იკ

19-ის იყო თუ 20-ის ზუსტად არ მახსოვს. მის საფლავზე ორმოცის მერე არ ავსულვარ, მაშინ ქვა ჯერ კიდევ არ იყო მზად და თარიღიც ვერ წავიკითხე.

ჩემს თაობაში სენტიმენტები არაპოპულარულია, ან იქნებ სულაც არ არის ასე და თავს ვიმართლებ?
ვიწექი როცა კარის ხმა გავიგე. ჩემი უბნელი იყო. არ ვიცი რატომ არჩია ცუდი ამბის მაუწყებელი თვითონ ყოფილიყო; დრო რომ გავიდა მერე მივხვდი, უბანში დადგომა და თავის მოკლულ ძმაკაცებზე დამწუხრებული და ფარისევლური ლაპარაკი დასჩემდა.

ოთახში არავინ იყო, მაგრამ მაინც ავიფარე საბანი თვალებზე და ისე ვიტირე, ჩუმად.

ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. გუშინ პალატაში გადაიყვანეს, ბიჭებიც მშვიდად იყვნენ, მე შურიძიების პირობით და მტრის გინებით დავტოვე იქაურობა – სხვა რა შემეძლო…

საღამომდე უბანში ვიწრიალე. საავადყოფოში ავედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. მერე ცნობა მოვიდა პროზექტურაში ჰყავთ გადაყვანილიო. მანქანით ავედი. შემომეგებნენ, იცოდნენ რომ ახალ ამბავს მივიტანდი. მივიტანე – სავარაუდო სამალავის შესახებ უკვე გაგებული მქონდა, იქიდან დაახლოებით 30 კილომეტრის რადიუსში იქნებოდა დამალული, ტყეში.

ფილტვი ჰქონია გახეული და რაღაც ნაწლავი. ორჯერ დაურტყამს. ფილტვი ვერ ნახეს. ამბობდა სუნთქვა მიჭირსო, მაგრამ ექიმი ამშვიდებდა ჭრილობის ბრალიაო. სისხლი რომ გადაუსხეს გული გაუსკდა.

”ვიცით ვინც არის და სად იქნება! ყველაფერს მიეხედება” – ასე ჩავუჩურჩულე ყველაზე ცუდი ნუგეში მსოფლიო ისტორიაში მის ახლო ნათესავს. წლების მერე ”ფსიქოლოგიის შესავალში” ამოვიკითხავ პოსტ-ტრავმატული სინდრომის შესახებ და ამ ნუგეშს ამ სინდრომს მივაწერ – საკუთარი თავის სანუგეშოდ.

”სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან” – ვინ იცის რამდენჯერ გამიგონია ეს ფრაზა; ძირითადად წარსულ ფორმაში ”სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ,” ასე იციან ახალგაზრდების დასაფლავებიდან და პანაშვიდებიდან დაბრუნებულმა ”უფროსებმა.” ძალიან მინდოდა ტირილი, მაგრამ ვერ ვიტირე. მერე იქვე ვიღაცის საფლავის ღობეზე ჩამოვჯდექი და ნაძალადევად, ვალის მოხდის მიზნით ორი ცალი ცრემლი გადმოვაგდე. ბიჭებსაც მკაცრად ეჭირათ სახეები, ძლიერად იდგნენ. მხოლოდ ერთმა გაბედა, ჩაიკეცა, სახეზე ხელები აიფარა და გულამსკვნილმა იტირა.

19 წლის იყო. ”19 წლის ბიჭის ქელეხი…” ასე ჩავილაპარაკე და წამოვედი.

Advertisements
კატეგორიები:ვცდილობ, Front ტეგები:,
  1. აგვისტო 22, 2010, 7:21 PM

    არადა ეს ადრე თითქოს წაკითხული მაქვს.
    მგონი შენს ბლოგში.

    • juzeppe
      სექტემბერი 5, 2010, 1:38 AM

      ჰო, აქ მედო ადრე და მერე წავშალე :) ახლა ისევ დავდე :)

  2. secret..
    ნოემბერი 14, 2010, 9:55 PM

    damburdzgla :(

  3. იანვარი 3, 2011, 5:34 PM

    გული მეტკინა … ((

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: