმ დედამოტყნულმა კოკოითმა დღეს ევაკუაცია გამოაცხადა, ომი იწყება და ხალხი გამყავსო.
– მერე ჩვენები?
– რავი ჩვენები ამბობენ გიჟია ეგ კაცი, რაღაცამ მოუარა თავშიო.
– ისე არ მოუვლიდა არაფერი.
– რასღაც სროლები იყო, ქართული სოფლები დაბომბეს და ჩვენებსაც უპასუხიათ სროლით. ჰოდა, ეტყობა კიდე რაღაც პროვოკაციას ამზადებენ. – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყლეზე მეკიდა, მაინც ყოვედღე ვეცნობოდი იქაურ ამბებს, ვუყურებდი საინფორმაციოებს, ვიჯექი ფორუმებსა და სოციაულურ ქსელებში – ვიღებდი და ვისრუტავდი ინფორმაციას. დედაჩემსაც ველაპარაკებოდი სკაიპით, ის იქაურ ამბებს მიყვებოდა – მე იმაზე ვებაზრებოდი, როგორი ბედნიერი ვარ აქ.
– არ დამთავდება ეს ამბავი კარგად.
– ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო 20 წელია მასეთი სროლები მიდის სულ და ჯერ არაფერი მომხდარა.

***

ზუსტად არ მახსოვს, რა და როგორ დაიწყო, პირველი მოგონება რაც თავში მიტივტივდება, თბილისის ფორუმზე წაკითხული მესიჯია, ჩემი უფროსი მეგობარი მწერდა: “ცხინვალამდე მისულან უკვე, ბიჭები მანქანაში ჩაეყარენ და წავიდნენ გორში, ჯარს უნდა შევყვეთ ცხინვალში და იმათთან ერთად ვიზეიმოთო.”
მაგრად გამიხარდა. ადგილზე ვეღარ გავჩერდი, ზედა სართულზე, მისაღებ ოთახში ავვარდი და ბიძაჩემს და დეიდაჩემს ვახარე ჩვენების წინ წაწევა. იმათ რეაქციას აღარ დაველოდე, ეგრევე ჩამოვვარდი ისევ კომპიუტერთან და ფორუმს მივაჯქი. იმ ღამეს ხუმრობა ხუმრობაში და კოკოითსითვის სხვადასხვა სასჯელების მოფიქრებაში გავატარეთ. ყვერებით დაკიდება, ვირზე შესმა და თბილისში თრევა, ორთაჭალის ციხეში 28-ე კამერაში შეგდება და ა.შ.
იმ ღამეს ყველაზე ტკბილად და უდარდელად მეძინა. მესიზმრებოდა ცხინვალში აფრიალებული ქართული დროშა, მიშას გამოსვლა ოსურ ენაზე და ხალხის ცრემლიანი სახეებით ყიჟინა, ლელა წურწუმიას “სულელი წვიმა,” რომელიც ისე მიყვარდა რომ საქართველოს ჰიმნად ვაღიარე.
მეორე დილას ცხოვრებაში ყველაზე ენერგიულად გავიღვიძე, ნებივრობის გარეშე წამოვფრინდი ლოგინიდან და პირდაუბანელად ჩავეხეთქე კომპიუტერის ოთახში და მაშინვე ფორუმს მივასკდი.

***

9-ში საღამოს, მე და ბიძაჩემი გრანდ ცენტრალზე მივქროდით მაქნანით, ქუინსიდან მანჰეტენისკენ. გაეროს შტაბ-ბინის წინ ქართველები იყვნენ შეკრებილები. რუსებს უკვე დავებომბეთ, მაგრამ მაინც ისეთი ცნობები მოდიოდა თბილისიდან, რომ ოპტიმიზმის საშუალება იყო. ჯავასთან არიანო, მალე როკის გვირაბს აწევენ და მერე მოგვჭამოს პუტინმაო. გაეროს შენობასთან რამდენიმე ასეული ქართველი იყო შეკრებილი, რაღაც სასტავი პლაკატებით ხელში იდგა და “ჩემი კარგო ქვეყანას” მღეროდა. ეს მიტინგ-ფოლკი დიდად არ მევასება, მაგრამ მაშინ მაგრად გამისწორდა. სანამ მეგობებს ვეძებდი, ვიღაც გათხლეშილი ახალგაზრდის სიტყვით გამოსვლა მესმოდა, “რა გვინდა აბა ამ მასონებთან? ისინი მართლმადიდებლები არიან და ერთად უნდა ვიყოთ!” მაგიჟებენ რუსეთუმე მართლმადიდებელ-ანტიმასონები, რომლებიც ბრუკლინში ცხოვრობენ, ლონგაილენდზე მუშაობენ, მაჰეტენზე სეირნობენ, ქუინსში ლოცულობენ, ბრონქსში წამალს იღებენ, რუსული არ იციან და საქართველოში ბოლო 5 წელია არ ყოფილან, ქართველობაზე თავს დებენ – მაგრამ სახლში რო შემოუშვებ ხელებში უნდა უყურო რამე არ აგწაპნონ – მაგრად მევასებიან.

ჩემი მეგობარი კიბეებზე დგას და ვიღაც მაგარ ნაშას ებაზრება, სავარაუდოდ პოლონელს. ყველანი კარგ ხასიათზე ვართ, გახარებულები, აღტყინებულები. ვაგინებთ რუსებს და გვიხარია, რომ ქართველმა ხაკერებმა 160 რუსული საიტი დახაკეს. რუსები ბანძები არიან, იმათ 5 სატი დაგვიხაკეს, პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროების – ჩვენებმა 160 გვერდი გააბახეს, საპარიკმახეორების, მაღაზიების და სოლარიუმების. რა შუაშია ცინიზმი? მართლა გვისწორდებოდა! ამ პოლონელ ნაშას თავს ვაწონებთ, ვუყვებით, როგორ ვსხედვართ 24 საათი CNN-ის iReporter-ზე და როგორ ვაჩმორებთ რუსების პროპაგანდას, როგორ გადის ჩვენი ვიდეოები და ინფორმაციები CNN-ის ეთერში. ნაშაც იცინის, გაუგია ალბათ ბებიამისიგან, როგორი კაცები იყვნენ ქართველები, ოსტანკინოზე რო ქეიფოდბნენ და სხვა ასეთი ყლეობები. საცაა მოგვცემს, ან მე ან იმას. ჩვენც მეტი რა გვინდა, დაბრუნებული ტერიტორიები და სექსი ქერა პოლონელ ნაშასთან.
– თბილისი დაბომბეს!
მთელი აქცია გაისუსა! აღარც სიმღერა ისმის, აღარც რუსეთუმე მართლმადიდებელ-ანტიმასონის ხმა, მხოლოდ პოლონელი ნაშის ღიმილი მხვდება თვალში, რომელსაც ეს ფრაზა არავინ გადაუთარგმნა, მაგრამ 3-4 წამის მერე ხვდება, რომ რაღაც საშინელება მოხდა და შეშფოთებული მიყურებს. “Simultaneously” მთელი მიტინგი მობილურს იღებს და თბილისში მასობრივი რეკვა იწყება.
– 31-ე ქარხანა დაუბომბიათ. ქალაქში სიწყნარეა, მსხვერპლი არაა. მარა თბილისში თუ ჩამოაგდეს ეგ ერთ რამეს ნიშნავს მხოლოდ.
– რას?
– დაგვენძრა!

***

ლურჯი დღე იყო, აი, ფილმებში ფერების კორექცია ლურჯზე რომ არის გაკეთებული, ღია ლურჯი დომინირებს და აქა-იქ გაიელვებს მრკთალი, ჭაობისფერი, მწვანე. ავტობუსში ვიჯექი.
– ბიჭო! სად ხარ? – მირეკავს მეგობარი.
– ავტობუსში ვზივარ.
– მისმინე, რა უნდა გითხრა. ახლა რაც ხდება იქ რა, იმ პონტში თავშესაფარს ვერ გავიჩალიჩებთ? გრინკარტის ამბავში.
– არ ვიცი.
– არადა მაგარი შანსია რა. კაი, გავარკვევ რამეს და დაგირეკავ.
– ბიჭო – მირეკავს მეორე, ჩახრინწული, შეშინებული, მკვდარი და განწირული ხმით.
– ჰო.
– დიღომში არიან უკვე.
– ვინ?
– რუსები. თბილისში ვერ ვრეკავ. ვერ გავარკვიე ნორმალურად. ახლა დამირეკეს და მითხრეს.

თბილისში მინდა, ავტომატი მინდა და მინდა რომ ვიბრძოლო. მგონია, რომ ჩემს გარდა ვერავინ დაიცავს ჩემს მშობლებს და ძმებს. მე მინდა, რომ ჩემი მშობლები და ძმები გაიქცნენ და მე მოვკვდე, ოღონდ მათ იცოცხლონ.

მეტროში ვიღაც აფრო-ამერიკელი ქრისტიანი შემოვიდა. ხელში “ფრინგლსის” ჩიფსების ყუთი ეჭირა და შიგნით ჩაყრილ ხურდებს აჩხარუნებდა.
“დამეხმარეთ და უფალი შეგეწევათ, მე ვილოცებ თქვენი სურვილების ასრულებისთვის.” და სახესთან ამიჩხრიალა. იმ წუთას ვიწამე, რომ თუ ფულს მივცემდი მისი ლოცვა მართლაც ახდებოდა და ყველანი გადარჩებოდნენ. საფულეში 15 დოლარი მედო, მთლიანად ჩავუკუჭე ჩიფსების კოლოფში. თან ისე, რომ არავის და არც მას დაუნახავს რამდენი მივეცი, სიკეთე ხომ ფარულად უნდა აკეთო?!

***
ერთი რუსი ჯგუფელი მყავს, გოგოა, სულ ვკამათობთ ხოლმე. დებილია! რატომღაც ჰგონია, რომ ქართველები რუსები ვართ. არადა განათლებული ტიპია, ეტყობა ისედაც “ცნობილ” რამეებს აღარ უღრმავდება და თვლის, რომ ქართველებს ენა არ გვაქვს და რუსებმა გვიხსნეს მონოღოლებისგან.
იმ ლურჯ დილას, გამარჯობაც არ მითხრა. არადა ეგ რა შუაშია? ისე ვიყავი დამწუხრებული, მისთვის არც შემიბღვერია, მაგრამ მისმა იგნორმა ნერვები მომიშალა და კარგა გვარიანად შევაგინე, ვიცოდი რომ მიხვდა. რუსები სიტყვა “დედას” რო იგებენ, ეგრევე ხვდებიან რა უთხრეს.
ჯგუფში მობილურის გამორთვას გვთხოვენ ხოლმე, მაგრამ იმ დღეს მე ნება დამრთეს. ჩვენი ლექტორი იტალიელი ქალია, აუდიტორიიდან გამიყვანა და გადამეხვია. მერე ხელი ჩამკიდა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თუ გარეთ გამოსვლა და ახალი ინფორმაციის მიღება დამჭირდება გაუფრთხილებლად შემიძლია გამოვიდე.
ყველა გვერდში მიდგას, მეხუტება, მეფერება, ათას იდიოტობაზე მესაუბრებიან, მართობენ. მარტო ის რუსი ყლექალა გამირბის.

***
– დე, უნდა ჩამოვიდე.
– სად უნდა ჩამოხვიდე, ხომ არ გაგიჟდი. ახლა კიდე მაგაზე მანერვიულე, ვითომ სხვა საფიქრალი არ მაქვს.
– აბა აქ რა გავაკეთო.
– და აქ რას გამიკეთებ? არაფერი ხდება, დამთავრდა უკვე თითქმის ყველაფერი, ევროპელი პრეზიდენტები და პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, სარკოზიც ჩვენს მხარეზეა. აღარ დამელაპრაკო მაგ თემაზე, გთხოვ, ნუ მანერვიულებ.
– წადით მაშინ.
– სად?
– სოფელში.
– და სოფელში რა გავაკეთოთ?
– არ ვიცი, გადარჩით.
ვზივარ და ვუსმენ მის ყალბ ოპტიმიზმს, რომელშიც აშკარად იგრძნობა შიში. მაწყნარებს, მაგრამ თვითონაც არ სჯერა ამ ყველაფრის. მოკლედ ვპასუხობ, არ მინდა რომ უცებ ტირილი წამსკდეს; ისედაც ძლივს ვიკავებ თავს.

***

2 კვირა ისე გავიდა ნორმალურად არ მძინებია. ტელეფონზე, სკაიპზე, კურიერზე და ქრონიკაზე ვიყავი ჩამოკიდებული. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარს საქართველო. რომ ცნება სამშობლო მთა და ბარი და ასფალტის ყალბი პატრიოტიზმით კოცნა არ არის. რომ მშობლები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები და თუნცად უცნობები ქმნიან იმას, რის სადღეგრძელოსაც 8, 9, 10 აგვისტოს და მთელი ომის პერიოდში “37 მანეთიანები” რესტორნებში სვამდნენ.

Advertisements
  1. აგვისტო 10, 2011, 9:45 PM

    როგორც იქნა წავიკითხე ეს ჩანახატის/მოთხრობის/მოგონების თუ რა ვიცი რა დავარქვა, მოკლედ ძალიან მაგარია ! <3

  2. აგვისტო 10, 2011, 10:14 PM

    magaria! finali gansakutrebit!

  3. აგვისტო 16, 2011, 2:47 PM

    wow!!!

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: